10 საუკეთესო საილუზიო ნომერი ტელევიზიის ისტორიაში – The Magic Circle
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ცოტა რამ საილუზიო ხელოვნების შესახებ ყველა ჩვენგანს სმენია, მათ შორის ისეთი პოპულარული სახელებიც, როგორიცაა დევიდ კოპერფილდი, ჰარი ჰუდინი, დევიდ ბლეინი და სხვ. დღეს გაგაცნობთ საილუზიო ხელოვნების 10 ყველაზე გასაოცარ ნომერს, თუმცა მანამდე სასურველია ორიოდე სიტყვით შევეხოთ ამ უნიკალური ხელოვნების ისტორიას.
როგორც საშემსრულებლო ჟანრი, ჯადოქრობა ასეულობით წელს ითვლის და სათავეს იღებს ძველი ეგვიპტიდან, ხოლო სხვადასხვა ფორმით ყველა კულტურაში გვხვდება. მიუხედავად ამდენსაუკუნოვანი ისტორიისა, ის XIX საუკუნის გასართობი ინდუსტრიის პირობებში აყვავდა.
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ჯადოქრები შოუ ბიზნესის პიონერები იყვნენ. ისინი იყვნენ პირველი არტისტები, რომლებიც საერთაშორისო ტურებს აწყობდნენ. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად სწორედ მაგების ჯადოსნური შოუების სარეკლამო პოსტერებს შეხვდებოდით.
ტელევიზიის გამოჩენამ და მსოფლიოს მთავარი გართობის ცენტრის, ლას-ვეგასის ბიზნეს-ეკონომიკურმა და ტურისტულმა ზრდამ საოცრად პოპულარული გახადა ეს სფერო.
მე-20 საუკუნეში გარკვეული პერიოდი მაგია გადავიდა მოდიდან. მაგალითად, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საილუზიო ხელოვნება არასერიოზულ სფეროდ განიხილებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში და მას ძირითადად ბავშვების გასართობად თვლიდნენ.
მისი აღორძინება ლეგენდარულმა ილუზიონისტმა დაგ ჰენინგმა 70-იანი წლების დასაწყისში ტელევიზიის დახმარებით მოახერხა. მან მაგიურ შოუს აღუდგინა მასობრივი გასართობი წარმოდგენის სახე და თავისი გამორჩეული სტილით, რომელიც უარყოფდა ძველ სტერეოტიპებს ილუზიონისტების შესახებ, პოპულარული გახადა როგორც სცენაზე, ასევე სატელევიზიო სივრცეში.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ილუზიონისტებმა მასიურად დაიკავეს სასცენო სივრცეები და დაიწყეს პროფესიონალური შოუების გამართვა. სწორედ ილუზიონისტების დუეტი – ზიგფრიდი და როი – იქცა ვეგასის სავიზიტო ბარათად.
დღესდღეობით ამ სფეროში მილიონობით პროფესიონალი თუ მოყვარული მოღვაწეობს და მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამ უნიკალური ხელოვნების დარგში უკვე 20-ზე მეტი ჟანრი და ქვემიმართულებაა – სასცენო ილუზია, მიკრომაგია, მენტალიზმი, კომედიური და სხვა. ბევრი ილუზიონისტი მუშაობს მიკრომაგიის ჟანრში, რაც მოიცავს ნომრებს, რომლებიც ძირითადად კარტით ან მონეტებითაა შესრულებული. ამ ტიპის წარმოდგენები ხშირად ტარდება წვეულებებზე ან ქუჩაში, რადგანაც განკუთვნილია მცირე აუდიტორიისთვის ერთი ერთზე, ახლო კონტაქტით შესასრულებლად.
არსებობს ნომრები, რომლებსაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სცენა და დიდი აუდიტორია სჭირდება და ამიტომ ილუზიონისტები შოუებს ატარებენ თეატრებში, ღამის თუ კომედიური ფორმატის კლუბებში.
ისეთი შემსრულებლები, როგორიცაა მაგალითად, დევიდ კოპერფილდი, დიდ აუდიტორიისთვის მართავენ წარმოდგენებს და ქმნიან მასშტაბურ ეფექტებს დახვეწილი რეკვიზიტების გამოყენებით.
