ონლაინშოპინგის 5 პლატფორმა ქართულ ინტერნეტსივრცეში
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
გარდა დროის და ენერგიის დაზოგვისა, აღმოჩნდა, რომ ონლაინშოპინგი საკმაოდ ეკონომიური და პრაქტიკულია. როგორც სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, ამ დროს მომხმარებელი უფრო გააზრებით აკეთებს არჩევანს, დაზღვეულია იმპულსური გადაწყვეტილებებისგან და ყიდულობს იმას, რაც მართლაც სჭირდება.
ონლაინშოპინგი ქართულ რეალობაში, შეიძლება ითქვას, ახლა ვითარდება. არც ისე დიდი ხანია, რაც ქართველმა მომხმარებელმა აქტიურად დაიწყო ნივთების შეძენა ციფრული პლატფორმების გამოყენებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინშოპინგის პოპულარობას განსაკუთრებით ხელი შეუწყო პანდემიურმა ვითარებამ, როცა მყიდველს სხვა ალტერნატივა, პრინციპში, არ დარჩა.
დღეს ადგილობრივ ბაზარზე ონლაინშოპინგის რამდენიმე საინტერესო აპლიკაციასა და ვებგვერდს შევხვდებით. ეს პლატფორმები მომხმარებლებს კომფორტულ სერვისს სთავაზობენ და დღითი დღე მეტ პოპულარობასაც იხვეჭენ.
MRKT
MRKT ქართულ ციფრულ სივრცეში ონლაინშოპინგის ახალი აპლიკაციაა, რომელიც სოციალური ქსელის ელემენტებს აერთიანებს. დარეგისტრირების შემდეგ, აპლიკაცის მეშვეობით შესაძლებელია ნივთის ყიდვა, გაყიდვა, ან უბრალოდ გაჩუქება. MRKT ორიენტირებულია ესთეტიკურ მხარეზე და რაც მთავარია, აპლიკაცია მომხმარებლის ინტერესებზე, მის გემოვნებაზეა მორგებული.
სხვადასხვა ჰეშთეგის საშუალებით საძიებო სისტემა სასურველი ნივთების დიდ არჩევანს გთავაზობთ. MRKT-ში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი პროდუქცია, ასევე ინდივიდუალური სელერების შემოთავაზებული საინტერესო და ხშირ შემთხვევაში უნიკალური ნივთები. პლატფორმა აერთიანებს ტანისამოსს, აქსესუარებს, ხელოვნების ნიმუშებს, სახლის დეკორატიულ ნივთებს და ასე შემდეგ. გარდა კონკრეტული პროდუქტისა, თვითგამოხატვის პრინციპზე შექმნილი აპლიკაციით შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო სელერები აღმოაჩინოთ.
Phubber
Phubber პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელმაც მომხმარებელს ონლაინშოპინგის მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზა. ეს არის სივრცე, სადაც ნივთები შეგიძლიათ გაყიდოთ ან შეიძინოთ. აპლიკაციის ერთ-ერთი გამოკვეთილი დადებითი მხარე არის გუნდი, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნავს და გარკვეულ გარანტიებს ქმნის.
საუბარია ხარისხის კონტროლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენამდე მართლაც ავთენტური ნივთი მოვა. შეიძლება ითქვას, რომ ონლაინვაჭრობის ყველაზე დიდი საფრთხე ხარისხის კონტროლის მექანიზმით სრულად გამოირიცხება, რაც ამ აპლიკაციის სტრატეგიულ უპირატესობად უნდა მივიჩნიოთ. დროსთან ერთად Phubber განვითარდა, დაემატა განყოფილებები, სელერები. გარდა ამისა, აპლიკაცია ხშირად გვთავაზობს ფასდაკლებებს და სპეციალურ აქციებს.
Buyers
Buyers-ს ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია ისეთი პროდუქცია აღმოვაჩინოთ, რომელსაც ადგილობრივ მაღაზიებში ვერ ვიპოვით, შესაბამისად, “ბაიერსზე” შოპინგი საინტერესო გამოცდილებაა მათთვის, ვისაც გამორჩეული და ინდივიდუალური სტილი აქვს. გარდა საერთაშორისო ბრენდებისა, ვებგვერდზე ქართველი დიზაინერების ტანსაცმელსაც შეიძენთ.
SHOPSHOP
SHOPSHOP ერთ-ერთი ყველაზე ახალი სივრცეა ონლაინშოპინგის მოყვარულებისათვის. ეს არის ონლაინშოპინგ მოლი, რომელიც ჩვენთვის ნაცნობ მაღაზიებსა და ბრენდებს აერთიანებს. “შოპშოპზე” იპოვით არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ბრენდებსაც. ვებგვერდი ვიზუალურად საკმაოდ ესთეტიკურია, რაც სასურველი ნივთის შერჩევის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის.
ამჟამად პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე ათეულ ბრენდს, რომელთა რიცხვი დროსთან ერთად მატულობს და შესაბამისად, მომხმარებლის არჩევანის შესაძლებლობაც უფრო მრავალფეროვანი ხდება. SHOPSHOP.GE-ზე შეგვიძლია შევიძინოთ ტანისამოსი, აქსესუარები, თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, სუვენირები, წიგნები – ყველაფერი ის, რაც ფიზიკურ სავაჭრო ცენტრებში შეგვხვდება. აღსანიშნავია, რომ ბრენდები საკუთარი სახელით არიან წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმაზე განთავსებული თითოეული პროდუქტის სელერი სწორედ მისი მწარმოებელი ბრენდია, ეს კი მომხმარებელში მეტ სანდოობას აჩენს.
BLUSH
სილამაზის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სფეროა. ყოველდღიურად ბაზარზე ჩნდება ახალი ტრენდები და შესაბამისად, ახალი პროდუქტები. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი ბრენდი არაა წარმოდგენილი, ამიტომ Beauty პროდუქტების მოყვარულები ძირითადად გამოწერას ამჯობინებენ. თუმცა, რამდენიმე თვეა ქართულ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა BLUSH, რომელზეც ისეთი ბესტსელერი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ, რომლებსაც კოსმეტიკის ქართულ მაღაზიებში ვერ იპოვით. გარდა საერთაშორისო პოპულარული ბრენდებისა, პლატფორმაზე ქართული წარმოების პროდუქციაც არის წარმოდგენილი.