fbpx

როგორ გავუმკლავდეთ მოულოდნელ გამოწვევებს და გადავლახოთ ბარიერები


გააზიარე სტატია

სტატიის წარმდგენია: ბენეფიტსი

კოვიდ-პანდემია ნებისმიერი ადამიანისთვის მოულოდნელი გამოწვევა იყო. არავინ ველოდით, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში სახლში დარჩენა მოგვიწევდა, ქუჩებში ყველაფერი დაიკეტებოდა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლებდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ 21-ე საუკუნეში კაცობრიობის მთავარი გამოწვევა, მათ შორის, რაც აქამდე ყოფილა.

ამ ვითარებამ კარგად დაგვანახა, რომ ცხოვრება მოულოდნელი გამოწვევებით შეიძლება იყოს სავსე. რამდენად მომზადებული ვართ ამ ყველაფრისთვის და როგორ გავუმკლავდეთ მას? – აი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ამ სტატიაში უნდა გავცეთ პასუხი.

რადგან პირველ რიგში ჯანმრთელობას შევეხეთ, ამ თემაზე გავჩერდეთ. პანდემიისგან დამოუკიდებლად, ჯანმრთელობა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც ყოველთვის შეიძლება მოულოდნელ გამოწვევად იქცეს ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან ხშირად, ჩვენ ამას მოუმზადებლები ვხვდებით – როგორც ფინანსურად, ისე ადმინისტრაციულად და ფსიქოლოგიურად. დაფიქრდით, გაქვთ თუ არა წინასწარ შერჩეული კლინიკა, სადაც ხშირად იტარებთ გამოკვლევებს? ხართ თუ არა ფინანსურად მომზადებული იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიღოთ? იქნებ პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავს მსგავს მდგომარეობაში ვერ წარმოიდგენთ? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ ძალიან გვიჭირს, რადგან სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით.

იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გამოწვევებისთვის მომზადებულები ვიყოთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებით უნდა ვისარგებლოთ. გადახედეთ პაკეტებს, თქვენს ყოველთვიურ ან წლიურ ბიუჯეტში კი მინიმუმ საბაზისო დაზღვევის თანხები გაითვალისწინეთ, რაც მნიშვნელოვნად არ შეცვლის თქვენს ხარჯებს. ეს მართლა ასეა და ამაში თავად დარწმუნდებით მცირე ინფორმაციის მოძიების თანავე. სამაგიეროდ, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგს აირიდებთ თავიდან.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანი და ხშირად მოულოდნელი გამოწვევაა ხოლმე ჩვენთვის, სტრესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ამის მიზეზი შესაძლოა ბევრი რამ იყოს: სამსახურის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, პირადი ცხოვრების პრობლემები, ხანგრძლივი დროით სოციუმთან განშორება და პანდემიაც კი. მიუხედავად მიზეზების სიმრავლისა, ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხელს გვიშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებაში. ამ საკითხზე შედარებით ვრცლად ჩვენს წინა სტატიაშიც ვისაუბრეთ, თუმცა აქ გვსურს დავამატოთ, რომ გარდა ფსიქოლოგთან კონსულტაციისა, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მისი ამოცნობა და მოქმედებაა. თუ თქვენ უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდით, მედიტაცია და განტვირთვა საუკეთესო საშუალებაა დასამშვიდებლად, მოვლენების გასაანალიზებლად, სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც ვარჯიში, იოგა, ფეხით სეირნობა, ველოსიპედით სიარული ქუჩებში და სხვა…

მესამე, რაზეც გვსურს ყურადღების გამახვილება, ისეთი მდგომარეობაა, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ და ჩვენს წინაშე უზარმაზარი ბარიერია აღმართული. წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: სამსახურში მიიღეთ ისეთი დავალება, რომელიც აქამდე არ შეგისრულებიათ და არ იცით როგორ გააკეთოთ? რაიმე გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები და არ იცით რა მოყვება ამას? – ვითარება შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ამ დროს განცდები თითქმის ერთნაირია. შფოთვა, ნერვიულობა, სტრესი, უძილო ღამეები – ეს ყველაფერი ნაცნობია. ასეთ დროს, ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბარიერის გადასალახად გამოცდილების გაზიარებაა. მოიძიეთ ინტერნეტში მსგავსი შემთხვევები, მიმართეთ მეგობრებს რჩევისთვის, დაპოსტეთ სხვადასხვა ხალხმრავალ ჯგუფებში ანონიმურად… ერთი სიტყვით, ითხოვეთ დახმარება და დღევანდელ სამყაროში, მას აუცილებლად მიიღებთ სხვადასხვა გზებით.

მთლიანობაში, შეგვიძლია გითხრათ, რომ ცხოვრება მოულოდნელი გამოწვევებით სავსეა და ამაში თანაბრად დავრწმუნდით ყველანი. მასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება კი მოქმედება, დამხმარე ხელის მოძიება, შედეგების წინასწარ გათვლა, გამოცდილების გაზიარება და სწორი გეგმის დასახვაა.

მთავარია, ბარიერებმა და გამოწვევებმა არ შეგვაშინოს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.