fbpx

ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი შენ ხარ!


გააზიარე სტატია

სანტა კლაუსის მთავარი გზავნილი მათთვის, ვისაც სასწაულების სჯერა

როგორია სანტა? – ამ შეკითხვაზე ყველას ერთი პასუხი აქვს: ის ფუმფულაა, თეთრი წვერი აქვს და წითელი სამოსი აცვია. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. დაახლოებით 100 წლის წინ, ახალი წლის მთავარი გმირი სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტანსაცმელს იცვამდა, უმეტესად გამხდარი იყო და არც მთლად ასეთი თბილი ხასიათით გამოირჩეოდა. ის სანტა კი, რომელიც მთელმა სამყარომ ასე ძალიან შეიყვარა, ერთი საუკუნის წინ, „კოკა-კოლამ“ გამოიგონა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ეს უნივერსალური ბრენდი ყველაზე მეტად ასოცირდება სეზონთან, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს; წუთებთან, რომლებსაც ოცნებების ახდენა შეუძლიათ; და ბუხართან, საიდანაც წითელი ქარავანი გამოდის…

 

 

„წყურვილს სეზონი არ აქვს“

„კოკა-კოლას“ საახალწლო ისტორია 1920 წელს იწყება, როცა სადღესასწაულო ფუსფუსში ჩართულმა ელფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სასმელი საშობაო ჰიტად გადაექციათ. სანტას ახალი სახე, რომელიც პირველ რეკლამაში გამოჩნდა, მთელ მსოფლიოს ახსენებდა, რომ „წყურვილს სეზონი არ ჰქონდა“. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე ცნობილ გამაგრილებელ სასმელს, ყინულებთან ერთად, ზამთარშიც სიამოვნებით დალევდნენ და უფრო მეტიც – ახალი წელი „კოკა-კოლას“ გარეშე აღარასოდეს მოვიდოდა!

 

სანდბლომის სანტა

ისტორია, ჯერ კიდევ, წმინდა ნიკოლოზის პორტრეტიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, ის ბავშვების დამცველი იყო და ყველაფერს, რაც ჰქონდა, გაჭირვებულებს ურიგებდა. ამიტომაც იყო, რომ ის სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და რელიგიის წარმომადგენლებს ერთნაირად უყვარდათ. სწორედ ამ უნივერსალური ხასიათით გამოარჩია„კოკა-კოლამაც“, რომელმაც წმინდა ნიკოლოზი ყველაზე კეთილ სარეკლამო სახედ და ბავშვების საყვარელ სუპერგმირად გადააქცია.

მისი პორტრეტი, პირველ რიგში, ჰედონ სანდბლომმა შეცვალა. წარმოუდგენელია, მაგრამ სანტა, რომელიც ყველგან გვხვდება – საკულტო წითელი ფორმით, ჭაღარა წვერით, ტკბილეულისგან მოსუქებული მუცლითა და კეთილი სახით – სინამდვილეში ამერიკელი მხატვრის ავტოპორტრეტია.

 დროსთან ერთად, სანდბლომის ილუსტრაციებში ბევრი რამ იცვლებოდა – ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ პერსონაჟები, ისტორიული მოვლენები და ნივთები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. ტექნოლოგიური ევოლუციის კარგი მაგალითია სანტას ტომარაში მოთავსებული ხის სათამაშოები, რომლებიც რამდენიმე წელში ელექტრონულმა ვერტმფრენმა და მატარებელმა ჩაანაცვლა. 

მოკლედ, თუ დაგვიჯერებთ და „კოკა-კოლის“ საახალწლო ილუსტრაციებს დაათვალიერებთ, თქვენ თვალწინ მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები გადაიშლება. თუმცა, ნივთებისა და სიტუაციებისგან განსხვავებით, უცვლელი იქნება ერთი რამ – სანტას კეთილი, მომღიმარი სახე, რომელიც ერთი გამოხედვით მოგვაჯადოებს და შეგვახსენებს, რომ სანამ მისი არსებობის გვჯერა, ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია.

 

პოლარული დათვები

ეს ის პერსონაჟები არიან, რომლებიც ყველაზე ცივ ადგილს, მაგრამ ყველაზე თბილ ემოციებს უკავშირდებიან. როგორც აღმოჩნდა, მათ შექმნაში მთავარი როლი ამქვეყნად ყველაზე მეგობრულმა, ერთგულმა და კეთილმა არსებამ შეასრულა. ვგულისხმობთ კენ სტიუარტის ძაღლს, რომელიც პატრონთან მაშინ მივიდა, როცა ის ახალი სარეკლამო გმირის გამოგონებაზე მუშაობდა. „მაშინ გავიფიქრე, რა მაგარი იქნებოდა, რომ ის გრძნობა, რომელიც ჩემი ძაღლის მიმართ მაქვს, როგორმე ანიმაციაში გამომეხატა-მეთქი,“ – იხსენებს კენი ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, – „ისიც მინდოდა, კოკა-კოლას ზღაპრული და ჯადოსნური ხასიათი სრულად შემენარჩუნებინა. აი, ასე გაჩნდნენ პოლარული დათვები, რომლებიც ყოველთვის კოკა-კოლას სიმობლოებად დარჩებიან.“

პოლარული დათვების ყველაზე ცნობილ რეკლამად დღემდე რჩება 1993 წლის „ჩრდილოეთის ციალი“. ამას მალევე მოჰყვა სიუჟეტები სხვადასხვა სცენარით, სადაც, არცთუ ისე იშვიათად, ცნობილი სანტა კლაუსიც ჩნდებოდა. დათვები ეკრანებზე დღესაც ბრუნდებიან და სულ გვახსენებენ, რომ ოჯახი და ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

წითელი ქარავანი

სანტაზე არანაკლებ ცნობილია მისი ტრანსპორტიც, რომელიც ტრადიციული ეტლისგან განსხვავებით, თანამედროვე ბორბლებზე დადის და მთელი დედამიწის გარშემო მოგზაურობს. 

