fbpx

კუკია – გასეირნება იმ უბნებში, სადაც არასდროს ვყოფილვარ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი


რაც უნუ მოპედი ვიყიდე, ბევრად უფრო მობილური გავხდი. აღარ ვაგვიანებ შეხვედებზე, პინები თითქმის იმავე დღეს მიმაქვს დამკვეთებთან, პურზე და საყიდლებზე მაღაზიაში ჩასვლა აღარ მეზარება, ამიტომ ცოტ-ცოტას ვყიდულობ და არაფერი მიფუჭდება.

მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ვეღარ გავდივართ, ერთი გრძელი და რამდენიმე მოკლე მივლინება მქონდა. ძირითადად კი თბილისში ვარ. ერთ ადგილას ყოფნა ჩემზე ცუდად მოქმედებს, ამას რაღაცნაირად სვეცკურად კი არ ვამბობ, აი ინსტაგრამ ნაშები რო ამბობენ ხოლმე სთორებში, “თუ ვერ ვმოგზაურობ, ვკვდებიიი” და ა.შ. არა, ახალ ადგილებს თუ ვერ ვნახულობ, ვიწყენ. ვეღარ ვიღებ და ვეღარ ვწერ. ამ ორ რამეს თუ ვერ ვაკეთებ, ნიშნავს, რომ არის იმის შანსი,  შიმშილით მოვკვდე, რადგან საარსებო ფულს წერით და ფოტოების გადაღებით ვშოულობ.

თბილისში ჩარჩენილმა ახალი გასართობი მოვიგონე. ვინაიდან ტრანსპორტი საშუალებას მაძლევს, მოდი, იმ უბნებში ავალ, სადაც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. აქამდე არ ვყოფილვარ ელიაზე, სოღანლუღში, დამპალოზე, კუკიაზე, სვანეთის უბანში, ლოტკინზე და კიდევ რამდენიმეგან. ისეთი ადგილებია, თუ გადაღებაზე არ გაგიშვა ვინმემ, თავად არასოდეს მოგინდება.  

მანქანით სიარული მაგარი არაკომფორტულია. რამე მოგეწონება, უნდა გააჩერო, გადმოხვიდე, გადაიღო, ჩაჯდე და ა.შ. სანამ დაპარკინგდები, იქამდე შეიძლება ობიექტი გაგექცეს. ან შეიძლება მანქანის ფანჯრიანი ჩარჩო გქონდეს ფოტოზე. ერთი სიტყვით, მანქანას ვუთხრათ სამი არა და გადავჯდეთ მოპედზე. მოპედიდან შეგიძლია ეგრევე ჯიბიდან გაისროლო, არც პარკინგზე გაწვალებს. 

ასე ავსისინდი კუკიაზე. როგორც 90-იანებში დასისინებდნენ “შისოტით”, ასე დავსისინებ ჩემი გრეტათი. მალაკნებიდან ავჭერი ეგრევე. 

კუკია აღმოჩნდა ულამაზესი, სრულიად ავთენტური და ბეტონით ჯერ არ გაფუჭებული. აქ თურმე სიმწვანეა, ქუჩები სწორადაა დაგეგმარებული, სახლებიც დიდწილად ძველებურია, ორსართულიანი ან ერთსართულიანი. შემოდგომის საღამოს სიყვითლე ისეთ განწყობაზე გაყენებს, როგორიც ძველ თბილისურ ფილმებშია, უფრო იმიტომ, რომ სული და დეკორაცია თითქმის არ შეცვლილა.

სახლები აქ მე-20 საუკუნის დასაწყისშია ძირითადად აშენებული და მეტწილად შენარჩუნებულიც. ვუყურებ და ვცდილობ შესაბამის პატრონებს მივაკუთვნო: აი აბაშაზე ორი ერთსართულიანი ელეგანტური და მოკრძალებული სახლი დგას ერთმანეთის პირდაპირ, შესაძლოა ერთი არქიტექტორის აშენებულიც იყოს, ერთში მგონია, რომ ვინმე მასწავლებელი ცხოვრობდა, მეორეში კიდევ ექიმი. იმასაც ვფიქრობდი, ვაჭრების სახლები ხომ არაა მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მათ ბევრად უფრო მეტი ფული ჰქონდათ და პომპეზურობები უყვარდათ. 

