fbpx

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ახალი პროექტი შეცვლილი ფორმატით


გააზიარე სტატია

კორონავირუსის პანდემია ცხოვრების სხვა სფეროებთან ერთად, კულტურისა და ხელოვნებისთვისაც გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმები ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ. გამონაკლისი არც საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალფეროვანი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია, რომელმაც ხელოვნების მოყვარულებს იმედი არ გაუცრუა და პროექტი “ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” ცხოვრების შეცვლილ რიტმს საინტერესოდ მოარგო.

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონის” შესახებ AT.ge აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საერთაშორისო პროგრამების კურატორთან, დათა ჭიღოლაშვილთან ერთად გიამბობთ. 

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“  MeetFactory-ის (პრაღა, ჩეხეთი)  პროექტია, რომლის ავტორები კურატორები ლუცია კვოჩაკოვა და პიოტრ შიკორა არიან. პროექტის საწყისი წერტილი ცენტრალურ ევროპასთან დაკავშირებული საკითხების კვლევაა და სხვადასხვა ეტაპზე, აღნიშნული პროცესი განსხვავებულად იყო წარმოდგენილი. პროექტი რეგიონის სპეციფიკასა და ისტორიასაც უკავშირდება, თუმცა 2020 წლის გამოფენებზე წარმოდგენილი პრობლემური საკითხები მხოლოდ ერთი რეგიონით არ შემოიფარგლებოდა. მის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს შეგიძლიათ, ვებგვერდზე გაეცნოთ.

“2019-2020 წლებში, პროექტის საკითხების განვრცობა ოთხი ქვეყნის – ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი და საქართველო – თანამშრომლობით დაიგეგმა. აქ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ამ ქვეყნებში მოღვაწე ხელოვანთა და კურატორთა გაცვლითი რეზიდენციები 2019 წელს. შეიქმნა მოძრავი გამოფენა, რომლის თანაკურატორიც ვიყავი. გამოფენის კონცეფციის საწყისი წერტილი ეხმიანებოდა „ცენტრალური ევროპის“ განმარტების სირთულეს, რაც პროექტის კონცეფციაში „იდენტობის პარადოქსის“ საკითხთანაა დაკავშირებული. გამოფენის ფარგლებში ცენტრალური ევროპის გაგება მეტაფორულადაც იყო განვცრობილი, შეეხებოდა კავშირის კომპლექსურობასა და „ცენტრალურის“ განსაზღვრების საკითხს”.

2020 წელს გამოფენა MeetFactory-სა (ჩეხეთი) და TRAFO-ში (პოლონეთი) გაიმართა და ესპანეთსა და საქართველოში დაგეგმილი ფორმატით უნდა გაგრძელებულიყო. პანდემიის თანმდევი ცვალებადი გარემოსა და სირთულეებიდან გამომდინარე, მადრიდსა და თბილისში პროექტი განსხვავებული აქტივობებითა და ფორმატით გაგრძელდა.

“2020 წლის პანდემიამ ბევრი სირთულე გააჩინა ხელოვნებისა და კულტურის სფეროშიც. ეს განსაკუთრებით რთულად აისახა საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ვითარებამ, არაპროგნოზირებადმა გარემომ ბევრი ცვლილება გამოიწვია. თბილისში განსხვავებული ფორმატის ღონისძიებების განხორციელება გადავწყვიტეთ, რაც პროექტის საკითხებსა და შეცვლილ სიტუაციასაც გარკვეულწილად უპასუხებდა. შედეგად, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე მრავალფეროვანი პროგრამა ეტაპობრივად და ძირითადად, ინტერნეტ სივრცეში წარმოვადგინეთ. აქ ისიც საინტერესოა, რომ დავაკვირდეთ ხელოვნებისა და კულტურის წარდგენას ფიზიკურ სივრცესა თუ ვირტუალურ რეალობაში, რაც გამოფენა „გზებზე“ მუშაობისას საინტერესოდ გამოიკვეთა”.

პროექტი “ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” შემდეგ აქტივობებს მოიცავს: გამოფენა “გზები”, ინტერვენცია ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში და საჯარო პროგრამა. ღონისძიებების არაორდინალური ფორმატი შესანიშნავად ერგება ყოველდღიურად ცვალებად რეალობასა და იმ ფაქტსაც პასუხობს, რომ პანდემიისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აბრეშუმის მუზეუმი ამჟამად დამთვალიერებლებისთვის დახურულია.

