fbpx

Moderna: კოვიდ-19-ის ვაქცინა 95%-იან ეფექტიანობას აჩვენებს – BBC


გააზიარე სტატია



ავტორი: James Gallagher

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს ადრეული მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

Moderna-ს დამაიმედებელი მონაცემები კვალდაკვალ მიჰყვა Pfizer-ს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა რწმენა იმისა, რომ ვაქცინები პანდემიის სწრაფად დასრულებას შეუწყობს  ხელს. 

ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანიამ ნოვატორული და ექსპერიმენტული მიდგომები გამოიყენა. 


ეს ”შესანიშნავი დღეც”  დადგა და Moderna  ვაქცინის დასამტკიცებლად შესაბამის მოთხოვნას გზავნის, რათა მისი გამოყენება რამდენიმე კვირაში იყოს შესაძლებელი.

თუმცა ეს ჯერ კიდევ ადრეული მონაცემებია და ძირითადი კითხვები უპასუხოდ რჩება.



რამდენად ეფექტიანია ვაქცინა?

კვლევაში მონაწილეობდა 30 000 ადამიანი.  მათგან ნახევარს ვაქცინის ორი დოზა ოთხკვირიანი ინტერვალით გაუკეთეს, დანარჩენებს კი პლაცებო მიაღებინეს. 

კვლევას საფუძვლად იმ პირველი 95 მოხალისის მონაცემები დაედო, რომელთაც კოვიდ-19-ის  სიმპტომები დაეწყოთ.
ამ  95 მოხალისიდან 5 ადამიანი ვაქცინირებული იყო, 90-ს კი პლაცებო ჰქონდა მიღებული. კომპანიის თქმით, ვაქცინა ადამიანთა 94,5%-ს იცავს დაავადებისგან.

კვლევაში მონაწილე 11 ადამიანს კოვიდ-19 გაურთულდა, მაგრამ მათგან არც ერთი არ ყოფილა ვაქცინირებული.

”საერთო ეფექტურობა საოცარი იყო… შესანიშნავი დღეა”, – განუცხადა Moderna-ს მთავარმა სამედიცინო სპეციალისტმა ტალ ზაკსმა  BBC News-ს.

კომპანიის დირექტორმა,  დოქტორმა სტივენ ჰოგმა განაცხადა, რომ შედეგების გაგებისას  ის უზომოდ ბედნიერი იყო.

”ნამდვილად არავის გვქონდა იმედი, რომ ვაქცინა Covid-19-ით დაავადების პრევენციაში ამდენად ეფექტიანი  აღმოჩნდებოდა”.



როდის მივიღებთ ვაქცინას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რამდენი წლის ხართ. Moderna-ს მიხედით, აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობის შემდეგ აშშ-ში ვაქცინის 20 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, მომავალ წელს კი  უკვე  მთელი მსოფლიოსთვის   ერთ მილიარდამდე ვაქცინა  დამზადდება.

დიდი ბრიტანეთი გაზაფხულიდან Moderna-ს ვაქცინის ხუთ მილიონ დოზას მიიღებს, რაც 2.5 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. შემუშავებული გეგმის მიხედვით, პრიორიტეტი ხანდაზმულებს მიენიჭებათ.


რა არ ვიცით?

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს ნარჩუნდება ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი, რამდენადაც ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდი დროა საჭირო.

არსებობს დამაიმედებელი შედეგები, რომლებიც ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებსა და რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებს გარკვეულ დაცვას სთავაზობს, თუმცა ამ ეტაპზე სრული მონაცემები არ არსებობს.

Moderna-ს მთავარმა სამედიცინო სპეციალისტმა ტალ ზაკსმა BBC-ის განუცხადა, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინა პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად ძალას არ კარგავს.

 

რა გვერდითი მოვლენები არსებობს?

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემები არ დაფიქსირებულა, თუმცა 100%-ით უსაფრთხო არაფერი არ არის, მათ შორის პარაცეტამოლი.

