fbpx

კოლექტიური სიზმარი – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2020


გააზიარე სტატია


ავტორი: ანა ძიაპშიპა

 

ფეისბუქის მეხსიერებამ გამახსენა, რატომ მიყვარდა დეკემბრის დასაწყისის თბილისი. ვირტუალურ სივრცეში შემონახული მოგონებები დროის ამ მონაკვეთზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უკავშირდება, როდესაც ცდილობ ყველა საქმე გადადო და რამდენიმე დღე ფილმების ყურებას, რეჟისორების მოსმენას, მეგობრების ნახვას და ახალი ადამიანების გაცნობას დაუთმო. 

გაზაფხულზე სადღაც მაინც გვეგონა, რომ დეკემბერში ამ ერთკვირიან კინოამოვარდნას დავუბრუნდებოდით, მაგრამ ამასობაში ყველაფერი გაიხსნა და ისევ დაიხურა, ისე რომ კინოთეატრების დაბრუნებაზე არც არავის უფიქრია და უზრუნია; მეტიც, როდესაც ყველაფერი საბოლოოდ გაიხსნება, ქალაქს ერთი ძველი კინოთეატრით ნაკლები ექნება. ბევრისგან გამიგია “დრომოჭმული” ოცნება – რამდენ რამეს დათმობდნენ თუნდაც ერთი პატარა კინოსეანსის გამო. 

მიუხედავად ყველაფრისა, 2020-ის დეკემბერი მაინც დადგა და თბილისის საეთაშორისო კინოფესტივალი, მსოფლიოს სხვა კინოფესტივალების მსგავსად, ვირტუალურად იმართება. შეზღუდული ფორმატის მიუხედავად, ის რამდენიმე სექციად არის დაყოფილი და ახალი ფილმების ჩვენების გარდა ინდუსტრიულ და საგანმანათლებლო  მასტერკლასების პროგრამასაც მოიცავს. 

ფესტივალის ინდუსტრიული ნაწილი, რომელიც პროექტების პრეზენტაციას – ფიჩინგსაც მოიცავდა, 30 ნოემბერს დაიწყო და უკვე გამარჯვებულებიც გამოავლინა, რომლებსაც პრიზებიც გადაეცათ. ეს სექცია წლევანდელი ფორმატის გამო ერთადერთია, სადაც ჯილდოები გაიცა. 

მონაწილე პროექტების განვითარების და ტრენინგების გარდა, ინდუსტრიული სექცია სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს და შეხვედრებსაც მოიცავდა, რომელიც ღია იყო ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის და რომლის ჩანაწერის მოსმენა ახლაც შესაძლებელია თბილისის კინოფესტივალის გვერდზე

თუ ამ გვერდს მიადევნებთ თვალს, ფესტივალის პროგრამის სხვა გამორჩეულ ღონისძიებებსაც ნახავთ, მაგალითად, მასტერკლასების სექციაში შეგიძლიათ დაესწროთ აბელ ფერარას, აგნიეშკა ჰოლანდის, ნინო კირთაძის, რატი ონელის და ა.შ. მასტერკლასებს. რეჟისორები თავიანთ ნამუშევრებზე ილაპარაკებენ და მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალებაც ექნებათ. 

ფესტივალის კინოპროგრამა წელს ახალ ფილმებს სთავაზობს მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი პროგრამა გაცილებით პატარაა, დაინტერესებული ადამიანები იმ ფილმებს ნახავენ, რომელიც ჩვენი კინოთეატრების აფიშებში ისედაც არ ჩნდება ხოლმე. წელს მათი ნახვის საშუალება მხოლოდ ვირტუალურად იქნება შესაძლებელი პრემიერიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, სპეციალური ონლაინპლატფორმის საშუალებით. 

