fbpx

სიკო დოლიძე, უკანასკნელი ჯვაროსნები…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ცხვედიანი

 

ქართული კინოს კლასიკოსის, სიკო დოლიძის შედევრი “უკანასკნელი ჯვაროსნები”… ჩვენს დროში სათანადოდ დაუფასებელმა, მართლაც ბუმბერაზმა რეჟისორმა ქართული და მსოფლიო კინოს  ეს გამორჩეული  ნაწარმოები 1933 წელს შექმნა. 

2001 წელს ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორგანიზატორებმა სურათი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა. რეტროსპექტივის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა – დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა – “უკანასკნელი ჯვაროსნები” შეაფასეს, როგორც “ფესტივალის სენსაცია”, როგორც ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ეპოქას, კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც კინოავანგარდისტთა ილუზიებსაც ასახავს, თავისებურ უტოპიას, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა ავანგარდისტი ამკვიდრებდა: “ტექნიკა, სამეცნიერო პროგრესი “იხსნის” სამყაროს, ბოლოს მოუღებს კულტურათა დაპირისპირებას, შეუწყნარებლობასა და ცრურწმენას”. 

ყოველივე ზემოთქმულის გარდა აღსანიშნავია, რომ “უკანასკნელი ჯვაროსნები” ფროიდიზმის კინოენით გადმოცემის პირველი მცდელობასაც წარმოადგენდა.

გაუხმაურებელი ფაქტია, რომ სიკო დოლიძის ლიბრეტოსა და იდეის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში (ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით) აღიარებული კოტე მიქაბერიძის კინოშედევრი – “ჩემი ბებია”.

გოგი გვახარია რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით წერდა: “დღეს, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ სიკო დოლიძემ 20-იანი წლების მიწურულს დააარსა და ხელმძღვანელობდა დოკუმენტური ფილმების სტუდიას და რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის “ჯიმ შვანთეს” გადაღება. ბევრმა არ იცის, რომ 40-იანი წლების დასაწყისში კრემლის იდეოლოგებმა კატეგორიული უარი უთხრეს სიკო დოლიძეს  “გიორგი სააკაძის” ლეონიძის სცენარის მიხედვით გადაღებაზე და უპირატესობა მიანიჭეს ანა ანტონოვსკაიას სცენარს, რათა ფილმი სტალინის “ფავორიტ” მიხეილ ჭიაურელს გადაეღო”.

ბევრმა არ იცის, რომ 1937 წლის ივლისში სიკო დოლიძე სასწაულებრივად  გადაურჩა სიკვდილს. მოსკოვში, ლავრენტი ბერიასთან სპეციალურად ჩაყვანილმა, უარყოფითი ჩვენება არ მისცა თავის  ახლო მეგობარ პაოლო იაშვილზე, რომელმაც წინა დღით, 1937 წლის 22 ივლისს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმოუდგენელი ზეწოლის შედეგად მოისწრაფა სიცოცხლე. 

დოლიძემ ეს ტრაგიკული ამბავი პირველად იქ, ბერიას კაბინეტში შეიტყო და დიდი ემოციის გამო გონება დაკარგა. ლავრენტი პავლოვიჩის ოთახიდან რეჟისორი გულწასული გაიყვანეს. გონს მოსული და კაბინეტში უკან შემობრუნებული კი თავის აზრზე ბოლომდე მყარად იდგა, რითაც ძალზე გაუოცებია ბერია, რომელსაც, სამაგალითო სიმტკიცისთვის დოლიძე ქებით გამოუსტუმრებია. სიკომდე ხომ ათიოდე ადამიანმა შიშის გამო ვერაგულად გასცა სამაგალითო პოეტი.

იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე ასევე უარი თქვა პაოლოსა და სიკოს საერთო მეგობარმა ტიციან ტაბიძემ. ამის გამო ტიციანი თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი. გადასახლება მისჯილი პოეტი ციმბირს მიმავალი მატარებლიდან ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ეულად დატოვეს.

აღსანიშნავია სიკო დოლიძის თანამშრომლობა სერგო ზაქარიაძესთან მის დაუვიწყარ ოთხ ფილმში: „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „შეხვედრა წარსულთან“ და „პალიასტომის ტბა“. ასევე, ნატო ვაჩნაძის, თამარ ციციშვილის, ვერიკო ანჯაფარიძისა და ბელა მირიანაშვილის როლები.

სიკო დოლიძე ასევე მუშაობდა ანიმაციაშიც. მაგალითად, მას ეკუთვნის „ჩხიკვთა ქორწილისა“ და კიდევ მრავალი სხვა პოპულარული მულტფილმის სცენარი.

სიკო დოლიძემ 22 მხატვრულ ფილმს შეასხა ხორცი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ჯურღაის ფარი“, „ დარიკო“, „ფატიმა“, „ჭრიჭინა“ და „კაცია-ადამიანი?!“.

სიკო დოლიძემ დააარსა კინოს სახლები თბილისსა და ბიჭვინთაში. ის ადრეულ ასაკში მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა ისეთ რეჟისორთან, როგორიცაა სერგეი ეიზენშტეინი. რეჟისორი  პირადად იცნობდა იუგოსლავიის ლიდერ იოსიფ ბროზ ტიტოს.

დოლიძე იყო ადამიანი, რომელმაც  გოსკინოს მიერ „ანდრეი რუბლიოვის“ დახურვის შემდეგ, გაჭირვებაში მყოფი ანდრეი ტარკოვსკი საქართველოში 3 კვირით ჩამოიყვანა და მისი ფილმის ჩვენებებით რამდენიმე ქალაქი მოატარა, რათა უმცროს კოლეგას მწვავე ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. 

მართებულია, აგრეთვე, გავიხსენოთ დოლიძის სერგო ფარაჯანოვისადმი დამოკიდებულების ამბავი. ბატონი სიკო მას უნიკალური და გენიალური ნიჭის მქონე ადამიანად თვლიდა და მისი ცხოვრების რთულ გზაზე სულ გვერდში ედგა. დოლიძე საოცრად ამაყობდა უმცროსი კოლეგის დიდი წარმატებებით.

სიკო დოლიძემ გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში ევროპული და ამერიკული ფილმების (იტალიური ნეორეალიზმი, ფრანგული ახალი ტალღა, პროგრესული ამერიკული კინემატოგრაფი და ა.შ.) საქართველოში ჩამოიტანა და ვიწრო საზოგადოებისათვის დახურული ჩვენებების მოწყობა დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ქართველი ახალგაზრდები უკეთ იცნობდნენ სიკო დოლიძის შემოქმედებასა და მის განუზომელ ღვაწლს ქვეყნის წინაშე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.