fbpx

ფოტორეპორტაჟი ჭიათურიდან – ქალაქის ისტორია და დღევანდელობა


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფო გაგუა

 

ისტორია

ჭიაა თუ  რაა? – უკითხავს მთის წვერზე ასულ აკაკი წერეთელს, როდესაც ხეობაში ჩახვეული ყვირილა დაუნახავს. ეს ლეგენდა და ისტორია ასეთია: ჭიათურა დაარსდა და განვითარდა მანგანუმის მოპოვებასთან ერთად. ჭიათურის მადნეულის საბადოებზე პირველი ჩანაწერები გერმანელი მეცნიერის, ვილჰელმ ფონ აბიხის ნაშრომებშია მოხსენიებული.  1872 წლიდან აკაკის მონდომებით და სერბი გეოლოგის სიმონოვიჩის დამსახურებით ქართული მანგანუმის  წარმოებისთვის მრავალწლიანი შრომა იწყება.  

ალბათ, ქართული რეკლამის ფუძემდებელიც აკაკი წერეთელია. უცხოელების დაინტერესების მიზნით მათ ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე  ბროშურა გამოსცეს და მისიით პეტერბურგს  წავიდნენ.   

1913 წლისთვის ქართული მანგანუმი მსოფლიო მიწოდების 50%  შეადგენდა. შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებაში შედიოდა 22 ფირმა 165 საწარმოთი, რომელთაგან მხოლოდ 6 იყო ქართული და პირველი თავმჯდომარე გახლდათ ნიკო ნიკოლაძე. 

სააქციო საზოგადოების  კაპიტალი 30 მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა. 100 წლის წინ ყველაზე მდიდარი კომპანია ყველაზე პროგრესულ საქმეში აბანდებდა ფულს – ქართველ სტუდენტებს ევროპაში სწავლას უფინანსებდა.

 

საბაგიროები

კლდოვან ფლატეებზე შეფენილი ინდუსტრიული ქალაქის ქუჩები ყვირილას ნაპირებიდან იწყება და მთის წვერებზე მთავრდება. ასეთმა ვერტიკალურმა განლაგებამ აქ საჰაერო-საბაგირო გზების განვითარება განაპირობა. ინჟინერ ფანცულაიას მიერ დაგეგმარებული 27-მდე უნიკალური საბაგირო მოქალაქეებს პლატოებიდან და მაღაროებიდან ცენტრთან აკავშირებდა.  

 

არქიტექტურა

ჭიათურა საბჭოთა მოდერნიზმის სტალინური ეპოქის ქალაქია მაღალი სვეტებით, თაღებით, შემდგომი პერიოდის ბრუტალური მასიური ბეტონის შენობებით. არქიტექტორ კოტე ჩხეიძის თეატრის შენობას საბჭოთა კავშირის 1951 წლის არქიტექტორული უმაღლესი პრემია აქვს მიღებული. დარბაზის ჭერი კი რობერტ სტურუა უფროსის მოხატულია.

 

ჩოგბურთი

1892 წელს მანგანუმის ქალაქში ინგლისელებმა  ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანეს. ცნობილი ჩოგბურთელის და პედაგოგის, იან ჰომერის მოგონებებში ნახსენებია, როგორ ადევნებდა თვალ-ყურს საჩოგბურთო  სანახაობებს აკაკი ოჯახთან ერთად.

დღეს ჭიათურის სამარკო ნიშანი ბაგირგზა საჰაერო მუზეუმია, თუმცა  ახალიც შენდება. ვერ მოვკარი თვალი ვერსად კორტებს, მაგრამ სხვიტორში, აკაკის ეზოში, დიდი პრემიერა შედგა. 

„იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა, ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება“. – აკაკი წერეთელი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.