fbpx

ინტერიერი, რომელიც ძვირფასია – მოგზაურობა ალმოდოვარის სივრცეში


გააზიარე სტატია

რა შეიძლება იყოს უფრო ძვირფასი და მყუდრო, ვიდრე საკუთარი გემოვნებით მოწყობილი სახლი? – ალბათ, არაფერი. ადამიანებს სახლში შესვლის დროს ეუფლებათ ბედნიერების ის განცდა, როცა თავს დაცულად გრძნობ და მთელი დღის დაღლილობა და სტრესი თითქოს სადღაც ქრება, ადამიანის სხეული კი განტვირთვის ფაზაში გადადის. ეს ერთგვარი ტრანსია – განუმეორებელი მდგომარეობა, რომელიც იგივე ფორმებით სხვაგან არსად მეორდება. როდესაც საკუთარ კედლებში ყველაფერი თანწყობილი წინადადების მსგავსად გამართულია, დეტალებთან ჰარმონიული კომუნიკაცია ბედნიერი წუთების ათვლის წერტილი ხდება.

კარგი სახლი, გნებავთ ბინა, არ არის ერთი ფორმულით შედგენილი ამოსახსნელი განტოლება – მის დაგეგმვას ბევრი ფიქრი, უამრავი წერტილოვანი დეტალის გათვალისწინება სჭირდება. ინტერიერის დიზაინი მთლიანად ინდივიდუალიზმის ნაყოფია, ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული, რომელსაც მის გარდა, სხვა ბოლომდე ვერ შეიცნობს. რამდენადაც სილამაზის აღქმა სწორედ ყველაზე ავტონომიური უნარია ადამიანის, იმდენად განსხვავებულია წარმოდგენები მათ შორის. თუკი თქვენ ერთი სტილი, ფერთა გამა და ნივთების კომბინაცია აღგაფრთოვანებთ, სხვამ იმავე გარემოში შესაძლოა თვალის მოხუჭვაც კი ვერ შეძლოს.

სწორედ ამიტომ არის სახლი უნიკალური თავისი შინაარსით.

… და რომელი იყო ისეთი სახლი ბოლოს, რომელმაც თქვენში აღფრთოვანება გამოიწვია? – მე არაერთი მახსენდება, თუმცა ამ გაჩერებაზე პედრო ალმოდოვარის მიერ შექმნილ მყუდრო ბინაზე ჩამოვალ. წითელი ჩემთვის შეუდარებელი ფერია, რომელსაც ფერთა პალიტრაში თანასწორს რთულად მოვუძებნი მაშინ, როდესაც კომფორტის ძიება მსურს. სწორედ ამიტომაც არის პედრო ალმოდოვარის ერთი შეხედვით უბრალო, მთლიანობაში კი საკმაოდ თანამედროვე და მცირე დეტალებით გამდიდრებული სახლი თქვენთვის მოსაყოლი ამბავი.

ესპანელი რეჟისორის ერთ-ერთ ბოლო ფილმში, Pain and Glory, რომელშიც მთავარ როლს ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუზი ასრულებენ, ბანდერასის მიერ განსახიერებული პერსონაჟის (სალვადორის) სახლი თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა. ფერადი, ბევრი შუშებით, მცენარეებითა და ავეჯით მოწყობილი ოთახები ერთმანეთთან იმდენად ჰარმონიულ კავშირს ამყარებს, რომ აუცილებლად გაგიჩნდებოდათ სურვილი, ამ სახლში ერთი დღე მაინც გაგეტარებინათ. სხვათაშორის, პედრო ალმადოვარმა სალვადორის (მთავარი პერსონაჟის) სახლი, საკუთარი სახლის რეპლიკაციად ააწყო. მართალია, ეს არ იყო ზუსტი ანალოგი, მაგრამ ხასიათითა და სულისკვეთებით, ზუსტად ისეთივე გამოუვიდა.

რატომ გააკეთა ეს რეჟისორმა? – როგორც მისი პროდაქშენი გვიყვება, ესპანელს სურდა მისი პერსონაჟისთვის ის ემოცია გადაეცა, რომელსაც თავად განიცდიდა საკუთარ სახლში. თან, არც თვითონ იყო წინააღმდეგი უფრო “შინაურულ” გარემოში ემუშავა. როგორ მიაღწია მიზანს ალმოდოვარმა, იცით? – უმცირესი დეტალების დახმარებით.

ეს პატარა ღამის ნათურა კომპანია არტემიდეს წარმოებაა. რა თქმა უნდა, ალმოდოვარმა ის წითელ ფერში შეარჩია. ერთი შეხედვით პატარა აქსესუარმა, ამ სცენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – როგორც განათების, ისე ინტერიერის თვალსაზრისით.

ერთ-ერთ სცენაში, როდესაც სალვადორი ოჯახის წევრთან ერთად აივანზე ზის, კადრში ჩანს Fornasetti-ს პეპლებიანი ტუმბო. როგორც ამბობენ, პედრო ალმოდოვარს ზუსტად ასეთი აქვს საკუთარ სახლში და იცით რამდენად ფასობს ეს ავეჯი? – ოფიციალურ საიტზე, მისი ღირებულება 19 000$-ია.

ამ კადრში კი ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია კედელზე ჩამოკიდებული პოსტერები. მწვანე მსხალი, რომელიც სივრცის ტრანსფორმაციას ახდენს, ენცო მარის ნამუშევარია.

ამ კადრში ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ჭურჭელია, რომლიდანაც სალვადორი დილის ყავას მიირთმევს. Bleus d’Ailleurs ჰერმესის წარმოებაა და მისი ღირებულება 180 ევროა.

ამ კადრში თითოეული დეტალი ხელოვნების ნიმუში გვგონია, რადგან სწორედ მათი დახმარებით იქმნება ის ემოციური გარემო, რომელიც ფილმის ფინალს ახლავს თან. დაწყებული ტორშერის განათებიდან და სავარძლებიდან, დამთავრებული ჩრდილს ამოფარებული სამუშაო მაგიდითა და უამრავი წიგნით, ყველაფერი ერთად, სიმფონიური მუსიკასავით შეკრული კომპოზიციაა.

თუკი ახლა ფიქრობთ თქვენც საკუთარი სახლის მოწყობაზე, შესაძლოა ეს სტატია შთაგონების წყაროც კი აღმოჩნდეს თქვენთვის. თანამედროვე ინტერიერის დიზაინით მოწყობილი სახლი თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს და ერთფეროვნებისგან მაქსიმალურად დაგაზღვევთ. ხოლო თქვენი სახლის დაზღვევაზე კი თიბისი დაზღვევა იფიქრებს. პირობების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2GFNeFY


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.