იმ საილუზიო ნომრების უკან, რომელიც ყველას აღგვაფრთოვანებს, ხშირად უამრავი სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალი დგას. ნამდვილ ჯადოქრობას ის ადამიანები ქმნიან ხოლმე, რომლებსაც იშვიათად, ან საერთოდ ვერ ვხედავთ სცენაზე თუ ეკრანებზე – საილუზიო ნომრების ინჟინრები, დიზაინერები, გამომგონებლები, კონსტრუქტორები, კონსულტანტები, პედაგოგები, პროფესიონალი ასისტენტები, თეორეტიკოსები, ისტორიკოსები და სხვანი.
მაგალითად, ჯიმ შტაინმაიერის სახელი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
არადა, შტაინმაიერი ბევრი ცნობილი საილუზიო ნომრის უკან დგას. ის კონსულტაციას უწევდა ბევრ ცნობილ ილუზიონისტს, მათ შორის – დევიდ კოპერფილდს, დაგ ჰენინგს, ზიგფრიდსა და როის და ლენს ბარტონს.
შტაინმაიერი მუშაობდა პროდიუსერად და საილუზიო კონსულტანტად მრავალი სატელევიზიო შოუსთვის და იყო Walt Disney Imagineering-ის კონსულტანტი და კონცეფციის დიზაინერი, სადაც მან შექმნა Walt Disney Company-ის თემატური ატრაქციონები.
ლეგენდარული ამერიკელი გამომგონებელი, საილუზიო დიზაინერი და თეატრალური სპეცეფექტების სპეციალისტი იყო. მას ოთხი უდიდესი ნომრის პატენტი აქვს საილუზიო სფეროში, მათ შორის Pepper’s Ghost ილუზიის თანამედროვე ვერსია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს 100-მდე ორგანიზაცია და საილუზიო ფედერაცია, რომლებიც FISM-ში (Fédération Internationale des Sociétés Magiques) ერთიანდებიან. FISM 4 წელიწადში ერთხელ ჟანრების მიხედვით ატარებს მსოფლიო ტურნირს პროფესიონალ ილუზიონისტებს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით კი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ყოველწლლიურად იმართება შეჯიბრებები, დაჯილდოებები, კონფერენციები და ლექციები.
საშემსრულებლო ხელოვნების ჟანრებიდან ყველაზე მეტი წიგნი ყოველწლიურად საილუზიო ხელოვნების მიმართულებით იბეჭდება.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა 10 საუკეთესო საილუზიო ნომერი, რომელიც ოდესმე ტელევიზიით გაშუქებულა. აღსანიშნავია, რომ სია შედგენილია მსოფლიოში ყველაზე რესპექტაბელური და დიდი ავტორიტეტის მქონე ბრიტანული საილუზიო ორგანიზაციის, The Magic Circle-ის წევრების მიერ.
10. The Pendragons- Metamorphosis
ცოლ-ქმრის – ჯონათან და შარლოტა პენდრაგონების “მეტამორფოზა” მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სწრაფ სასცენო ილუზიადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ შარლოტა იყო პირველი ქალი ილუზიონისტი, ვინც აშშ-ის მაგიის ხელოვნების აკადემიისგან “წლის ჯადოქრის” ჯილდო მიიღო.
9.Tom Mullica- Cigarette Eating
მიუხედავად იმისა, რომ ტომ მულიკამ სიცოცხლის განმავლობაში უამრავი გასაოცარი ნომერი შეასრულა, მის სავიზიტო ბარათად “სიგარეტის ჭამის ნომერი” იქცა. რომლის შესრულებასაც სხვა შემსრულებლები დღემდე წარუმატებლად ცდილობენ.
8.Lance Burton – Dove Act
საილუზიო სფეროში ლენს ბარტონის მტრედების წარმოდგენა ითვლება მანიპულაციის მიმართულების კლასიკად და უმაღლეს მწვერვალად.
