fbpx

ევროტურნირები გამორჩეული მატჩებით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის საკლუბო ტურნირების ყოველი სათამაშო დღე ზოგიერთი გამორჩეული მატჩით ხასიათდება. 

ჩემპიონთა ლიგაზე კი სწორედ ასეთი იყო „ინტერის“ და „რეალის“ მეოთხე ტურის შეხვედრა.

როდესაც B ჯგუფის კენჭისყრა შედგა, სეირის მოყვარულმა გულშემატკივარმა იმთავითვე სიამოვნებით წარმოიდგინა, თუ წინ რამდენი სასეირო სანახაობა ელოდა მილანის „ინტერის“ შესრულებით…

„ყველას ეშველება, ოღონდაც არა „ინტერს“, – აღნიშნავდნენ „იუვენტუსის“ მოქილიკე გულშემატკივრები, რომლებიც სიამოვნებით იხსენებდნენ „ნერაძურის“ შარშანდელ წარუმატებლობას „ბარსელონასთან“ და დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჭიდილში.

წლეულს დორტმუნდის „ბორუსია“ “მიონხენგლადბახის” „ბორუსიამ“, ხოლო  „ბარსელონა“ „რეალმა“ ჩაანაცვლა. 

„სამეფო“ კლუბის და კონკრეტულად მის მწვრთნელ ზინედინ ზიდანის სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მისთვის უცხოა პრესკონფერენციებზე დაძაბული სათამაშო გრაფიკის თაობაზე ჩივილი, როდესაც უკან დასახევი გზა არ არსებობს და თამაში აუცილებლად მოსაგებია.

გავიხსენოთ, როგორ გადაარჩინა „რეალმა“ მატჩი უკანასკნელ წამებზე „მიონხენგლადბახთან“ და როგორ ითამაშა გასულ კვირას მილანის „ინტერთან“, როდესაც მე-2-დან მე-6 წუთის ჩათვლით, „ინტერის“ არცერთი ფეხბურთელი ბურთს არ შეხებია და საბოლოოდ ბურთის ცალმხრივი გათამაშება „ნერაძურის“ კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით დასრულდა…

„ინტერისგან“ განსხვავებით, მეოთხე ტურში დანარჩენმა სამმა იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ამ წარმატებებს შორის ბერგამოს „ატალანტასი“ იყო, რომლის მადლიერმა („ინტერისგან“ განსხვავებით) ფეხბურთელებმა, თავიანთ მწვრთნელს კლუბში ჩატარებულ საიუბილეო მე-200 მატჩთან დაკავშირებით საუკეთესო საჩუქარი გაუკეთეს და თვით „ლივერპული“ „ენფილდზე“ დაამარცხეს…

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე სათამაშო დღე „ბაიერნმა“ ტურნირზე ზედიზედ მე-15 გამარჯვებით და წინასწარ მოპოვებული მერვედფინალის საგზურით აღნიშნა.

თუკი ჯგუფურ ეტაპს „რეკორდმაისტერი“ დანაკარგის გარეშე გაივლის, სტატისტიკოსები აღმოაჩენენ, რომ იმ დროისთვის ზედიზედ მოგებული 17 მატჩიდან, მას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა „პსჟ-მ” და „ლოკომოტივმა” გაუწიეს, თუკი ამ გუნდებს დარჩენილ ორ ტურში „ატლეტიკო“ არ შეუერთდა.

მაგრამ „ბაიერნთან“ რომელ მინიმალურ წაგებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც დიეგო სიმეონეს გუნდმა განვლილ ტურში „ლოკომოტივი“ ვერ დაამარცხა?

პოსტსაბჭოური სივრციდან მხოლოდ ეს უკანასკნელი ინარჩუნებს მებრძოლი გუნდის იერს, დანარჩენები კი წარუმატებლად ასპარეზობენ.

ორივე უკრაინულმა გუნდმა ერთნაირი ანგარიშით – 0:4 წააგო თავისი მატჩი.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სამარცხვინო გუნდი კი, როგორ უცნაურადაც  უნდა გვეჩვენოს, „მარსელია“, რომელსაც პირველი ოთხი ტურის შემდეგ გოლიც არ აქვს გატანილი.

„მარსელმა“ ამ ტურში შინ „პორტოსთან“ 0:2 წააგო, „მანჩესტერ სიტიმ“ კი გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა.

ამგვარად, C ჯგუფში, E ჯგუფის მსგავსად, ყველაფერი გარკვეულია, სადაც „ჩელსიმ“ და „სევილიამ“ თავ-თავიანთ მეტოქეებთან – „რენთან“ და „კრასნოდართან“ – მსგავსი გამარჯვებები იზეიმეს.