“გზები”, გარკვეულწილად, სამუზეუმო სივრცის ექსპერიმენტული გამოფენაა, რომლის ნახვაც დამთვალიერებლებს ვირტუალურ ფორმატში შეუძლიათ. ჩვენთან საუბარში დათამ ყურადღება გამოფენის სახელწოდებისა და აბრეშუმის კავშირზეც გაამახვილა:

„გზები“ ის სიტყვაა, რომელიც აბრეშუმთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანს გაახსენდეს. წარსულსა და თანამედროვეობაში აბრეშუმის გზებთან დაკავშირებულ საკითხებს საკმაოდ საინტერესოდ განიხილავს ისტორიკოსი პიტერ ფრანკოფანი, რაც გამოფენის კონცეფციაშიცაა აღნიშნული, სადაც ეს მეტაფორულადაც განვავრცეთ. ამ შემთხვევაში „გზები“ განმარტების კომპლექსურობასაც შეეხება, რაც გამოფენაზე აბრეშუმის მუზეუმის ისტორიის და აბრეშუმის წარმოების გაგებისას ვლინდება. გამოფენის ვირტუალურ რეალობაში არსებობს საწყისი წერტილი, თუმცა, გამიზნულად არ არის გამოკვეთილი სივრცეში „მოძრაობის“ მიმართულება”.

დათას თქმით, მუშაობა ვირტუალური ფორმატისთვის გამიზნულ გამოფენაზე, რომლის დიდი ნაწილიც რეალურ სივრცეში მომზადდა, საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. გამოფენისთვის მუზეუმის ერთ-ერთი ისტორიული ვიტრინა მუდმივი საგამოფენო დარბაზიდან დროებითშია გადატანილი, რაც ერთგვარად აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც ეხმაურება. 

“პროექტში გეოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თვითონ ეს ვიტრინა ამ კუთხითაც საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან მას აქვს ცენტრალური ნაწილი და ოთხი მხარე. თავდაპირველად, უფრო მეტი ობიექტის ჩვენებას ვფიქრობდით, თუმცა, განხილვების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ალბომის „გადაშლის“ თუ უჯრების „გაღების“ გარეშე, ყურადღების ცენტრში დარბაზის სივრცე და ვიტრინა აღმოჩენილიყო. ეს რომ ფიზიკური გამოფენა ყოფილიყო, ექსპოზიციაც განსხვავებული იქნებოდა. რა თქმა უნდა, რეალურად და ვირტუალურად წარმოდგენილი ობიექტი სხვადასხვაგვარად აღიქმება და ახლა მნიშვნელოვანი დროა, რომ ამაზეც აქტიურად ვიმსჯელოთ”.

ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებს შორის ინტერვენცია არა გამოფენის ჩანაცვლება, არამედ პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ერთგვარი რეაქციაა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ხელოვანების – ირმინა რუშიცკას, ვერონიკა ლაჰიტეს, სანდრო სულაბერიძის, კატარინა შტადლერისა და ნინო ზირაქაშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრების ამსახველი ვიზუალური მასალა მუზეუმის გარე ბანერებზეა წარმოდგენილი, რომელიც პერიოდულად იცვლება. პირბადით წარმოდგენილ პროექტის მთავარ ვიზუალურ სიმბოლოსთან არსებული QR კოდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გადმოვიდნენ მუზეუმის ბლოგზე, სადაც ნამუშევრების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ღონისძიების წარდგენის ამ საინტერესო ხერხით დამთვალიერებლები, პარალელურად, ნამუშევრებთან  დაკავშირებით აბრეშუმის მუზეუმის მხრიდან შერჩეულ ექსპონატებსა თუ ობიექტსებსაც გაეცნობიან. ამგვარად, ინტერვენციის ფარგლებში, ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე ხელოვნებასა და აბრეშუმის მუზეუმის კონცეფციასა თუ ისტორიას შორის კავშირის დანახვაც შეუძლიათ.