მას ლას-ვეგასში საკუთარ თეატრში 15 000-ზე მეტი შოუ აქვს შესრულებული
5 000 000-ზე მეტი ადამიანისთვის.
7.David Blaine – Levitation
დევიდ ბლეინმა 90-იანი წლების დასაწყისში განსაზღვრა საილუზიო ხელოვნების მომდევნო 20 წელი. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნება თანამედროვე საილუზიო ხელოვნების განხილვა. მან ააღორძინა და პოპულარიზაცია გაუწია ქუჩის მაგიას, რომელიც ამჟამად ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ითვლება მსოფლიოში.
6.Dynamo- Walk on Water
დღესდღეობით საკმაოდ რთულია მონახო სოციალურ ქსელში ადამიანი, ვისაც ეს ნომერი არ უნახავს. ერთი შეხედვით სპონტანურმა პერფორმანსმა ლონდონელებისა და მსოფლიოს ყურადღება მალევე მიიპყრო.
მეექვსე ადგილოსან ბრიტანელ მაგს, სტივ ფრეინს მსოფლიო სასცენო სახელით, დაინამოთი იცნობს.
5.Siegfried and Roy- Dream
გერმანულ-ამერიკულმა საილუზიო დუეტმა ზიგფრიდმა და როიმ სახელი გაითქვეს თეთრი ვეფხვების და ლომების შოუთი. ისინი თავად ზრდიდნენ და ათვინიერებდნენ მათ. დუეტის შოუ გაუქმდა მას შემდეგ, რაც 2003 წლის 3 ოქტომბერს როი ჰორნს, თავის დაბადების დღეზე, წარმოდგენის დროს ვეფხვმა კისერზე უკბინა. ის გადარჩა, თუმცა წელს, 8 მაისს Covid-19-ით გარდაიცვალა.
4.Paul Daniels – Chop Cup
პოლ დენიელსს ბრიტანეთში მოიხსენებენ როგორც “საილუზიო ხელოვნების ნათლიმამას”, რაც არაერთხელ დადასტურდა მის მიერ შთაგონებული ბავშვებისა და შეგირდების ვარსკვლავებად გადაქცევით. “ჭიქის და ბურთის” ნომერი ყველაზე ძველ ფოკუსად მიიჩნევა, ხოლო დენიელსის შესრულების მანერა კი ამ ნომრის მწვერვალად.
3.Derren Brown – Russian Roulette
2003 წლის 5 ოქტომბერს 3 მილიონი ადამიანი ტელეარხ Channel 4-ის პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა ნომერს, რომლის შესახებ მოსაზრებები დღემდე წინააღმდეგობრივია. დერენ ბრაუნმა პირდაპირ ეთერში “რუსული რულეტკა” ნამდვილი იარაღით და ტყვიით შეასრულა. რის შედეგადაც ერთი მხრივ, აღიარება, მეორე მხრივ კი, დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა ფაქტი ერთია, ამ ნომერს აქტუალობა 17 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს.
2.David Copperfield – Death Saw
მსოფლიო სატელევიზიო მაყურებელს დევიდ კოპერფილდისგან არაერთი საოცრება უნახავს, მათგან ყველაზე ცნობილი თავისუფლების ქანდაკების გაქრობა, ფრენის ნომერი და ჩინეთის კედელში გავლაა, მაგრამ პროფესიონალებმა მეორე ადგილი მის “სიკვდილის ხერხს” მიანიჭეს.
1.Penn & Teller – Bullet Catch
პირველი ადგილი კი სრულიად სამართლიანად დაიკავა ამერიკელი ჯადოქრების, დუეტ პენი და ტელერის “ტყვიის დაჭერის ნომერმა”.
ნომერი თავისთავად საშიში და ამაღელვებელია, ვინაიდან იარაღები და ტყვიები ამ შემთხვევაშიც ნამდვილია, თუმცა პენის და ტელერისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილი და მანერა, რომელიც ინტელექტით და იუმორით გამოირჩევა, ამ დაუჯერებელ ნომერს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
სწორედ ამ იდეალური ნაზავის წყალობით მოხვდა მათი ნომერი კრიტიკოსების სიაში პირველ ნომრად.