fbpx

ექსპერიმენტები მუსიკაში და ხელოვნური ინტელექტი


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა  მამულაშვილი

 

2001 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ჰალბერშტატში ყველაზე ხანგრძლივი და ნელი მუსიკალური ნაწარმოების, სახელწოდებით „რაც შეიძლება ნელა“ (As Slow as Possible) შესრულება დაიწყო, რომელიც მართლაც იმდენად ხანგრძლივი და ნელია, რომ, არც მეტი და არც ნაკლები, 639 წელს გაგრძელდება და 2640 წელს დასრულდება! 

მუსიკის თეორეტიკოსის და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ავანგარდის ცნობილი წარმომადგენლის, ჯონ კეიჯის კომპოზიციის ვერსია ეკლესიის სივრცეში ორგანზე სრულდება. ერთი შეხედვით უტოპიური იდეა შთამბეჭდავ და ინოვაციურ სახელოვნებო პროექტად იქცა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ძველი ეკლესიის კედლებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აკორდის ცვლისას შეინიშნება, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და კეიჯის ექსპერიმენტული მუსიკის თაყვანისმცემლებს განსაკუთრებით იზიდავს. 

აღსანიშნავია, რომ შემდეგი ცვლა 2020 წლის 5 სექტემბერს მოხდა და იმ სივრცეში, სადაც ევროპაში პირველად გაისმა ორგანის ხმა, მსმენელთან კეიჯის სიჩუმის, ბგერისა და ხმაურის ურთიერთობა კიდევ ერთხელ შედგა.  

მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანმა კომპოზიტორმა და მუსიკალური ინსტრუმენტების არასტანდარტული გამოყენების პიონერმა, ელექტრონული მუსიკის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან მან აღნიშნულ დარგში ყველაზე რადიკალური ექსპერიმენტები განახორციელა და სწორედ ამიტომ ამ სფეროს წარმომადგენლები მას ელექტრონული მუსიკის პატრიარქად მიიჩნევენ. 

კეიჯის მუსიკალური ექსპერიმენტების წინაპირობად ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფუტურისტების მანიფესტი, „ხმაურის ხელოვნება“ იქცა, რომელიც „ნატურალური“ ხმაურისგან შექმნილი მუსიკის იდეას ქადაგებდა. ბრუიტისტული მუსიკის შესაქმნელად ფუტურისტების მიერ კონსტრუირებული იყო სპეციალური, საკმაოდ რთული “არამუსიკალური” ინსტრუმენტი “ხმაურ-გარმონი”. ბრუტუისტულ მუსიკალურ “საკრავებს” წარმოადგენდა: სასტვენები, ყუთები, ტაფები, ქვაბები და ა.შ., რომელშიც ჩართული იყო ავტომობილებისა და მოტოციკლების ხმები. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო ფანტასტიკასთან ასოცირდებოდა, 21-ე საუკუნეში ის გასცდა აღნიშნულ საზღვრებს და ხელოვნების ნაწარმოების შექმნის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მას ბევრი მუსიკოსი განიხილავს როგორც შემოქმედებით „პარტიორს“ და მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ეჭვქვეშ აყენებს არტისტის როლს თანამედროვე საზოგადოებაში, ის  მუსიკალურ სცენაზე დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცა. 

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე – კოაჩელაზე, 2012 წელს, ლეგენდარული რეპერის, 2 Pac-ის სამგანზომილებიანმა გამოსახულებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2014 წელს კი ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდგომ გამოსული ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია – Slave To The Rhythm ჯექსონის ჰოლოგრამამ შეასრულა, რომელიც აუდიენციისთვის ძალიან შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ პერფორმანსად იქცა. 

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა ლეგენდარული როკ ბენდების, AC/DC, Metallica და Red Hot Chili Peppers-ის ახალი კომპოზიციებიც კი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ კურტ კობეინმა ძალიან ახალგაზრდამ დატოვა მუსიკალური სცენა, მისმა მემკვიდრეობამ გარდაცვალების შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა. მომხმარებელმა, ფსევდონიმით Funk Turkey, YouTube-ზე ნირვანას ახალი სიმღერა ატვირთა და განმარტა, რომ რობოტი ჯერ ჯგუფის ყველა ტექსტსა და კომპოზიციას “გაეცნო“ და ასე შექმნა სიმღერა, სახელწოდებით “Smother”. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნირვანას ყოფილი დრამერის,  დეივ გროლისთვის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მუსიკა მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ YouTube-ის მომხმარებელმა და ბენდის დიდმა თაყვანისმცემელმა მას მოუბოდიშა და ამ სიტყვებით მიმართა: „ვიცი, რომ შენთვის ეს აუტანელია, მაგრამ ეს საუკეთესოა, რაც შემეძლო გამეკეთებინა…მაპატიე, დეივ. მე მაინც მიყვარხარ“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.