fbpx

ნატალია ბასილაიას ექსპედიცია ჯადოქრის სიზმრებში – Sorcerer’s Dream


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

„დონ ხუანმა მითხრა, რომ ენერგეტიკულ სამყაროში ბრბო არ არსებობს. იქ მხოლოდ ცალკეული ინდივიდები არიან: მარტოსულები და უსაზღვრობით გარშემორტყმულნი. ბოლოს კი დაამატა, ეს შენ თავად უნდა ნახოვო.

– და როგორ უნდა გავაკეთო ეს?

–  ძალიან იოლად, მე შემიძლია გადავაადგილო შენი შემკრები წერტილი ისეთ ადგილას, რომელიც უფრო შესაფერისია მსგავსი ენერგიის უშუალო აღქმისათვის.

შემდეგ დონ ხუანმა ისე ძლიერად დამარტყა ბეჭის ფრთებს შორის, რომ სუნთქვა შემეკრა. მომეჩვენა, თითქოს გონება დავკარგე ან ჩამეძინა. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვხედავდი თუ მესიზმრებოდა რაღაც სიტყვით გამოუთქმელი. ეს რაღაც უსასრულოდ ვრცელდებოდა ყველა მიმართულებით, ის შექმნილი იყო რაღაცისგან, რაც სინათლის სიმებს მოგაგონებდათ, მაგრამ არ ჰგავდა არაფერს, რაც მე მანამდე მინახავს ან წარმომიდგენია.

როდესაც კვლავ დამიბრუნდა გონება, დონ ხუანმა მკითხა:

– რა დაინახე? “

 

ასე აღწერს ამერიკელი ავტორი და ანთროპოლოგი კარლოს კასტანედა “ჯადოქარ” დონ ხუანთან შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდს წიგნში „სიზმარხილვის ხელოვნება“. ხოლო ის, თუ რა ნახა კარლოსმა, იყო პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას მომავალში უნდა დაესვა. ამ ჯადოსნური მოგზაურობით შთაგონებული ნატალია ბასილაია კი შეეცადა თავის სადებიუტო ჩანაწერში თავად ჯადოქრის სიზმრებში შეეღწია და ცნობიერების დიაპაზონის გამაფართოებელი კარიბჭისთვის მიეგნო. 

4 კომპოზიციისგან შემდგარი მინიალბომი  Sorcerer’s Dream  იმ მოგზაურობას აღწერს, რომლის დროსაც ჯადოქარი აცნობიერებს, რომ ის სიზმრების სამყაროშია და იქ მიღებული ცოდნის ცხადში  გადმოტანას იწყებს. კრებულის პირველი ჩანაწერი First Gate Of Dreaming სიმბოლურად იმ საწყის ეტაპს გამოხატავს, როდესაც ჯადოქარი ახალ მიწაზე პირველ ნაბიჯს დგამს. ამის შემდეგ კი 18-წუთიანი ექსპედიცია იწყება, სადაც მეგზურად უწყინარი ჩიტები და მითური არსებები გვევლინებიან. 

საინტერპრეტაციო სივრცე, რომელსაც ნატალია პროექტით – Night Oceann გვთავაზობს, იმდენად ფართოა, რომ ზემოთ დაწერილი ორივე აბზაცი შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე თქვენი წარმოსახვის შესაბამისად გადაწეროთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საქმე გვაქვს არტისტთან, რომელმაც თავისი წარმოსახვითი სამყაროს მუსიკალური ენით ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება მხოლოდ ახლა დაიწყო. ნატალიამ მუსიკის და პოეზიის სივრცეში ექსპერიმენტების კეთება დაახლოებით 8 წლის წინ წამოიწყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისმა შემოქმედებამ დღის სინათლე იხილა. 

