fbpx

ხელოვნება და ბრენდინგი – საიდუმლო სასიყვარულო კავშირი


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

“სიყვარულის იმედი ცოცხლობს ჩემში, მასზე ვოცნებობ, გული სიყვარულით მაქვს სავსე…”

რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს, ასეთი სიტყვებით უხსნის სიყვარულს ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩანთას(!) დევიდ ლინჩის Dior-ის მოდის სახლისთვის გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში – “Lady Blue Shanghai”. კოტიარი შანხაის სასტუმროს ოთახში შედის, საიდანაც ტანგოს ჰანგები ისმის, უეცრად წყდება მუსიკა და კვამლში გახვეული Dior-ის ჩანთა ჩნდება, შიგნით  ლურჯი ვარდით. 

კოტიარის მოგონებების მიხედვით, ლურჯი ვარდი საყვარელი მამაკაცის საჩუქარია. ფილმის მისტიკური ატმოსფერო ლინჩის სატელევიზიო შოუს – “ტვინ პიქსს” წააგავს, განსაკუთრებით კი ლურჯი ვარდი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და სერიალშიც  არაერთხელ გვხვდება. 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დევიდ ლინჩმა უამრავი სარეკლამო რგოლი შექმნა ისეთი მოდის ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Calvin Klein, Giorgio Armani, Yves Saint Laurent და ზოგიერთ სატელევიზიო შოუსა თუ ფილმში სხვადასხვა ბრენდის ე.წ. პროდუქტის განთავსების (product placement) პრინციპსაც იყენებს. ლინჩის სარეკლამო ფილმები, როგორც წესი,ექსტრაორდინალური სტილით გამოირჩევა. მისი სახელის გაერთიანება ცნობილ მოდის სახლებთან გონივრული მარკეტინგული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებლის გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს.

ხელოვნება და ბრენდინგი მარკეტინგის საიდუმლო სასიყვარულო კავშირად იქცა. მხატვრულ კომუნიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ სამყაროში, რადგან მომხმარებელი უფრო გაცნობიერებულად ირჩევს პროდუქტს. ზოგიერთი მსხვილ ბრენდს ან კომპანიას მარკეტინგს თავად მომხმარებელი უკეთებს, სოციალური მედიის განვითარება კი ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, განსაკუთრებით, თუ პროდუქტის სამიზნე ჯგუფი ე.წ. მილენიალების თაობაა. 

ინსტაგრამზე 179 000-ზე მეტი ფოტოა მონიშნული ჰაშთაგით #MyCalvins. ეს ფრაზა პირველად  თინეიჯერმა ბრუქ შილდსმა 1981 წლის Calvin Klein Jeans-ის სატელევიზიო რეკლამაში გააჟღერა. Calvin Klein-ის ვიზუალური იმიჯების მარკეტინგულ პლატფორმად სელებრითების გამოყენება MyCalvins-ის სარეკლამო კამპანიის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა, რაც იმდენად ეფექტური გამოდგა და ისე მიიზიდა აუდიენციის ყურადღება, რომ ის ამერიკელი ქალების ყველაზე სასურველი სამოსი გახდა. სოციალურ მედიაში, სადაც Calvin Klein Jeans-ში გამოწყობილი ახალგაზრდების მიერ  განთავსებულმა ფოტოებმა, რომლებიც იყენებენ ჰაშთაგს #MyCalvins, ბრენდს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შესძინა. 

The Nike Swoosh: ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოგოა, რომლის ავტორიც გრაფიკული დიზაინერი – კაროლინ დევიდსონია. დევიდსონმა ლოგო 1971 წელს შექმნა და მისი ანაზღაურება მხოლოდ 35 დოლარს შეადგენდა. ლოგოს იდეა მოძრაობასა და სიჩქარეს განასახიერებს. მისი ფორმა, ისევე როგორც ბრენდის სახელი, ბერძნულ მითოლოგიას, კერძოდ კი გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს უკავშირდება. 

ლოგოს ინსპირაცია ქალღმერთის ლუვრში განთავსებული ცნობილი სკულპტურის  ფრთის მოყვანილობა გახდა. ლოგოს გარდა ბრენდის მაგია მისი სლოგანის  მიღმაც იმალება. “Just Do It” (უბრალოდ გააკეთე) – ამ სიტყვების მიზანი მომხმარებლისთვის პოზიტიური განცდის შთაგონება იყო და ის არა მხოლოდ მოტოს, არამედ ბრენდის იდენტურობას და ფილოსოფიას გამოხატავს.

ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, კარლ იუნგი თვლიდა, რომ არქეტიპები ადამიანის ქვეცნობიერის ფუნდამენტური ერთეულებია. ისინი დღესაც ღრმად არის დაშრევებული ხელოვნებაში, მედიაში, რეკლამასა თუ პოპულარულ კულტურაში, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან გზას კოლექტიური მომხმარებლის მოსაზიდად.

ვაშლი – ეს ხომ უბრალოდ ხილია, სინამდვილეში კი მისი მნიშვნელობა არც ისეთი ტრივიალურია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ვაშლი კაცობრიობის ქვეცნობიერში დალექილი სხვადასხვა არქეტიპის ერთობლიობაა, რომელიც არაერთ ბიბლიურ და მითოლოგიურ ტექსტში გვხვდება, მაგალითად, სამოთხის ვაშლი ან ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს, როგორც ნაყოფიერების და სილამაზის ქალღმერთის სიმბოლო, რომელმაც პარისს მშვენიერი ელენე მოაპოვებინა. ნიუტონის ცნობილი გრავიტაციის კანონიც ვაშლს უკავშირდება. 

შემთხვევითი არ არის ის, რომ სტივ ჯობსმა მისი კომპანიის ლოგოდ სწორედ ვაშლი შეარჩია. დღეს Apple-ის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიზუალური იმიჯია, რომელიც კრეატიულობასთან, თვითგამოხატვასა და ინოვაციასთან ასოცირდება. ჩაკბეჩილი ვაშლი კი სამყაროს შეცნობის მეტაფორაა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.