fbpx

ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე ქალები


გააზიარე სტატია

 

21-ე საუკუნეში სპორტის არცთუ ისე პოპულარული სახეობა ჭადრაკი, ნეტფლიქსის სერიალმა “დედოფლის გამბიტი” ისევ აქტუალური გახადა.

სერიალის გამოსვლის შემდეგ გაიზარდა ჭადრაკით დაინტერესებულთა რიცხვი. გუგლის საძიებო სისტემაში მომხმარებლები აქტიურად ეძებდნენ აპლიკაციებს, რისი მეშვეობითაც ონლაინსწავლას და თამაშს შეძლებდნენ.

სერიალის მთავარი გმირი, ვუნდერკინდი მოჭადრაკე ბეთ ჰარმონი გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა ასეთი ნიჭიერი სპორტსმენები რეალურ სამყაროში ბევრი გვყავს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ყველა დროის საუკეთესო  მოჭადრაკე ქალების სიაში მუდმივად ეწერებოდა ქართული სახელები და გვარები.

თვალი გადავავლოთ იმ  მოჭადრაკე ქალებს, რომლებიც სხვადასხვა სპორტული გამოცემის და რეიტინგის მიხედვით საუკეთესოებად ითვლებიან.

ჯუდიტ პოლგარი უნგრელი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ  მოჭადრაკე ქალად ითვლება. 1991 წელს ჯუდიტ პოლგარმა 15 წლის და 4 თვის ასაკში მიიღო დიდოსტატის წოდება და გააუმჯობესა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბობი ფიშერის რეკორდი, რომელმაც ეს ტიტული 15 წლის და 6 თვის ასაკში მოიპოვა. ჯუდიტი იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ფიდეს საუკეთესო მოჭადრაკეების ასეულში მოხვდა – 12 წლის ასაკში 55-ე ადგილს იკავებდა. 

2002 წელს ისტორიული მოვლენა მოხდა როგორც ჯუდიტის კარიერაში, ასევე, ზოგადად, მსოფლიო ჭადრაკში – ჯუდიტ პოლგარმა სწრაფ ჭადრაკში მოუგო გარი კასპაროვს. ეს თამაში და მოგება ორი მთავარი მიზეზით იყო მნიშვნელოვანი: პირველი  – ისტორიაში პირველად  მოჭადრაკე ქალმა მსოფლიოს ნომერ პირველ მოთამაშედ აღიარებული  მოჭადრაკე კაცი დაამარცხა და მეორე – არანაკლებ მთავარი იყო ის, რომ კასპაროვი ამ თამაშამდე სერიოზულად არ განიხილავდა ქალებს, როგორც პროფესიონალ მოჭადრაკეებს, თუმცა ამ თამაშის შემდეგ აზრი შეიცვალა და როგორც ინტერვიუებში აღნიშნა, ის “ცდებოდა” და თეორიულად მაინც უშვებს მომავალში  მსოფლიო ჩემპიონი ქალის არსებობას.

2005 წელს ჯუდიტი კარიერის პიკში იყო – მსოფლიო რეიტინგში მე-8 ნომერი გახდა. სწორედ ამიტომ, იმავე წელს მიეცა კვალიფიკაცია გასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ისტორიული მოვლენა იყო – აქამდე არც ერთ ქალს არ მიეღო მონაწილეობა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე და მხოლოდ კაცები ასპარეზობდნენ.

ჯუდიტის მსგავსად, მისი  დებიც – სიუზანი და სოფია წარმატებული მოჭადრაკეები არიან.

გოგოებმა დაწყებითი განათლება სახლში, მშობლებისგან მიიღეს, ხოლო მათი მწვრთნელი ჭადრაკში მამა, პასლო პოლგარი გახლდათ. პასლო წინააღმდეგი იყო შვილებს  მხოლოდ ქალთა  შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა. ის თვლიდა, რომ ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, სადაც ქალებს ისეთივე შესაძლებლობები აქვთ, როგორც კაცებს. მამის პოზიციას იზიარებს ჯუდიტიც, ის იშვიათად მონაწილეობდა მხოლოდ ქალთა  ტურნირებში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა კი არც არასდროს მიუღია. 

