fbpx

მსოფლიო ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონს აჯობა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი დაკარგა, ქართველი გულშემატკივრის ინტერესი უკვე ევროპის წამყვან გუნდებზე გადაერთო, რომელთაც კიდევ ერთხელ გვაუწყეს, თუ რაოდენ შორს ვიმყოფებით სპორტის იმ სახეობისგან, ფეხბურთი რომ ჰქვია…

საინტერესოა, რომ გასულ სანაკრებო კვირას, ერთი საგულისხმო სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელიც საქართველოს ნაკრებს დიდ ფეხბურთთან აკავშირებს.

გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამდე საქართველოს ნაკრები წაუგებლად ასპარეზობდა. ანალოგიური შედეგი კი მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებმა   აჩვენა  A კატეგორიაში.

ტურის ცენტრალურ მატჩში ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიელებმა მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

საფრანგეთში ამ გუნდებს შორის შეხვედრა ერთი თვის წინ ფრედ – 0:0 დასრულდა. 

სტუმრების მდგომარეობას მოედანზე კილიან მბაპეს არყოფნა ართულებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და ნგოლო კანტეს მიერ მატჩის 53-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით  სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მოგებით საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის A კატეგორიის მე-3 ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა და სავარაუდოდ, აღარც დათმობს ამ პოზიციას.

ლისაბონის მატჩი თანაბარი აღმოჩნდა, თუმცა აშკარაა, რომ ამ წყვილში გასვლაზე მოთამაშე გუნდები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. 

ფრანგებმა პორტუგალიის ნაკრები ანალოგიური ანგარიშით აქამდე 2015 წელს, ასევე ლისაბონში, ოღონდ არა „ბენფიკას“, არამედ „სპორტინგის“ სტადიონზე დაამარცხეს. 

პორტუგალიელებმა კი დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით ფრანგებს „პარკ დე პრენსზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მოუგეს.

პირველ ნომრად თამაშის მოსურნე პორტუგალიის ნაკრები თითქოს თავიდანვე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, აქტიურობდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც კორონავირუსის გადატანის  შემდეგ, განსაკუთრებით ცდილობდა გოლის გატანას. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მეტად უხეიროდ ასრულებდა სტანდარტულ სიტუაციებს. 

მასპინძელთა მცდელობების მიუხედავად, პირველ ტაიმში ორი ყველაზე სახიფათო მომენტი მათ კართან შეიქმნა. 

ამ ორივე ეპიზოდის გმირი ენტონი მარსიალი იყო, თუმცა მას პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიომ აჯობა, რომელმაც ამ დარტყმებზე რეაგირება მოახდინა და ერთხელ მისი მოგერიებული ხარიხამაც აისხლიტა. 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა თითქოს დაწოლას უმატეს მეტოქის კარზე, მაგრამ გოლი, პირიქით – საკუთარ კარში მიიღეს.

მატჩის 56-ე წუთზე ფრანგებმა ელვისებური მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რუი პატრისიოს მიერ მოგერიებულ ბურთთან კი ყველაზე ახლოს, მასპინძლებისთვის მოულოდნელად, ნგოლო კანტე აღმოჩნდა, რომელსაც ორი მეტრიდან ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია.  

მეორე ტაიმში პორტუგალიელები ყველაზე ახლოს მიზანთან ჟოაო მოუტინიოს საშუალო დისტანციიდან დარტყმის შემდეგ იყვნენ, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერმა უგო ლორისმა ბურთი ცხრიანიდან ჩამოხსნა. 

მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელებს კომპლიმენტებს არ აკლებდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი:

„ჩვენ დავიმსახურეთ მოგება და პირველ ადგილზე აღმოვჩნდით. მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რადგან მათ დღეს დაამტკიცეს, რომ საფრანგეთი შესანიშნავი გუნდია. აუცილებლად გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგის უმაღლესი დონე, რომელთანაც თამაშში საფრანგეთის ნაკრებმა ბრწყინვალე გუნდური სულისკვეთება გამოავლინა“.

