fbpx

EcoFashion ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოში


გააზიარე სტატია

ავტორი: დავით აფაქიძე

 

მოდის ინდუსტრიას ეკოლოგიის დაბინძურებაში უკვე წლებია მეორე ადგილი უჭირავს. ONEGREENPLANET-ის 2015 წლის მონაცემებით, ადამიანები 400%-ით მეტ ტანსაცმელს იყენებენ, ვიდრე ოცი წლის წინ, ეს მონაცემები დღითი დღე უარესდება. Fast fashion-ის განვითარების გამო ტანსაცმელი ერთჯერადი გახდა. განვითარებულ ქვეყნებში ერთი ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 30 კილოგრამ ტანსაცმელს ყრის. შეერთებულ შტატებში წლის განმავლობაში ნაგვად ქცეული ტანსაცმლის რაოდენობა 10,5 ტონას აღწევს, აქედან მხოლოდ 15% გადამუშავდება ან გაიცემა – დანარჩენი ნაგავში მიდის.  

სინთეტიკურ ქსოვილებს გახრწნისათვის საშუალოდ 200 წელი სჭირდება. ეს ქსოვილები კი ჩვენი სამოსის 72%-ში გვხვდება.  მათი წარმოებისათვის წელიწადში 70 მილიონი ბარელი (1 ბარელი – 158,988 ლიტრი) ნავთობი არის საჭირო. 1.5 ტრილიონი ლიტრი წყალი იხარჯება ტანსაცმლის წარმოებაში, მაშინ როდესაც 750 მილიონ ადამიანს სასმელი წყალი  არ აქვს. მსოფლიოში წარმოებული ქიმიკატების 23% მოდის ინდუსტრიაში გამოიყენება. ამ ციფრების სია უსაზღვროდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მოკლე მონაცემებითაც კარგად ჩანს, რამდენად  აზიანებს სწრაფი მოდის ინდუსტრია ჩვენს გარემოს  და დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მოდის ინდუსტრიის „ერთჯერადობამ“. 

2050 წლისთვის ოკეანეში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება – გვაფრთხილებს Stella McCartney –ის ოფიციალური გვერდი. Gucci  უარს ამბობს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე, რადგან ბეწვის გამოყენებას არაეთიკურად მიიჩნევს. კომპანია McKinsey-ის პროგნოზებით, მომხმარებელი მალე ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესდება, ტანსაცმლის ბრენდებისგან წარმოებისადმი ეთიკურ მიდგომას და არსებული რესურსების გამოყენებას მოითხოვს.

ბოლო წლებში მსოფლიო მოდის ბაზარზე რამდენიმე აფსაიქლინგ ბრენდი გამოჩნდა, რომელთა მთავარი ამოცანა ეკომეგობრული სამოსის წარმოებაა.  (upcycling –  მზა მატერიალის განმეორებითი გამოყენება მისი გადამუშავების მცდელობის გარეშე. ძველი, მორჩენილი ტანსაცმლისთვის ან ქსოვილისთვის ახალი კონცეფციის მიცემა, მისი გაცოცხლება). 

მათ შორისაა ფუტურისტული ესთეტიკით გამორჩეული Marine Serre. ის ხშირად სამოსის ფოტოებთან ერთად ამ სამოსის შექმნის პროცესის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს. ვიდეოებში ჩანს, როგორ გარდაიქმნება მასობრივი  მოდის ნარჩენები მაღალი მოდის საგნებად. 

OTTOLINGER ასევე აფსაიქლინგს მიმართავს. აფსაიქლინგი ამ შემთხვევაში ბრენდის ესთეტიკაზეც მოქმედებს და სამოსი კოლაჟურობის ეფექტს იძენს. Maison Martin Margiela შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ახალი კონცეპტით შეხვდა. “Reclica”-თი ჯონ გალიანომ „recycle” და “replica” გააერთიანა და აფსაიქლინგი ახალ ეტაპზე აიყვანა. გალიანო და მისი გუნდი ვინტაჟურ მაღაზიებში საგულდაგულოდ ირჩევენ სამოსს და მისგან ახალი, მაღალი მოდისათვის შესაფერის ნივთებს ქმნიან. 