„ლექსების წერა ბავშვობაში დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ ჩემს პოეზიას მუსიკა მოუხდებოდა. თავიდან ჩემი ლექსების აუდიოჩანაწერებს ვაკეთებდი, შემდეგ კი Ableton-ის დახმარებით მუსიკის შექმნა დავიწყე“.  როგორც პოეზიის, ასევე მუსიკის სამყაროში ექსპერიმენტები ნატალიამ პატარა ასაკში, მუსიკალური სამყაროსთვის კარგად ნაცნობი ბაბუის, ალექსანდრე ბასილაიას შთაგონებით დაიწყო. „შეიძლება ითქვას, რომ ბაბუაჩემის მუსიკაზე ვიზრდებოდი. დიდ დროს ვატარებდი ფილარმონიის კულისებში მაშინ, როდესაც ანსამბლი “ივერია” მიუზიკლებისთვის ემზადებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ზღაპრული რამ იყო“. 

ბაბუის როიალი ერთ-ერთი პირველი ნივთი იყო, რომლის დახმარებითაც ნატალიამ თავისი მუსიკალური შესაძლებლობები პირველად მოსინჯა. თუმცა, ინსპირაციებთან ურთიერთობა აქ არ დასრულებულა: „ეს იქნება ქალაქის ხმა თუ ბუნების სიმშვიდე, სხვადასხვა სივრცეები – რასაც ვხედავ და მესმის – გარდავქმნი მუსიკად. ეს პროცესი ჯადოსნურია. თვითონ მუსიკა არის ძალიან დიდი ინსპირაცია იმისთვის, რომ შენც შექმნა შენი ხმა“.

დაკვირვებული ყურიც კი არ არის საჭირო იმის შესამჩნევად, რომ Sorcerer’s Dream-ის ბგერითი პალიტრა ბუნების ხმებს მოიცავს, რომელიც თავად ავტორის მიერ არის ჩაწერილი და გადამუშავებული. კომპოზიციები ერთი დიდი იმპროვიზაციული ექსპერიმენტის შედეგია, რომელიც მოგვიანებით სეგმენტებად დანაწილდა და ჯადოქრის სიზმარი 4 საინტერესო მონაკვეთად დაყო. მიუხედავად იმისა, სრული ჩანაწერის ქრონომეტრაჟი 18 წუთს შეადგენს, ვფიქრობ, არტისტზე წარმოდგენის შესაქმნელად მინიალბომი მაინც საკმარის ინფორმაციას გვაწვდის. შემთხვევითი არ არის, რომ Sorcerer’s Dream-ის სახლად ლეიბლი  Expeditions Above იქცა, სადაც ანდრო გოგიბედაშვილი სწორედ ასეთ მისტიკურ ისტორიებს აგროვებს. 

ნატალია იხსენებს, რომ ლეიბლთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან არტისტის და პლატფორმის იდეური თანხვედრა თავიდანვე შესამჩნევი იყო: „ლეიბლი Expeditions Above არის ჩემი მეგობრის და ასევე საყვარელი არტისტის, ანდრო გოგიბედაშვილის  (იგივე Saphileum) მიერ შექმნილი. მუსიკა ანდროს გავუგზავნე და მისგან ძალიან კარგი ემოცია მივიღე. გამოცემისთვის ერთად მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი შეხედულებები  ემთხვეოდა, რაც მნიშვნელოვანი იყო“.

Night Oceann ახლა  მეორე ალბომზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წელს გამოიცემა. ჩანაწერში ის მუსიკასთან ერთად თავის პოეზიასაც წარმოაჩენს. პარალელურად კი დეკემბერში ექსპერიმენტული ფილმი გამოვა, რომლისთვისაც მუსიკას ნატალია და მისი მუსიკოსი და, ლიზა ბასილაია ერთობლივად ქმნიან. სანამ ახალ ექსპედიციაზე მიგვიპატიჟებს, შეგვიძლია ჯადოქრის სიზმრებში ვიმოგზაუროთ და საინტერესო პასუხი ვეძებოთ კითხვაზე: „რა დაინახე”?

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.