fbpx

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი – 30 ნოემბერი – 20 დეკემბერი 


გააზიარე სტატია

 

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ონლაინრეჟიმში, 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე გაიმართება. ციფრულ ფორმატში ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება  ორგანიზატორებმა COVID 19-ის პანდემიის გამო მიიღეს. 

ფესტივალი წელს 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება – ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენება. 

 

„ინდუსტრიული დღეები“ 

ინდუსტრიული დღეები მრავალფეროვან და დინამიკურ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, დამწყებ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, ფესტივალის მონაწილეებსა და ზოგადად, ფართო საზოგადოებას.

კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პანელური დისკუსიები, რომელიც ZOOM-ში გაიმართება. ინდუსტრიული პლატფორმა მონაწილეებს სთავაზობს დისკუსიას – კოპროდუქციის საკითხები კინოინდუსტრიაში: ბალტიისპირეთის შედარებითი ანალიზი, რომლის ფარგლებშიც ასევე, განიხილება კოპროდუქციის წარმატებული მაგალითები: მანდარინები (ესტონეთი-საქართველო) და ნამე (საქართველო-ლიეტუვა). გარდა ამისა, სხვადასხვა კინოფესტივალის პროგრამერები გამართავენ პანელურ დისკუსიას – ფესტივალების დახურულ კარს მიღმა, და განიხილავენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფესტივალის პროგრამის შემუშავების მნიშვნელობა და წამყვანი კინოფესტივალების სელექციის პროცესი. რაც მთავარია, ისინი ისაუბრებენ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საერთაშორისო კინოფესტივალები ქართული კინოს წარმომადგენლებს სთავაზობენ.

დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს გაიმართება. 

 ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოდგენილი ვორქშოფების მთავარი მიზანია მონაწილეების კარიერული განვითარების ხელშეწყობა კინოინდუსტრიაში. ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული. პლატფორმის ფარგლებში ჩატარდება ინტენსიური ტრენინგები სიუჟეტის განვითარების, პროექტის პრეზენტაციის, ფიჩინგისა და შეფუთვის საკითხებზე. მონაწილეებს ასევე, საშუალება მიეცემათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაიარონ პროდიუსერებსა და დარგობრივ ექსპერტებთან. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი  მრავლისმომცველი პროგრამა ერთგვარი გზამკვლევია კინოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.  

არაორდინალურ რეჟიმში მუშაობის გამო წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კონკურსის გარეშე იმართება. მხოლოდ ფიჩინგ ფორუმში მონაწილე 3 საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით, რომელსაც მათ  საერთაშორისო ჟიური გადასცემს. 

 

მასტერკლასები

საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან: აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და შემოგვთავაზებენ შეხვედრებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე. 

 

კინოჩვენებები

უჩვეულო მოვლენების გამო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმების ჩვენებაც  ონლაინპლატფორმაზე გადაინაცვლებს და წინა წლებთან შედარებით  ფესტივალი მცირერიცხოვანი ფილმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE ფესტივალის პარტნიორების მიერაა ორგანიზებული, რომელზე გაწევრიანებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი. 20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“. პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში  კი – 4.  ყოველწლიური სექცია – „დამზადებულია გერმანიაში“ წელსაც  გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით შედგა. 

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

1. Memory House / მოგონებების სახლი
2. Charlatan / შარლატანი
3. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა
4. Another Round / თრობა
5. Delete History / ისტორიის წაშლა
6. Summer of ’85 / 85-ის ზაფხული
7. Bad Tales / ცუდი ზღაპრები
8. I Am Greta / მე გრეტა ვარ
9. Conference / კონფერენცია
10. Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე
11. Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში
12. Apples / ვაშლები
13. Father / მამა
14. Siberia / ციმბირი
15. Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს
16. The Roads Not Taken / უვალი გზები
17. A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს
18. Sisters Apart / ცეცხლში
19. Model Olimpia / მოდელი ოლიმპია
20. Undine / უნდინე

 

 

P.S. კინოფესტივალის ორგანიზატორები მუდმივად გაავრცელებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება  ფილმების ნახვა ონლაინპლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე. 

თბილისის  21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტის და განათლების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; გოეთეს ინსტიტუტი; შვედეთის, საფრანგეთის და იტალიის საელჩოები. ასევე ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის კინოინსტიტუტები. 

 

სპონსორი: TBC კონცეპტი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.