მსოფლიო მოდის დაინტერესება ეკოლოგიური საკითხებით უკვე ნათლად ჩანს, მაგრამ როგორ ეხმიანება ქართული მოდა ამ საჭირო ტენდენციას?

საქართველოში ეს ტენდენცია მხოლოდ ახლა იძენს აქტუალობას, მაგრამ მაინც არსებობს როგორ ცნობილი,  ისე ახალი  ბრენდები, რომლებიც ეკოლოგიური პრობლემებისადმი  ინტერსდებიან  და ეკოლოგიურად მეგობრულ სამოსს ქმნიან. 

 

 

MATERIEL 

ბრენდი Materiel, რომელიც დიდი ხანია ქართული მოდის ბაზარზე არსებობს, თავის კოლექციებში ძირითადად ეკომეგობრულ ქსოვილებს იყენებს. ქსოვილების უმრავლესობა მთლიანად გადამუშავებადია. შალი, რომელსაც Materiel იყენებს, ეხმიანება როგორც ეთიკურ, ისე ეკომოდას, რადგან 100%-ით გადამუშავებული ქსოვილებისაგანაა მიღებული და resposable wool certificate აქვს (მიანიშნებს იმაზე, რომ ტექსტილის წარმობას ცხოველი არ  შეეწირა). ასევე იყენებს კუპროს, ქსოვილს, რომელიც ვეგანური და  მთლიანად გადამუშავებულია. 

 

INGOROKVA

2020 შემოდგომა/ზამთრის თებერვალში Ingorokva-მ, Colors of Caucasus-თან თანამშრომლობით, ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით დამზადებული ტანსაცმელი შექმნა, რომელიც ქართული ტრადიციული შეღებვის მეთოდოლოგიას აცოცხლებს.

 

 

GOD ERA 

ახალგაზრდა დიზაინერი ნინი გოდერიძე ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავის შექმნას აანონსებს, რომელსაც თავის კოლექციებში  გამოიყენებს  და ეს ქართულ ბაზარზე პირველი  ასეთი ტიპის მასალა იქნება. ამასთან ერთად ის აქსესუარების წარმოების დროს აფსაიქლინგს მიმართავს, რაც ამ ნივთების ესთეტიკაშიც ვლინდება. ბიოდეგრადირებადი ტყავი მზადდება ბიოლოგიური მასალისგან, რაც მას ტყავის შემცვლელისგან მიჯნავს, რომელიც ხშირად სინთეტიკურია და არ გადამუშავდება. ვეგანური ტყავის შექმნისთვის ცხოველური რესურსი არ გამოიყენება. 

 

T1000A

ექსპერიმენტული ბრენდი T100A-ც აფსაიქლინგს მიმართავს. ბრენდის კონცეფცია ძველი სამოსის დეკონსტრუირებაში მაქსიმალურ თავისუფლებას ეფუძნება. ბრენდის მთავარი გამოწვევა არსებული ჩარჩოების დანგრევაა.

 

PlASTICWATCHER

ახალი წამოწყება, რომელიც პოლიეთილენის ნარჩენებისგან სხვადასხვა აქსესუარებს და სამოსს აწარმოებს. ბრენდის მთავარი კონცეპტი გამოყენებული მასალისათვის ახალი სიცოცხლის მიცემა და გაუხრწნადი ნარჩენების მინიმუმადე დაყვანაა, რაც zero waist-ს ეხმიანება. Plasticwatcher-ის საიტზე შესაძლებელია იმის ნახვა, თუ რამდენი პოლიეთილენი გადამუშავდა ნივთების შესაქმნელად. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკომოდა საქართველოში ჯერ მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს,  არსებობენ ბრენდები, რომლებიც ამ ტენდენციას ეხმიანებიან. ახალი ეკომეგობრული ბრენდების გაჩენა მომხმარებელს იმედს აძლევს, რომ ეკოლოგიური სამოსი მოდის ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს, ეკომოდა კი მაღალი მოდის ტენდენციებს გასცდება და რიგითი მომხმარებლისთვის  მისაწვდომი გახდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.