ანი გავვას 10 ფოტოამბავი ინსტაგრამიდან
ანი გავვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა, ვინც კი ბოლო დროს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მოდის სამყაროში გამოჩნდა. უყურებ ფოტოსესიებს მისი მონაწილეობით, სხვადასხვა მოდის სახლებისთვის და გარდა ძალიან გამორჩეული გარეგნობისა, თვალშისაცემი ხდება ანის არტისტულობა, ტრანსფორმაციის საოცარი უნარი და ხასიათი, რომელიც ძალიან მოუხდებოდა კინოს. მომავალში შეიძლება კინოც იყოს, თუმცა მანამდე ანის მის ამჟამინდელ ძალიან წარმატებულ სამოდელო პერიოდზე ვესაუბრეთ.
AT.GE: ანი, ითვლება, რომ მოდელობა ცოტა გვიან, 20 წლის ასაკში დაიწყე, თუმცა პირდაპირ Balenciaga-ს, Gucci-ის და Margiela-ს ჩვენებებსა თუ სარეკლამო კამპანიებში გამოჩნდი. როგორ მოხდა ეს?
ამ სფეროში საკმაოდ გვიან, თუმცა სწორ დროს აღმოვჩნდი. მაშინ როდესაც დემნა გვასალიას წარმომავლობის გამო საერთაშორისო პრესა საქართველოთი და Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ით დაინტერესდა. როგორც დამწყები მოდელისთვის, ჩემი კარიერის საუკეთესო დასაწყისი და პირველი მნიშვნელოვანი ქასთინგი იყო გრიგორ დევეჯიევთან.
სწორედ გრიგორთან მუშაობის პროცესში მოვირგე ქართველი დიზაინერების სამოსი და შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყე მათთან თანამშრომლობა. რაც შეეხება Balenciaga-ს, ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შოუ, რომლის ქასთინგის დირექტორს თავად დავუკავშირდი, ხოლო Gucci-ის და Margiela-ს ბრენდებთან მუშაობა უკვე საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობით მოხდა, რომლებთანაც სწორედ Balenciaga-ს შოუს შემდეგ გავაფორმე კონტრაქტი.
დემნა გვასალიამ ლონდონის ყველაზე ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიაში, Dover Street Market-ში შენი ცვილის ფიგურა დადგა. მოგვიყევი ეს ამბავი.
ჰიპერრეალისტური მანეკენის შექმნას დიდი დრო დასჭირდა. პროექტის შემოთავაზების შემდეგ მქონდა პრობლემები დიდი ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით, რადგან ვიზის მიღება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. საბედნიეროდ, ბრენდმა შემოთავაზება არ გამიუქმა და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა შედგა. დიდ ბრიტანეთში ჩავედი, რომ ზუსტი ზომები აეღოთ. გადაიღეს ყველა დეტალი, მათ შორის ტატუები, თმისა და თვალის ფერი. სხვა ინფორმაცია მანეკენის შექმნის პროცესის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაა.
რომელი უფრო გხიბლავს ფოტოსესიები თუ ჩვენებები?
ჩემთვის ორივე საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, ფოტოსესია გაცილებით საინტერესო პროცესია, რაც გეხმარება დროთა განმავლობაში გახდე უფრო თავდაჯერებული და არტისტული.
რა გიტაცებს მოდელობის გარდა?
ჩემი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი უკავშირდება ხელოვნებას, იქნება ეს წიგნის კითხვა, ხატვა, მუსიკა თუ სხვა რამ. პანდემიამდე ხშირად დავდიოდი გამოფენებსა და მუზეუმებში. ვმოგზაურობდი და ვიღებდი ფოტოებს. რამდენიმე თვის წინ დავიწყე კერამიკის შესწავლა, შევქმენი ონლაინ მაღაზია – Sounds Naked და სწორედ ახლა ვმუშაობ ჩემს პირველ კოლექციაზე.
10 ფოტო ინსტაგრამიდან
View this post on Instagram
ეს არის ჩემი პირველი ქასთინგის ფოტო გრიგორ დევეჯიევთან, რამაც შემდგომში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გრიგორთან თანამშრომლობით მივიღე დიდი გამოცდილება, რაც პროფესიული თვალსაზრისით დღემდე მეხმარება.
View this post on Instagram
ხედი Louvre-ის მუზეუმის ფანჯრიდან. ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო ხელოვნებისთვის, მაშინაც კი, როცა ქასთინგებს შორის მცირე შესვენება მაქვს.
View this post on Instagram
ჩემი რამდენიმე საყვარელი მხატვრის შემოქმედება ასევე Louvre-დან, მათ შორისაა ფილიპ დე შამპენი, ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური და სხვა.
View this post on Instagram
პირველი ბრენდი, რომლის სარეკლამო კამპანიაშიც მივიღე მონაწილეობა, „სიტუაციონისტი“ იყო. ეს ფოტოც სწორედ „სიტუაციონისტის“ ჩვენების კულისებიდანაა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.
View this post on Instagram
ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს, მათ შორის ჩვენებებზეც და თუკი ნებას მრთავენ, ყოველთვის ვიღებ სამახსოვრო მომენტებს. ეს არის 2018 წელს გადაღებული ფოტოები Diesel-ის დახურული ჩვენების კულისებიდან. Diesel იყო პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომლის შოუზეც მივიღე მონაწილეობა.
View this post on Instagram
მერაბ ჭუმბურიძის ფოტო ქართველი დიზაინერის, „დათუნა სულიკაშვილის“ სარეკლამო კამპანიისთვის.
View this post on Instagram
Act N°1 – არის ბრენდი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი Galib Gassanoff საქართველოდანაა. მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ორჯერ მივიღე მათ ჩვენებაში მონაწილეობა. ეს იყო ყველაზე რთული შოუ, რადგან წყალში უნდა გამევლო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
View this post on Instagram
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი დიზაინერის, KEBURIA-ს კოლექციის ჩვენებიდან თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე.
View this post on Instagram
ასევე ფოტო მოდის კვირეულიდან, რომელიც გადაიღო თორნიკე აივაზიშვილმა Aka Prodiashvili-ის კოლექციის ჩვენებაზე.
View this post on Instagram
ქართული ბრენდის, Materiel-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ფოტო, რომლის დიზაინერიც თიკო პაქსაშვილია.