G ჯგუფიდან „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გააღწიეს მერვედფინალში, ხოლო F ჯგუფიდან ყველაზე ახლოს მერვედფინალთან „დორტმუნდი“ და „ლაციო“ არიან.

D ჯგუფში უაღრესად საინტერესო იქნება ბოლო ტურის მატჩი „აიაქსსა“ და „ატალანტას“ შორის, რადგან, სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში გაირკვევა „ლივერპულთან“ ერთად ჯგუფიდან გასული მეორე გუნდის ვინაობა.

H ჯგუფში კი მე-4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ორ ადგილზე უფრო მაღალი კლასის გუნდები – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დამკვიდრდნენ…

მეოთხე სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მსგავსად, ზოგიერთმა გუნდმა ევროპის ლიგაზეც უკვე წინასწარ მოიპოვა მომდევნო ეტაპის (მეთექვსმეტედფინალის) საგზური, სხვებმა კი ძალიან უნდა მოინდომონ, რომ დაკარგული პოზიციები დათმონ.

არიან ისეთებიც, რომლებიც დარჩენილ ორ ტურში გაარკვევენ თავის მომავალს.

სანახაობრივი თვალსაზრისით შესანიშნავი გამოდგა „გლაზგო რეინჯერსის“ და „ბენფიკას“ დაპირისპირება, რომელშიც პორტუგალიურმა მხარემ, პირველი მატჩის მსგავსად, ორბურთიანი სხვაობა მატჩის მიწურულს, ოთხწუთიან მონაკვეთში აღმოფხვრა.

დიდ ინტერესს იწვევდა „ლილის“ და „მილანის“ განმეორებითი შეხვედრა, რადგან გარდა იმისა, რომ „როსონერის“ მეტოქესთან დიდი ანგარიშით ჰქონდა შინ წაგებული პირველი მატჩი, იტალიელებს აქამდე ჩატარებულ სამ შეხვედრაში „ლილის“ წინააღმდეგ ერთი გოლიც არ ჰქონიათ გატანილი.

„მილანი“ მეტოქესთან მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

ჯგუფის მეორე მატჩში კი პრაღის „სპარტამ“ „სელტიკი“ დაამარცხა და „ლილთან“ და „მილანთან“ ერთად, ისიც ინარჩუნებს მეთექვსმეტედფინალის საგზურის მოპოვების შანსს.

C ჯგუფში წარმატებით გამოდის კიდევ ერთი ჩეხური გუნდი – პრაღის „სლავია“, რომელმაც გასვლაზე მოულოდნელად „ნიცა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

დრამატულად განვითარდა მოვლენები E ჯგუფში, სადაც „გრანადამ“ პრაქტიკულად გაინაღდა მეთექვსმეტედფინალის საგზური. 

ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი „პსვ-მ” ორბურთიანი სხვაობა აღმოხვრა „პაოკთან“ დაპირისპირებაში და საბოლოოდ ანგარიშით 3:2 მოიგო მატჩი.

ოთხი ტურის შემდეგ F ჯგუფის ლიდერად „ნაპოლი“ იქცა, რომელმაც შინ სტატისტის როლში მყოფი ხორვატიის „რიეკა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

პარალელურ შეხვედრაში კი „ალკმაარმა“ და „სოსიედადმა“ უგოლო ფრე დააფიქსირეს.

შედეგად, ჰოლანდიური კლუბი მესამე ადგილზე დაქვეითდა, რადგან ესპანელებს მასთან შედარებით  ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ.

ოთხი ტურის შემდეგ „არსენალმა“ და „ლესტერმა“ უკვე მოიპოვეს მომდევნო ეტაპზე მონაწილეობის უფლება, „ტოტენჰემი“ კი ახლოსაა მიზანთან.

მომდევნო ეტაპზე ვიხილავთ ასევე „რომას“, „ჰოფენჰაიმს“ და „ვილიარეალს“.

დაძაბული ვითარებაა K ჯგუფში, სადაც ოთხივე გუნდი ინარჩუნებს მეთექვსმეტედფინალში მოხვედრის შანსს.

„ცსკა“ ჯერჯერობით სამი ქულით ბოლო ადგილზეა, ისე რომ თამაშიც არ აქვს მოგებული, „ვოლფსბერგერი“ და „ფეიენოორდი“ მას შესაბამისად ქულით და ორი ქულით უსწრებენ, ხოლო ჯგუფის ლიდერი ზაგრების „დინამო“, რომელმაც განვლილ ტურში გასვლაზე „ვოლფსბერგერი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ამჟამად რვა ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.