fbpx

დიეგო კარგი კაცია


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

 

თბილისში მარადონა ალბათ ისევე უყვარდათ როგორც ნეაპოლში და ბუენოს აირესში. თუმცა ბევრს ისევე სძულდა როგორც რიო დე ჟანეიროში, როცა მისი პასით კანიჯამ გაიტანა და ბრაზილიელები სახლში გაუშვა, ან როგორც ლონდონში, როცა „ღმერთის ხელით“ დასაჯა ინგლისელები.

თბილისი და მარადონა განსაკუთრებული ისტორიაა.

ძველი თაობის ჟურნალისტებით დაწყებული, რომელთა კარიერაში მთავარ კითხვად დღემდე რჩება: „ პელე თუ მარადონა“, ქუჩაში ბავშვების თამაშში ჩარევის მოყვარული უბნის კოლორიტით დამთავრებული, რომელსაც უყვარს ე.წ „ბაჩოკით“ დაგორებულ ბურთზე დარტყმა და ამაყი წამოძახილი: „მარადონაააა“. ეს ის ქალაქია, სადაც მესის, მარადონას ჩინურ ვერსიას ეძახიან.

მარადონა კარგი კაცია, იმიტომ რომ ჟოაო აველანჟი და ფიფა არ უყვარს, ჩვენ კიდე გვიყვარს ხალხი ვინც ესტაბლიშმეტთან ვერ დალაგდა, წესებს არღვევს და ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ მიდის.

მარადონას თავისი წესები აქვს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

მარადონას შეუძლია იტიროს ფინალის წაგების შემდეგ, და ამის გამო არავინ არ წამოაძახებს რომ boys don’t cry, შეუძლია გოლის აღნიშვნისას სატელევიზიო კამერას შეაფურთხოს,  მთელი გუნდი მოატყუოს და ისე გაიტანოს.

მარადონას შეუძლია იაროს ღამის კლუბებში, „დაიმხოს“ ნეაპოლი და მერე მაინც ყველაზე მაგრად ითამაშოს. შეუძლია უსახური არგენტინის ნაკრები ფინალამდე მიათრიოს.  თბილისშიც შეუძლია ჩამოვიდეს, გასუქებული, დაბერებული მაგრამ მაინც ძველი დიეგო.

შეუძლია არგენტინის ნაკრების მწვრთნელიც გახდეს, ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს,  სამარცხვინოდ დამარცხდეს და მიუხედავად ამისა, ხალხის სიყვარული შეინარჩუნოს.

მარადონას შეუძლია იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან, იტალია გამოაგდოს და მიუხედავად ამისა, მთელ ნეაპოლს მაინც უყვარდეს, რადგან ის მათი დიეგოა.

თუმცა ეს ნეაპოლელები თვლიან რომ მარადონა მათია.  არგენტინელებიც ასე თვლიან.  ასე თვლის კიდევ ბევრი, მათ შორის თბილისშიც.  მე მგონი, ყველა მართალია. რადგან დიეგო ყველასია. როგორც მიქელანჯელო ან შექსპირია ყველასი.

 

 

ფეხბურთს მარადონას მერეც ბევრი ვარკსვლავი ყოლია და კიდევ ეყოლება.

კიდევ ბევრი იკითხავს: პელე თუ მარადონა ? ზიდანი თუ მარადონა? მესი თუ მარადონა ?

მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთს არ ყოლია და აღარც ეყოლება ასეთი ნიჭიერი, ჯიუტი, წესების და რაციონალიზმის წინააღმდეგ წამსვლელი, ძალიან ბედნიერი და თან ძალიან უბედური, ვირტუოზი ბიჭი, როგორიც იყო არის და იქნება, დიეგო არმანდო მარადონა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.