უაღრესად საინტერესო გამოდგა A კატეგორიის მე-4 ჯგუფის ორივე შეხვედრა, რომელთა დასრულების შემდეგაც ჯგუფში ლიდერის ჩანაცვლება მოხდა.

ესპანეთის ნაკრებმა რთულ მატჩში 10 კაცით მოთამაშე შვეიცარიის წინააღმდეგ 1:1-ს გაჭირვებით მიაღწია.

სერხიო რამოსმა ამ მატჩში იტალიის ნაკრების სახელგანთქმულ გოლკიპერ ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი მოხსნა და „ფურია როხას“ მაისური 177-ედ (!) მოირგო. 

საინტერესოა, რომ რეკორდის დამყარებასთან ერთად, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი საკუთარ გუნდს ერთ მომენტში მხსნელად მოევლინა, როდესაც ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. 

თუმცა, მან ორი პენალტის გაფუჭებითაც „გამოიჩინა თავი“.

„ამ შეხვედრის მოგებას ვიმსახურებდით… ბოლო ორი მატჩის შედეგი (წინა მატჩში უკრაინასთან 0:1 მარცხი) უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, მესამე თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნულიყო, რამოსი აუცილებლად გაიტანდა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ შედეგით განაწყენებულმა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.

შედეგად, ესპანელები 8 ქულით A კატეგორიის მე-4 ჯგუფში, გერმანიის შემდეგ, მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. შვეიცარია კი 3 ქულით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.

პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგობა დასძლია. 

მატჩის საბოლოო შედეგი (3:1) კი შესაძლოა სულაც არ ასახავდეს მის მიმდინარეობას, რადგან სტუმრებს არაერთხელ მიეცათ თამაშში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა.

მასპინძლებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს, თუმცა მატჩის მე-12 წუთზე, იარემჩუკის გოლის წყალობით, უკრაინელები დაწინაურდნენ.

გაშვებულმა ბურთმა მასპინძლებს სერიოზული პრობლემები ვერ შეუქმნა და გერმანელებმა პირველ ტაიმშივე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დაწინაურება.

გორეცკას გადაცემა ლეროი სანემ გოლად აქცია. გორეცკამ მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ამჯერად მისი გადაცემის შემდეგ გოლი ტიმო ვერნერმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზინჩენკოს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

სტუმრებმა ძელს კიდევ ორ ეპიზოდში გაარტყეს ბურთი, მაგრამ იმ მომენტისთვის ანგარიში უკვე 3:1 იყო გერმანელთა სასარგებლოდ. 

შეხვედრის მიმდინარეობა გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამგვარად შეაფასა:

„მარტივი მატჩი არ იყო, უკრაინამ მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა, რადგან მისი მოთამაშეები ძალიან დინამიკურად მოქმედებდნენ. პირველ ტაიმში მატჩს მეტად ვაკონტროლებდით, მეორეში კი ინიციატივა დავთმეთ და მეტოქეს გოლის გატანის შანსი რამდენიმეჯერ მივეცით“.

„გუნდით ვამაყობ. მთავარია, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ ხანგრძლივი სეზონი გველის“, – აღნიშნა უკრაინელთა კარში პირველი გოლის ავტორმა ლეროი სანემ. 

მატჩს უკრაინელთა მწვრთნელი ანდრეი შევჩენკოც გამოეხმაურა: „ძალიან ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშეთ. ვეცადეთ, მეტოქისთვის თავს მოგვეხვია საკუთარი თამაში და ეპიზოდურად ეს გამოგვდიოდა კიდეც. შანსების გამოყენების შემთხვევაში, ფრესთან ახლოს ვიქნებოდით. ახლა კი შვეიცარიაში ძალიან მძიმე მატჩი გველის“.

პირველი ადგილის ბედი კი ესპანეთის და გერმანიის ნაკრებების შეხვედრაში გადაწყდება, სადაც მასპინძლებს მხოლოდ მოგება მართებთ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.