fbpx

“ლე პონჩიკი” ახალი დიზაინით – ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან


გააზიარე სტატია

 

ფოტო: გიკო დადიანი

 

Dodo Designs-ის დამფუძნებელი რომ ვიყო, ჩემი კომპანიის სლოგანი ასეთი იქნებოდა: ,,ჩვენ ვქმნით ზღაპრებს’’, ან ,,ჩვენ ვაკეთებთ ზღაპრულად’’, როგორც  გენებოთ. სხვა აბა რა გახსენდებათ ამ პროექტების წარმოდგენისას: ყვავილების გასაყიდი პავილიონები ორბელიანზე, მრგვალ ბაღში “ლიბერთი ბანკისთვის” ახალ წელს გამონათებული დიდი მთვარე, m2-ისთვის გაკეთებული საახალწლო დეკორაცია შევჩენკოს სკვერში, “გალერია თბილისის” ვიტრინისთვის შექმნილი განათებული გული… კიდევ ბევრი და  ახლა უკვე “ლე პონჩიკი”.

საცხობი-კაფე რესტორატორ ქეთი სალაყაიას ერთ-ერთი კვების ობიექტია, რომელიც მისი საყვარელი ბებიის, დოდოს უგემრიელესი კრემიანი “პონჩიკების” რეცეპტის გაზიარების იდეით შეიქმნა. მომხმარებლების გაზრდასთან ერთად, საცხობს სხვა გემრიელი პროდუქტიც დაემატა – როგორც გაყინული, ისე იქვე, ადგილზე მომზადებულიც. “ლე პონჩიკი” ექვსი წლის წინ თბილისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა, მალე კი ბაკურიანშიც, დიდველის მთაზე. 

გაფართოების მიზნით კაფე ახალ მისამართზე, ბაზალეთის #8 ნომერში სტუდია Dodo Designs-ის დიზაინით შეიქმნა და რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა კიდეც.

 

At.ge: დოდოშკა, რა იქცა შენთვის ამ კაფეს დიზაინის ინსპირაციად?

დოდოშკა ჩხეიძე: როდესაც ამ ინტერიერის დიზაინზე დავიწყე ფიქრი, პირველ რიგში არსებული ფართის ფორმის და ზომის გამო ვიფიქრე, რომ აუცილებელი ელემენტი იქნებოდა  სარკე ჭერში, როგორც ფართის ვიზუალურად გადიდებისთვის, ისე განათებისთვის.  გარდა ამისა, ვიზუალური კონცეფცია მინდოდა კავშირში ყოფილიყო საცხობის მთავარი პროდუქტის, ” დოდოს პონჩიკის” რეცეპტის ავტორის და მისი შვილიშვილის, ქეთის ისტორიასთან. გადავწყვიტე, ძველი პერიოდის ნივთები და სტილი  შემეტანა თანამედროვე და ფერად გარემოში.

At: რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც ასეთ პატარა სივრცეს ითვისებ?

დოდოშკა ჩხეიძე: გააჩნია რა დატვირთვისაა  სივრცე. ამ კონკრეტულ მოცემულობაში მაქსიმალურად ნათელი გარემოს შექმნა გვსურდა, ამიტომ გამოვიყენე ბევრი სარკე, თეთრი კედლები და ბევრი განათების წერტილი.

At: საერთოდ, მუდმივად რაღაცის შთაბეჭდილებით ქმნი დიზაინს თუ სუფთა ფურცლიდანაც იწყებ?

დოდოშკა ჩხეიძე: როდესაც პროექტზე ვიწყებ ფიქრს, შეიძლება არანაირი ინსპირაცია არ მქონდეს ფიქრებში კონკრეტულად და უბრალოდ რაღაც წარმოვიდგინო ნულიდან, თუმცა ვფიქრობ, ფანტაზია და იდეა ყველა შემთხვევაში დალექილი ინფორმაციიდან და შთაბეჭდილებიდან მოდის. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო შეგრძნებაა ხოლმე ჩემთვის ის მომენტი, როცა ზუსტად ვხედავ, რისი გაკეთება მინდა და მერე ამის გადატანას ვიწყებ ესკიზში.

At: რას ითვალისწინებ აუცილებლად ნებისმიერი სივრცის კეთებისას. რა არის შენი ოქროს წესები?

დოდოშკა ჩხეიძე: ყოველთვის ვცდილობ, შევინარჩუნო ჩემი სტილი – თან ახალიც იყოს და განსხვავებულიც. ჩემი ოქროს წესი ალბათ ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მაქსიმალურად ვცდილობ, ბოლომდე ვგრძნობდე იმ დიზაინს, რასაც ვქმნი.

At:  როგორ დაახასიათებდი შენს დიზაინს? როგორს გინდა ხედავდეს მას მომხმარებელი?

დოდოშკა ჩხეიძე: გამიჭირდება საკუთარი დიზაინის შეფასება, თუმცა ერთი შეხედვით ბევრი ფერი და სხვადასხვა სტილის მიქსი მგონია, რომ უფრო გამოკვეთილი მახასიათებლებია.

At: რა არის  dodo designs-ის მთავარი სამარკო ნიშანი, ის, რაც ყველასგან გამოარჩევს, ან გინდა, რომ გამოარჩევდეს.

დოდოშკა ჩხეიძე: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ და გაგვიხარდება, თუ შევძლებთ ჩვენი ხელწერის დატოვებას ამ სფეროში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.