 

20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „ დამზადებულია გერმანიაში“. პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში  კი – 4.  ყოველწლიური სექცია – „დამზადებულია გერმანიაში“ წელსაც  გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით შედგა.” ამ ფილმებს შორის იქნება მასტერკლასის მონაწილე ავტორების, აგნიეშკა ჰოლანდის და აბელ ფერარას ფილმებიც, რომლებიც შეხვედრებზე სწორედ თავის ახალ ნამუშევრებზე გააკეთებენ აქცენტს. ფესტივალის გვერდზე ნახავთ ინსტრუქციას პლატფორმის გამოყენების შესახებ, ასევე პროგრამას და მოკლე ვიდეოებსაც, სადაც მონაწილე ფილმების შესახებ იქნება ინფორმაცია. 

 

ვირტუალური დროც დრო არის, ამიტომ ჩემი წლევანდელი სია 5 ფილმისგან შედგება, რომლის ნახვასაც აუცილებლად ვაპირებ:

 

14 დეკემბერი, 15:00

თრობა, თომას ვინტერბერგი

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანი სისხლში ალკოჰოლის არასაკმარისი რაოდენობით იბადება და რომ ზომიერი თრობა გონებას გვიხსნის, პრობლემებს ამცირებს და კრეატიულობას ამაღლებს. ამ თეორიით ფრთაშესხმული მარტინი და მისი სამი მეგობარი, საშუალო სკოლის დაღლილი მასწავლებლები, ექსპერიმენტს იწყებენ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში თრობის დონე მუდმივ ნიშნულზე შეინარჩუნონ. თუ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მოიგო, ვინ იცის, რამდენიმე წვეთი რას მოუტანს მათ და მათ მოწაფეებს?

 

16 დეკემბერი, 20:00

ქალი, რომელიც გაიქცა, სან-სუ ჰონი

სანამ მისი ქმარი მივლინებაშია, გამ-ჰი სამ ძველ მეგობარს ხვდება სეულის გარეუბანში. ისინი მეგობრულად საუბრობენ, მაგრამ არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, განსხვავებული დინებები  როგორც ზედაპირზე, ისე მის ქვემოთ.

 

16 დეკემბერი, 21:00

მე გრეტა ვარ, ნათან გროსმანი 

2018 წლის აგვისტოში გრეტა თუნბერგმა, 15 წლის შვედმა მოსწავლემ, სასკოლო გაფიცვა წამოიწყო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. მისი შეკითხვა უფროსებს: თუ თქვენ არაფერს აკეთებთ ჩემი მომავლისთვის დედამიწაზე, მე რატომ გავისარჯო ჩემი მომავლისთვის სკოლაში? რამდენიმე თვეში მისი გაფიცვა გლობალურ მოძრაობაში გადაიზარდა. გრეტა, მორიდებული მოსწავლე გოგონა ასპერგერის სინდრომით დღეს საყოველთაოდ ცნობილი აქტივისტია. გადამღები ჯგუფი თვალს ადევნებდა ახალგაზრდა აქტივისტს მისი გაფიცვის პირველივე დღიდან.

17 დეკემბერი, 18:00

უვალი გზები, სალი პოტერი

ერთი მშფოთვარე დღე მამისა და ქალიშვილის − ლეოსა და მოლის − ცხოვრებიდან, როდესაც მოლის მამის არეულ ფსიქიკურ მდგომარეობასთან გამკლავება უწევს. სანამ მამა-შვილი ნიუ-იორკის გარშემო მოგზაურობს, მისი ჩვეულებრივი, მაგრამ დატვირთული დღე ჰალუცინაციურ და ეპიკურ ხასიათს იღებს, რადგან ლეოს სამი პარალელური ცხოვრება აქვს და გამუდმებით ერთიდან მეორეში ინაცვლებს.

 

17 დეკემბერი, 20:00 

ლაილა ჰაიფაში, ამოს გიტაი 

დრამა მწარე იუმორით, რომელიც საპორტო ქალაქ ჰაიფას ერთ კლუბში თამაშდება. ერთი ღამის განმავლობაში ჩვენ ხუთი ქალის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ამბების მოწმენი ვხდებით. ეს არის თანამედროვე ცხოვრების მართალი სურათი ერთ-ერთ უკანასკნელ შემორჩენილ სივრცეში, სადაც ებრაელები და პალესტინელები პირადი ურთიერთობებისთვის ერთმანეთს ხვდებიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.