ინიექციის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს ხანმოკლე დაღლილობა, თავის ტკივილი და სისუსტე აღენიშნა.

”ეს ის ეფექტებია, რასაც ველოდით.  იმუნური სისტემა ვაქცინას ადეკვატურად პასუხობს”, – აღნიშნა ლონდონის სამეფო  კოლეჯის  პროფესორმა  პიტერ ოფენშოუმ.

 

რა მსგავსება და რა განსხვავებაა   Pfizer-ისა და Moderna-ს შემუშავებულ ვაქცინებს შორის?

ორივე კომპანია ვაქცინის შესამუშავებლად ერთნაირ მიდგომას  იყენებს. სხეულში ვირუსის გენეტიკური კოდის ინიექციით ვაქცინა იმუნიტეტისგან შესაბამის რეაქციას ელის.

წინასწარი მონაცემების მიხედვით,  Pfizer / BioNTech ვაქცინამ 90%-იანი,  Moderna-მ კი 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასთან, ორივე ვაქცინა ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია და საბოლოო მონაცემები შეიძლება შეიცვალოს კიდეც.

Moderna-ს ვაქცინის შენახვა უფრო ადვილია, რადგან ის მინუს 20C-ზე ექვს თვემდე,  სტანდარტულ მაცივარში კი ერთი თვის განმავლობაში ინახება.

Pfizer-ის ვაქცინას შესანახად მინუს 75 C ტემპერატურა სჭირდება, ამასთან მისი შენახვა მაცივარში ხუთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

 

როგორ  მუშაობს ვაქცინა?

Moderna-მ შეიმუშავა “RNA ვაქცინა” – რაც ნიშნავს, რომ სხეულში კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი შეჰყავთ.


ინიექციის შემდეგ იწყება ვირუსული ცილების წარმოება, რაც საკმარისია იმუნური სისტემის გასაწვრთნელად. ვაქცინამ კორონავირუსთან საბრძოლველად სხეულს ანტისხეულებისა და T-უჯრედების შექმნა უნდა ასწავლოს.

 

როდის დასრულდება კოვიდი?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Pfizer-ის, Moderna-ს და რუსეთის პოზიტიურმა შედეგებმა პანდემიის დასრულების შანსი მნიშვნელოვნად გაზარდა.

თავდაპირველად საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელსაც მაქსიმუმ 50%-იანი ეფექტიანობა უნდა ეჩვენებინა, თუმცა რეალურად უკეთესი შედეგი მივიღეთ და ვაქცინები იმაზე ეფექტიანია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

არსებული მონაცემები იმის საფუძველს იძლევა, რომ სხვა გამოსაცდელი  ვაქცინებიც წარმატებული იქნება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ლოჯისტიკასთან არსებული გამოწვევები. პრობლემას წარმოადგენს ასევე მთელ მსოფლიოში  მილიარდობით ადამიანის ვაქცინაცია.


ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ნორმალურ მდგომარეობას გაზაფხულზე დავუბრუნდებით, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მომავალ ზამთარში მოხდება. არსებობენ ისეთები, ვისაც სჯერათ, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოჩნდება ეს “საიმედო ფლაკონი” ხალხის ხელში. 



რეაქციები

ეს სიახლე ძალიან ამაღელვებელია და მნიშვნელოვნად ზრდის რწმენას, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაქცინების კარგი არჩევანი გვექნება”, – აცხადებს პროფესორი პიტერ ოპენშოუ.

”მართლაც ძალიან კარგი ამბავია, რომ Pfizer-ის შემდეგ მსგავსი ეფექტიანი  ვაქცინა გამოჩნდა”, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტრუდი ლენგმა.

“მოდერნას შედეგები არის ისეთი კარგი, როგორსაც ვიმედოვნებდით და ასევე ძალიან გამამხნევებელი”, – განაცხადა დოქტორმა რიჩარდ ჰეჩეტმა, ეპიდემიური მზადების ინოვაციების კოალიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა.



ორიგინალი: https://www.bbc.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.