fbpx

მეამბოხე დიზაინერი – ენცო მარი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი

 

ენცო მარი იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დიზაინერი იყო, რომელიც თავისი შეუბრალებელი მრისხანებით გამოირჩეოდა თანამედროვე არქიტექტურის, დიზაინის და ზოგადად, თანამედროვე ცხოვრების მიმართ, მან ცნობილ ჰოლანდიელ არქიტექტორს, რემ კულჰაასს ერთხელ “პორნოგრაფიული ვიტრინების გამფორმებელიც” კი უწოდა. როგორც მისი სტუდენტები იხსენებენ, მარის ძალიან გრძელი, ხმამაღალი, უმოწყალოდ ნიჰილისტური ლექციები მათი ნამუშევრების ძალიან მკაცრი შეფასებებით მთავრდებოდა.

იტალიელი მოდერნისტი არტისტი და დიზაინერი 1932 წელს დაიბადა ნოვარაში, იტალიაში. მისი დაინტერესება ხელოვნებით და დიზაინით არტს-ენდ-კრაფტ მიმდინარეობით დაიწყო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია იმდროინდელ ბრიტანულ და ამერიკულ არქიტექტურაზე, დეკორატიულ ხელოვნებასა და დიზაინზე. ბრერას აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი სხვადასხვა შემოქმედებით სექტორში მუშაობდა, შეხება ჰქონდა გრაფიკასთან, ბეჭდურ მედიასა და საგამოფენო ინსტალაციებთან. პროდუქტის დიზაინის განხრით   აქტიურად მუშაობა1950 წელს დაიწყო, ამ პერიოდში შექმნა თავისი ცნობილი ნამუშევარი – 16 ცხოველის ფორმისგან შემდგარი ფაზლი. 

1960 წელს, იტალიურ კინეტიკური ხელოვნების მოძრაობასთან ერთად საბავშვო წიგნი გამოსცა, რომელიც მხოლოდ გრაფიკული სურათებისგან შედგებოდა. 60 წლის ასაკში ენცო მარი იტალიის ისტორიაში უკვე გავლენიანი დიზაინერი იყო, თავისი შეხედულებებითა და იდეოლოგიით. მარი 1976-1979 წლებში ინდუსტრიული დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტიც იყო. 

მისი შექმნილი პროდუქტი დღეს ძალიან ბევრი ცნობილი გამოფენისა თუ გალერეის მთავარი ფოკუსია.

2001 წელს ენცო მარიმ    ცნობილ იაპონურ ბრენდთან – მუჯისთან (MUJI)  კოლაბორაცით 19 სახეობის ავეჯი შექმნა, ამ პროდუქტის მასობრივად წარმოება სამწუხაროდ არ მოხერხდა, მაგრამ გაკეთდა გამოფენა – წაბლის ხის პროექტი,  სადაც ეს ნამუშევრები გამოიფინა. როგორც თავად ამბობდა, ეს პროექტი წაბლის ხის დარგვას აგონებდა, რომელიც დროთა განმავლობაში მოისხავს ნაყოფს. 

16 ცხოველის ფორმისგან შემდგარი ფაზლი, რომელიც დიზაინერის ძალიან ცნობილი ნამუშევარია, 16 სხვადასხვა ცხოველის ფორმის ფიგურებისგან შედგება, რომელიც ერთი უწყვეტი ხაზით არის ამოჭრილი ხის დაფისგან.

მისი ცნობილი ნამუშევარი, სკამი – Tonietta chair, რომელიც MOMA-ს პერმანენტულ კოლექციაშია. 

Sumatra document holder Danese Milano-სთვის 1976 წელს შექმნილი საქაღალდე და სკამი Delfina chair, რომელიც 1974 წელს შექმნა ავეჯის კომპანია Driade-სთვის

დიზაინერის ნამუშევრები იშვიათი კომბინაციაა ინტელექტუალური ფაზლებისა და ლამაზი ფორმების. “ფორმა ყველაფერია”, –  ამბობდა იგი და მისი უკომპრომისო, პოეტური ნამუშევრები მართლაც გამოირჩეოდნენ ძალიან დამახასიათებელი, განსხვავებული ფორმებითა და იდეალური პროპორციებით. 

