fbpx

“კოლექციონერი” – დედიკას გალერეაში დავით კუხალაშვილის გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

“კოლექციონერი” – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დედიკას გალერეაში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. დავით კუხალაშვილის გამოფენამ ბევრი დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებული ყურადღება მისი სათაურითაც მიიქცია. გამოფენაზე ორი ძირითადი და დღეს საკმაოდ აქტიური თემა დომინირებს, ეკოლოგია და მოლოდინი. ორივე მათგანი არტისტისეული ირონიით  ხაზს უსვამს იმ მანკიერ მხარეებს, რომელიც გადაჭარბებული კონსუმერიზმითა თუ ბუნებაზე მკვეთრი ზემოქმედებით იჩენს თავს.

დავით კუხალაშვილი უკვე ცნობილი არტისტია, რომლის ახალ ნამუშევრებს დამთვალიერებელი ალბათ ყოველთვის ინტერესით ელოდება, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მსგავსი ინტერესი სწორედ მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელმა, დღევანდელობასთან ირონიულმა სინთეზმა განაპირობა. ერთი შეხედვით ალოგიკური კავშირები უფუნქციობაზე მიუთითებს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა ზემოქმედების სერია, ბუნება, რომელიც ჩვენ გარშემოა და საგნები, რომლებიც ამ ბუნებაში ვერ ეწერებიან, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც არსებობენ. 

შეუსაბამობის თემა მოლოდინების სერიამაც გააგრძელა, რომელიც, როგორც თავად დავითი ამბობს, უფრო მეტად ფსიქოლოგიური მომენტია ადამიანისთვის, რომელიც ჩვენივე წინააღმდეგ მოქმედებს, როცა რეალობა არ ემთხვევა ჩვენსავე მოლოდინებს, რუტინა კი ცხოვრების წესად გადაიქცევა, ამის გასამძაფრებლად დავითი იყენებს მსგავსი ობიექტების რიტმულ განმეორებას, განმეორებას, რომლის უკეთ დაკვირვება დამთვალიერებელს კიდევ ერთ აბსურდთან მიიყვანს.

აბსურდული შედარებები დამთვალიერებელს ყოველთვის აღელვებს, ასე ააღელვა გამოფენის სტუმრებიც ახალმა გამოფენამ. ერთი შეხედვით ნაზი, რიტმული ობიექტები დროთა განმავლობაში სატირულ სახეს იძენენ. 

ნამდვილად, დავითის მხატვრობა დამთვალიერებლისთვის აღმოსაჩენი ობიექტებია. გამოფენის მთავარმა მასპინძელმა – “კოლექციონერმა” გარშემო შემოიკრიბა ყველა, ვინც მის კოლექციაში საკუთარ სახელს ეძებდა.

კიდევ ცოტა რამ დავით კუხალაშვილზე:

იგი თანამედროვე ქართული სახელოვნებო ჯგუფის, ON/OFF-ის წევრია. ჯგუფის მთავარი მახასიათებელი სისტემის და მისი ზემოქმედების კრიტიკაა. მძაფრი სოციალური, ფემინისტური, კონსუმერისტული თემები თავისი ექსპრესიული გამომხატველობით ადვილად ამოსაცნობია ქართულ სახელოვნებო სფეროში. საინტერესოა, რომ ჯგუფის წევრები დღეს დედიკას გალერეასთან თანამშრომლობენ, რამდენიმე მათგანი კი გალერეის რეზიდენციაში პანდემიის პირობებშიც განაგრძობს მუშაობას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.