წითელი სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი! ის სავსეა იდუმალი საჩუქრებით, ზღაპრული სიურპრიზებით, რწმენებითა და იმედებით, რომლებსაც დაუნანებლად ურიგებს ყველას, ვისაც გვერდით ჩაუვლის. 

ჯადოსნური მოგზაურობა 25 წლის წინ დაიწყო და ყოველ წელს უწყვეტად გრძელდება. რაც მთავარია, „კოკა-კოლას“ სანტას გულწრფელად სწამს, რომ ცუდი ბავშვები არ არსებობენ და არიან მხოლოდ მოწყენილი ბავშვები, რომლებსაც პატარა სასწაული სჭირდებათ. სწორედ ასეთ სასწაულს ჰგავს ხოლმე ბრჭყვიალა თოვლით, ჟრუანტელის მომგვრელი ჰანგებითა და სანტას ნაცნობი სახით მოსიარულე ციმციმა ქარავანი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის და ყველას ერთ მაგიურ ფრაზას გვამეორებინებს:  “Holidays Are Coming”.  

 

ერთად ყოფნა ყველაზე ძვირფასი საჩუქარია

„კოკა-კოლას“ კიდევ ერთი სუპერძალა აქვს – ის ყოველ წელს სხვადასხვა მესიჯით გვახსენებს, რომ ყველას შეგვიძლია, სანტები ვიყოთ და სასწაულები მინიმალური ძალისხმევით მოვახდინოთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი, რწმენა და სიყვარული. 

„კოკა-კოლას“ საახალწლო მაგია წელსაც დაბრუნდა – ჩაფიქრებული სურვილით, დიდი თოვლით, ზღაპრული ქარავნითა და სანტას უცვლელი ღიმილით. საშობაო სასწაულის მოსახდენად ბრენდის წარმომადგენლები, „ბაჭია ჯოჯოს“ რეჟისორი და Wieden+Kennedy-ის კრეატიული ჯგუფი გაერთიანდნენ და დისტანციურად, პანდემიის წესების სრული დაცვით, მაყურებლებს ყველა წინამორბედისგან განსხვავებული ამბავი უსახსოვრეს.

„რადგან ახლა ძალიან რთული პერიოდია და ადამიანებს ცოტა ხნით მაინც გვჭირდება რეალობიდან გაქცევა, წლევანდელ საშობაო ამბავს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. უნდა შეგვექმნა ის, რისი ყურებაც გაგვახსენებდა ყველაზე მთავარს – საყვარელ ადამიანებსა და მათთან გატარებული დროის მნიშვნელობას,“ – ამბობენ ბენ შეიფერი და ტომას კოლმენი. 

ტაიკა ვაიტიტის „წერილი“ ისეთივე შინაარსიანი, საინტერესო, ლამაზი, დრამატული და ემოციურია, როგორიც მისი „ბაჭია ჯოჯო“ იყო, რომელმაც კინომოყვარულებს თავი ოსკარის 6 ნომინაციით, დაუვიწყარი სიუჟეტით, კეთილი გმირებით, ღიმილიანი ცრემლებითა და ჟრუანტელისმომგვრელი მომენტებით დაამახსოვრა. 

„კოკა-კოლას“ ახალ რეკლამაში კი რეჟისორმა შეგვახსენა, რომ დღეს, როცა პანდემიამ სახლებსა და საკუთარ თავებში ჩაგვკეტა, ჩახუტება აგვიკრძალა და ჩვენ შორის მანძილი ასე უმოწყალოდ გაზარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის სიყვარულია; და მაშინაც კი, როცა ყველა მაღაზია დაიცლება და ყველა ჩამოწერილი სურვილი ასრულდება, ვერაფერი იქნება იმაზე ძვირფასი, ვიდრე ერთად გატარებული დრო. ამას გულისხმობს მთავარი მესიჯიც: „წელს, შობას, აჩუქე ის, რისი ჩუქებაც მხოლოდ შენ შეგიძლია“. 

მოკლედ, „კოკა-კოლამ“ საახალწლო განწყობა წელსაც ყველაზე ადრე და ყველაზე საჭირო დროს მოგვიტანა. დიახ, უკვე დროა, ავაციმციმოთ სახლები, თვალები და იმედები; დროა, მოვიმარაგოთ წითელი ბოთლები სახლის, მეგობრობისა და ბედნიერების არომატით; და როცა ყველაზე მნიშვნელოვანი 00:00 საათი დადგება, ჩავიფიქროთ ის, რაც თურმე ყველაზე მეტად გვჭირდება – ერთად ყოფნის, ჩახუტებისა და სიახლოვის თავისუფლება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.