ენცო მარი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტურ წყობას ემხრობოდა, ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები მხოლოდ მომხმარებლის კომფორტს და ბედნიერებას არ ემსახურებიან, არამედ იმ ხელოსნის, ვინც ამ პროდუქტს ქმნის. მისი აზრით, დიზაინერის პასუხისმგებლობაა, რომ შემსრულებლის საქმე რუტინული და დამღლელი არ იყოს და მანაც მიიღოს სიამოვნება ამ ტრანსფორმაციული სამუშაოსგან. ის თვლიდა, რომ ტექნოლოგია საშიშია დიზაინერებისთვის, რადგან ის ანაცვლებს ხელნაკეთ პროდუქტს, რომელსაც იგი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა.

 

სკამი Sof-sof chair კომპანია Driade-სთვის, 1972

მარმარილოს ვაზების კოლექცია კომპანიისთვის – Danese Milano, 1964

ენცო მარიმ თავისი მილანური სტუდია 50-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ 2015 წელს დახურა. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, მისი შემოქმედება დღეს ბევრი ცნობილი დიზაინიერისთვის ინსპირაციაა, მისი პროდუქტები კი კლასიკად წოდებული. მას თავის კარიერაზე ორაზროვანი შეხედულება ჰქონდა, ფიქრობდა, რომ უფრო მეტი რამის შეცვლა შეეძლო ადამიანების ცხოვრებაში ვიდრე შეძლო. 

მარი თვლიდა, რომ პროდუქტი ფუნქციურად გამართული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სილამაზის ხარჯზე, სწორედ ამაში ხედავდა დიზაინერის ვირტუოზობას. მისი თქმით, 1970 წელს შექმნილი გასაშლელი ტახტის დიზაინი, რომლის იდეაც თავიდან არ მოსწონდა და “ვულგარულსაც” უწოდებდა, ძალიან მნიშვნელოვანი დიზაინი იყო მის პრაქტიკაში, რადგან ამ დროს ხალხს, რომელიც ძალიან პატარა სივრცეში ცხოვრობდა მსგავსი ავეჯის საჭიროება ჰქონდა. მისი თქმით, დიზაინი არის პოლიტიკური და არ არსებობს დიზაინი ცოდნის გავრცელების გარეშე. ეს ძალიან კარგად ჩანს მის წიგნში, სადაც თავისი რამდენიმე დიზაინის აწყობის ინსტრუქციაა, მომხმარებელს მათი დამზადება თავად შეუძლია. 

ავეჯის კოლექცია, რომლის წარმოების უფლებაც დიზაინერმა დასავლეთ აფრიკიდან მიგრანტების კომპანიას  CUCULA-ს მისცა, ინსტრუქციების მიხედვით მარტივად იწყობა. ეს სკამები ლტოლვილებმა იმ ნავის ხის ფიცრებისგან ააწყვეს, რითაც ჩამოვიდნენ ლამპედუზაში, კუნძულზე, რომელზეც ბევრი მიგრანტი ჩამოდის იტალიაში.

ენცო მარი და მისი ცოლი, იტალიელი კურატორი და ხელოვნების კრიტიკოსი ლეა ვერჯინე 2020 წელს კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალნენ. ისინი ჰოსპიტალში 10 ოქტომბერს მოათავსეს, ენცო მარი 88 წლის გარდაიცვალა, ლეა კი 82.

კითხვაზე, თუ რა მოსწონდა თანამედროვეობაში, მარი ხუმრობით პასუხობდა – “პური და ტერორიზმი, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ტერორიზმი ძალიან ცუდია, ეს სულაც არ არის ასე, ტერორიზმი რაღაცებს ცვლის”. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.