“ეს კავშირი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ნინო კუპრავასთან (აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი), მარიამ შერგელაშვილთან (საგამოფენო პროექტების კურატორი) და სალომე ფაჩუაშვილთან (კოლექციების კურატორი) ერთად განვიხილეთ ამ ნამუშევრების კონცეფციები და თითოეულთან დაკავშირებით რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მუზეუმიდან. შევარჩიეთ, როგორც მუზეუმის მთავარ შემოსასვლელში არსებული ინტერიერის დროებითი დეტალი, ასევე, კონკრეტული ექსპონატები: XIX საუკუნის მიწურულს გადაღებული ეთნოგრაფიული ფოტოსურათი, ობიექტით წარმოდგენილი აბრეშუმის პარკის ამოხვევის პროცესი, აბრეშუმის ჭიისგან პირდაპირ შეღებილი ძაფის მიღების რადიკალური ექსპერიმენტი, მაქმანის კოლექცია და მის მიღმა არსებული მძიმე ისტორია. აქ ნამუშევრები, სახელოვნებო მიდგომები და მუზეუმის სპეციფიკა სხვადასხვა ასპექტით უკავშირდება ერთმანეთს და ვფიქრობ, როგორც ექსპონატების, ასევე, რიგი საკითხების ზედაპირს მიღმა დანახვასა და გადააზრებაში გვეხმარება. ამ კავშირების ძიება ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესია. ეს ინფორმაცია უფრო დეტალურად მუზეუმის ბლოგზეა წარმოდგენილი”.

პროექტის საჯარო პროგრამის ფარგლებში ხელოვნების მოყვარულებს მოხსენებებისა და სექციის “ხელოვანი მუზეუმში” ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა აბრეშუმის მუზეუმის ბლოგსა და Facebook გვერდზე აქვთ. ჩანაწერებში მსმენელთათვის საინტერესო და მრავალფეროვან თემებს ხელოვანები და სხვა კომპეტენტური პირები განიხილავენ.

“მოხსენებებში პროექტის საკითხების ნაწილი უფრო თეორიული კუთხით და ადგილობრივ კონტექსტშია განხილული. ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძემ ისაუბრა იდენტობის მოტივტივე გაგებაზე, პოსტმოდერნიზმის მეტაფორებსა და დეტერიტორიალიზაციაზე, რაც საქართველოდან წასული, საზღვარგარეთ მოღვაწე ხელოვანების მაგალითზე განიხილა. ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოხსენება შეეხებოდა ქართული კულტურის განსაზღვრებას, რაც მან პოსტიმპერიულ და პოსტკოლონიურ კონტექსტებში გაანალიზა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა”.

საჯარო პროგრამის სპეციალური სექციის „ხელოვანი მუზეუმში“ ფარგლებში პროექტში მონაწილე საქართველოში მოღვაწე ხელოვანები საკუთარ ნამუშევრებსა და მიდგომებზე საუბრობენ, აგრეთვე, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ეძებენ და განიხილავენ კავშირებს აბრეშუმის მუზეუმთან. მომხსენებლებს შორის არიან: კატარინა შტადლერი, მარიამ შერგელაშვილი, სანდრო სულაბერიძე, სალომე ფაჩუაშვილი, ნინო ზირაქაშვილი და ნინო კუპრავა. 

დათამ თანამედროვე ხელოვნებისა და აბრეშუმის მუზეუმს შორის კავშირის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

“აბრეშუმის მუზეუმი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორიის მქონე დაწესებულებაა, რომელიც დღეს მუდმივად ცდილობს საკუთარი გამოცდილებისა და წარსულის გადააზრებით ახლებური მიდგომების ძიებასაც. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმი შეისწავლის კოლექციებს, ინახავს ცოდნას და აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით. თანამედროვე ხელოვნებას შეუძლია მუზეუმში ძიების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადოს, დაგვანახოს დაწესებულების წარსულიც და დღევანდელობაც, მისი როლი და მიმართება თანამედროვე გარემოსთან. ეს აბრეშუმის მუზეუმში უკვე წლებია მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შემთხვევაა, ადგილობრივ კონტექსტშიც და ალბათ, საერთაშორისო მასშტაბითაც. ვფიქრობ, პირდაპირი გაგებით, თუ კონცეპტუალური კავშირით, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ეს „ძველი იდეების ახალი ლექსიკონის“ ფარგლებშიც გამოიკვეთა”.

აბრეშუმის მუზეუმმა ღონისძიებების განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფორმატით განხორციელებით მუზეუმის კარი ერთგულ სტუმრებს ვირტუალურად გაუღო. იმის ფონზე, რომ  “ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” დასასრულს უახლოვდება, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტით აბრეშუმის მუზეუმმა ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობა შესანიშნავად მოახერხა.

პროექტის „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ ორგანიზატორია MeetFactory / პრაღა (ჩეხეთი), პარტნიორი ორგანიზაციები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი / თბილისი (საქართველო), TRAFO Center for Contemporary Art / შჩეცინი (პოლონეთი) და hablarenarte / მადრიდი (ესპანეთი).

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით. ადგილობრივი მხარდამჭერები: შემოქმედებითი საქართველო; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.  

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

ავტორი: თამარი კიზივაძე

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.