fbpx

რა ვისწავლეთ და როგორ გამოვიყენებთ პანდემიაში მიღებულ ცოდნას


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: ბენეფიტსი


კოვიდ-პანდემიამ და სახლში გატარებულმა რამდენიმე თვემ თითოეულ ადამიანს დიდი გამოცდილება და ცოდნა მოგვცა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველანი ერთსა და იმავე სიტუაციაში ვართ, ჩვენი დაკვირვებები და დასკვნები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა საერთო ზღვრის გავლება მაინც შესაძლებელია.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს სახლში გატარებული თვეები და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სამომავლოდ.

თანამედროვე ადამიანისთვის რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ოდესმე ისეთი დღე დადგებოდა, როცა გარეთ გასვლა საჩუქარი იქნებოდა, ხოლო სახლში დარჩენა კი სავალდებულო და შესაქები საქმე. ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდა ფსიქოლოგიურ-მენტალური წინააღმდეგობები საკუთარ თავთან. ზოგიერთებს ძილის რეჟიმი დაერღვათ, ზოგიერთებს სწორი კვებისა და ვარჯიშის რუტინა, ზოგს კი შემოსავალი შეუმცირდა და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პირველი, რაც პანდემიაში ძალიან კარგად ვისწავლეთ, ადამიანური ურთიერთობების ფასია. აქამდე ვფიქრობდით, რომ სოციალური ქსელებით კავშირი საკმარისი იყო, მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობდით, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. სინამდვილეში, ცოცხალ ურთიერთობებს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რადგან ადამიანი ბუნებით კომუნიკაბელური არსებაა და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვებთან ინტერაქცია. ეს ცოდნა მომავალში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სოციალური ურთიერთობების გაფართოებისთვის, მეგობრებთან უფრო მეტი დროის გასატარებლად და სეროტონინის საკმარისი დოზის მისაღებად.

მეორე, რაც ლოქდაუნმა გვასწავლა, კონცენტრირების აუცილებლობაა. პანდემიის გამო ადამიანების უმეტესობას სახლიდან უწევს მუშაობა, რაც სრულიად ახალი მოვლენაა უმრავლესობისთვის. რამდენად კომფორტულადაც არ უნდა ჟღერდეს დივანზე მოკალათება და საქმეების კეთება, სინამდვილეში ეს ძალიან რთულია და განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. თასქებზე კონცენტრირება მაშინ, როდესაც ირგვლივ უამრავი საცდურია, ბევრისთვის რთული აღმოჩნდა. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთებიც ვინც აღმოაჩინა, რომ ოფისში გატარებული დრო ფუჭია და თავისუფლად შეიძლება გამოიმუშავო უნარი, რომელიც დისტანციურად საქმეების კეთების საშუალებას მოგცემს. სწორედ ამის გამო, ადამიანებმა ახალი პროფესიების ათვისება დაიწყეს.

მესამე, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ, არის ის, რომ ადამიანს ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს ყოველდღიური ცხოვრების მიღმა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ახალი პროფესიების ათვისება, სწავლის გაგრძელება, რთულ საქმეებთან შეჭიდება დაგვიანებული იყო, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. უამრავმა ადამიანმა დაიწყო ციფრული პროფესიების ათვისება, მებაღეობისა და ყვავილების მოვლის შესწავლა, კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება, ხატვა, წერა, წიგნების კითხვა და სხვა. ეს მათთვის სტრესის მოხსნის საშუალებად იქცა და შესაბამისად, მთელი ცხოვრება ეცოდინებათ, რომ ახალი მიზნების დასახვა და მიღწევა სრულიად შესაძლებელია.

მეოთხე, და ყველაზე მთავარი, რაც პანდემიის დროს ვისწავლეთ, საჭიროებების გადაფასება და დანაზოგის კეთების მნიშვნელობაა. აქამდე არ ვფიქრობდით, რომ ერთ დღესაც შეიძლება ყველაფერი აქამდე მისულიყო, თუმცა ცხოვრება რას გვიმზადებს არავინ იცის. სწორედ ამიტომ, თანხის დაგროვება, თუნდაც მცირე ოდენობით, ძალიან საჭირო უნარი აღმოჩნდა. ამის მერე გვეცოდინება, რომ არასაჭირო ნივთებზე ფულის ხარჯვას, სჯობს გავხსნათ ანაბარი და დავაგროვოთ. ეს ცოდნა სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება, რადგან უკვე პრაქტიკაში გამოვცადეთ აუცილებლობა და ლეგენდარული გამოთქმა “რა იცი, რაში დაგჭირდება” ყველას ცოცხლად აგვიხდა.

მეხუთე კი ისაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვა და მოფრთხილება ვისწავლეთ. მაშინ, როდესაც კაცობრიობა ერთ მხარეს დგას, ყველანი უფრო ძლიერები ვხდებით. სწორედ ამიტომ, ეს გამოცდილება ძალიან უნდა გამოგვადგეს მომავალში, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირებები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ამისათვის კი დაფიქრდებაა საჭირო, რათა გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ სხვებიც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.