ქუჩას რომ თვალს გააყოლებ, სადღაც მიღმა ჩანს ახალი, განათებული თბილისი და ასე გგონია, რომ საერთოდ სხვა დროის განზომილებაში ხარ, რადგან ამ ქალაქს იმასთან კავშირი არ აქვს. 

კუკიაზე ქუჩები მშვიდია, შესაძლოა ამის მიზეზი მეზობლად გაშენებული უზარმაზარი სასაფლაოა. ნამდვილი ნეკრომეგაპოლისი. გაშენებული იმიტომ, რომ დღემდე ბარტყობს და გვერდებში იზრდება. სასაფლაოს რომ ასცდები, დიდებული ხედი იშლება: მთაწმინდა, ზედ შეზრდილი ცა და ცას შეკიდული წავკისი, ტაბახმელა და კოჯრის მისადგომები. 

რამდენჯერაც გავიხედე, იმდენჯერ გადაღება მომინდა. მაინც რა ესთეტია ადამიანის სული. არადა, სულ მინდოდა ტრეშერი ვყოფილიყავი. ჩემი ფეხები. სიმბოლური იყო საფლავებს მიღმა ამოსული დინამოს სტადიონის დანახვა, რომელიც მაკედონიასთან თამაშისთვის იყო განათებული. Ჩვეულებრივ საფლავებს მიღმა ჩანდა უზარმაზარი, 60000-კაციანი სპორტული საფლავი, სადაც იმ დღეს საბოლოოდ დასამარდა ქართული ფეხბურთი. 

ახლა მივხვდი მარცხენა სანაპიროზე ცხოვრების უპირატესობას: აქაურები თბილისის ყველაზე ბამბანერკა ხედს უყურებენ, ჩვენ კი მარჯვენა სანაპიროდან ჩაბნელებულ მარცხენას, თავისი უზარმაზარი შავი ლაქა სასაფლაოთი. აფერუმ კუკია. “და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს” – სულ ირაკლის ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში სასაფლაოზე სეირნობისას, თან უკვე ბნელოდა და მარტო განათებულ ანძას ვხედავდი. 

საფლავებს შორის გამავალ ასფალტის გზაზე მოპედით მივსისინებ და გარდაცვლილების არ მეშინია, როგორც დიდი ბებიაჩემი იტყოდა, “ცხენზე, რკინით ხელში აღარ მოგეკარება ფინთი და ბეითალმანი”, რომელსაც ასე უყვარს ბნელ საფლავებთან ჩაბუდება და მოსეირნეებისთვის ავი ნიშნის მიცემა. 

კუკიაზე სეირნობისას მუდმივად მაწუხებდა ვიღაცის მზერა. სულ თან დამყვებოდა. ჯერ ვიფიქრე, კატები მიყურებენ, ან მკვდრები. მერე მივხვდი, რომ თითოეული სახლის კედლიდან, ღობიდან, “ცეხის” კარებიდან, გაფენილი სარეცხის უკნიდან დიდი ძმა, ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი, ძია გიორგი ვოლსკი მიყურებს მოჭუტული თვალებით. 

ქვის “ცეხები”, რაღაც დენის ქვესადგური, სასაფლაოს რომ გასცდები, უცნაური ქვაკუთხა სახლები, ავტობუსები უცნაური ნომრებით, ძველებური ხის ანძები, ლამის ქუჩა, რომელიც სავარაუდოდ ფილიპ ლამის სახელობის არაა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა, აბაშის ქუჩა და ვაზი, ვაზი, ვაზი თითქმის ყველგან გადმოკიდებული და მიცოცებული. პატარა, განათებული სახლის მაღაზიები, ფეიბოქსები, მეტადონის ინფლუენსერები, იქვე, ჩემს თვალწინ ჩაბარებული თავანი და რაღაცნაირი თბილისური ჯიგარი, ცოტათი ნეაპოლისასაც რომ ჩამოჰგავს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.