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. 1978 წლამდე ამ ტიტულს მხოლოდ  მოჭადრაკე  კაცები იღებდნენ.

ნონა გაფრინდაშვილი ქალთა შორის  მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში პირველად 1962 წელს, 21 წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ ოთხჯერ დაიცვა ტიტული და მხოლოდ 1978 წელს დამარცხდა კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკესთან, 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან.

ნონა გაფრინდაშვილს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვების რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ხოლო ინდივიდუალურად 9 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. გაფრინდაშვილი საქართველოს ოთხგზის, ხოლო საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი წარმატებით ასპარეზობდა კაცთა საჭადრაკო ტურნირებზე.

მაია ჩიბურდანიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გოგონათა შორის 15 წლის ასაკში, 1975 წელს გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, 1976 წელს საბჭოთა კავშირის ქალთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მაიამ მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის 1978 წელს მოიგო, იმდროინდელი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის დამარცხებით. ამ გამარჯვებით ჩიბურდანიძე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოჭადრაკე, რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის. მაიამ ტიტული კიდევ ოთხჯერ დაიცვა, ხოლო 1991 წელს ტიტულის დათმობა მოუწია, რადგანაც ჩინელმა სიუ ძუნიმ დაამარცხა. 

მაია 2010 წლამდე ითვლებოდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონ ქალად,  სანამ მისი რეკორდი ჩინელმა ჰოუ იფანიმ არ გააუმჯობესა.

ფიდემ დიდოსტატის ტიტული 1984 წელს მიანიჭა და ის გახდა ამ ტიტულის მფლობელი მეორე ქალი მსოფლიოში. პირველი, ასევე ქართველი, ნონა გაფრინდაშვილი იყო. 

ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მაიაც აქტიურად ასპარეზობდა კაცთა ტურნირებში და დიდი წარმატებებიც ჰქონდა 1980-1990-იან წლებში. 

მაია 15-ჯერ მონაწილეობდა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ქალთა შორის. მაია 9-ჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო 3-ჯერ ვიცე-ჩემპიონი.

26 წლის ჩინელი მოჭადრაკე – ჰოუ იფანი ფიდეს რეიტინგში მოჭადრაკე ქალთა შორის პირველ ადგილზეა.

ჰოუ ჭადრაკით სამი წლის ასაკში დაინტერესდა, ხოლო აქტიურად თამაში ხუთი წლისამ დაიწყო. 12 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, რომელსაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე და საჭადრაკო ოლიმპიადაზე. 2007 წელს გახდა  დიდოსტატი ქალთა შორის, ხოლო  დიდოსტატის წოდება 2008 წლის აგვისტოში დაიმსახურა 14 წლის და 6 თვის ასაკში. ამ ტიტულით ის  ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე გახდა მსოფლიოში, რომელმაც დიდოსტატის წოდება დაიმსახურა. 2010 წელს, 16 წლის ასაკში,  მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა  ჭადრაკში ქალთა შორის  და ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქალი. 

ჰოუ მესამე  მოჭადრაკე ქალია მაია ჩიბურდანიძის და ჯუდიტ პოლგარის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს 100 საუკეთესო მოჭადრაკის სიაში დასახელდა.

იმის მიუხედავად, რომ პატარა ასაკიდან მისი ცხოვრება ჭადრაკთანაა დაკავშირებული, უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული და პირადი რეკორდი დამყარებული, ჰოუ ცდილობს, რომ ცხოვრება ჭადრაკის სამყაროს გარეთაც ჰქონდეს. 2012  წელს ჩააბარა პეკინის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შემდეგ კი სტიპენდია მოიპოვა და მაგისტრის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიცვა. 

ჰოუმ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ამჯერად აკადემიური მიმართულებით – 2020 წელს, 26 წლის ასაკში, ის გახდა შენჟენის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.