fbpx

“ხელოვნება შეცვლის მსოფლიოს” – ოლაფურ ელიასონი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი

 

1967 წელს კოპენჰაგენში დაბადებული არტისტი ოლაფურ ელიასონი თავისი შემოქმედებით ქმნის სენსორულ გამოცდილებას, რომელიც ხაზს უსვამს მაყურებლის და გარემოს ურთიერთქმედებას, ის იკვლევს ადამიანის გრძნობებს და იმას, როგორ მივყავართ მათ სხვადასხვა მოქმედებებისკენ. 

თავის საკმაოდ მასშტაბურ ინსტალაციებში არტისტი იყენებს განათებას, წყალს, ჰაერს და ტემპერატურას ისე, რომ დამთვალიერებელს უქმნის განსხვავებულ გამოცდილებას ამ თითქოს ძალიან ნაცნობი და კარგად შეჩვეული ელემენტებით. მისი პრაქტიკა არ შემოიფარგლება მუზეუმისა და გალერეის საზღვრებით და ხშირად მოიცავს სამოქალაქო სივრცეებში ჩარევას, არქიტექტურულ პროექტებს და ინსტალაციებს. 

ოლაფურ ელიასონი დაიბადა 1967 წელს კოპენჰაგენში და ბავშვობა დანიასა და ისლანდიაში გაატარა, შემდეგ კოპენჰაგენში Royal Danish Academy of Fine Arts-ში ჩააბარა და 1990 წლიდან უკვე აქტიურად იქცევდა ყურადღებას თავისი ინოვაციური ქანდაკებებითა და ინსტალაციებით. მისმა ადრეულმა დაინტერესებამ ბუნებრივი მოვლენებით  უბიძგა შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც ადამიანების განცდებს ხშირად ეჭვქვეშ აყენებდნენ. 

2003 წელს მისი ნამუშევარი წარმოდგენილი იყო  ვენეციის 50-ე ბიენალეზე, სახელწოდებით  The Blind Pavillion. 2019 წელს ოლაფურ ელიასონი დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განახლებული ენერგიისა და კლიმატის ცვლილების ამბასადორად.

 

The Blind Pavilion (2003)

 

პავილიონს ორი კონცენტრული ფოლადის სტრუქტურა ქმნის, რომლებიც შავი მინის კუთხოვანი შუშებითაა მოპირკეთებული. ნაგებობა ხის პლატფორმაზე დგას და მასთან მისასვლელად ხის ბილიკის გავლაა საჭირო. პავილიონის შიდა და გარე სივრცეებში მოძრაობისას დამთვალიერებლები თავიანთ მოჩვენებით გამოსახულებებს ხედავენ ანარეკლში, გამჭვირვალე ნაწილებში კი გარემოს. პავილიონი 2010 წელს ბერლინში დამონტაჟდა.

 

In Your Strange Certainty Still Kept (1996)

მის ერთ-ერთ პირველ ნამუშევარში – In Your Strange Certainty Still Kept (1996) წყალი ისხმება ჭერზე დამონტაჟებული პერფორირებული შლანგიდან ბნელ ოთახში და ქმნის მოციმციმე ფარდას, განათების მეშვეობით წყლის წვეთები ჰაერში გაყინული გვეჩვენება.

 

Green River (1998)

წყალში ხსნადი არატოქსიკური საღებავი ურანი, რომელსაც ოკეანეების ნაკადების შესამოწმებლად იყენებენ, ოლაფურ ელიასონმა მდინარეში ჩაასხა, რის შედეგადაც წყალი გამწვანდა. ელიასონმა ეს  6 სხვადასხვა ქალაქში განახორციელა  წინასწარი დაანონსების გარეშე. ამ თემაზე იწერებოდა სტატიები და ჩნდებოდა კითხვა – რატომ გაამწვანა არტისტმა ეს მდინარეები? არტისტის პასუხი ასეთი იყო: მას უნდოდა ადამიანები უნებლიეთ ახალებურად დაკვირვებოდნენ და ახალი ურთიერთობა დაეწყოთ მათთვის კარგად ნაცნობ, ხშირად შეუმჩნეველ გარემოსთან. 

ელიასონი ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს და მის სტუდიაში დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან, ისინი არიან არტისტები, არქიტექტორები, მეცნიერები და ტექნიკოსები. მისი პრაქტიკა ძალიან ხშირად სრულიად ცდება ხელოვნების დარგს და უფრო გლობალურ პრობლემებს ეხება. ოლაფურ ელიასონი თვლის, რომ ხელოვნებას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამყაროსთვის, არტისტული აზროვნება მუდმივად პოტენციალის ძიებასა და რეალობის ფარდობითობაზეა დაფუძნებული. მისი აზრით, ხელოვნება დღითი დღე შორდება თავის დანიშნულებას  და უფრო მნიშვნელოვან, გადამწყვეტ საკითხებს ეხება, როგორიცაა,  მაგალითად, კლიმატის ცვლილება ან საზოგადოებრივი უთანასწორობა. 

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი დანიელი არტისტისა და ერუდიტის პირველი მცდელობა – შეექმნა და შემდეგ გაეყიდა ფართო მოხმარების ელექტროტექნიკა, თავდაპირველად წარუმატებლად დასრულდა. 

2011 წელს ეთიოპიის სოფლებში ელიასონმა თავისი შექმნილი LED ნათურა ჩაიტანა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობდა. გეგმაში ჰქონდა,  რომ ევროპაში გაყიდულ ნათურებს დაესუბსიდირებინა აფრიკაში შეტანილი, სადაც ელექტროენერგიაზე წვდომა საგრძნობლად ნაკლებია. იდეა ძალიან მიმზიდველი იყო, მაგრამ ადამიანები ასეთი ნათურის ყიდვით არ დაინტერესდნენ. ელიასონმა გადაწყვიტა, რომ ნათურა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველიც უნდა გამხდარიყო, მის დიზაინს კი ზუსტად გადმოეცა, რა იყო ამ ნათურის ენერგიის წყარო. 

ეს არ იყო მარტივი ჩანაფიქრი, მაგრამ ნათურა – The Little Sun, რომელსაც მზის ფორმა ჰქონდა, ხალხის ყურადღებას იქცევდა და ასევე ეკოლოგიურად სუფთას სტატუსსაც ატარებდა. “ხელოვნებას აქვს დიდი პოტენციალი შეცვალოს მსოფლიო და ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს. კულტურას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების ეკონომიკურ სექტორში და მას არა მხოლოდ განცდების, არამედ მოქმედების გამოწვევაც შეუძლია”, – ამბობს არტისტი.

 

The Little Sun (2012)

ეს პროექტი ოლაფურ ელიასონმა ინჟინერ ფედერიკ ოთესენთან ერთად შექმნა, რათა 1.2 მილიარდი ადამიანისთვის, ვისაც  განათება არ აქვს,  მიეწოდებინა მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურა. გარდა იმისა,  რომ ეს პროდუქტი მისი ხელოვნების ნიმუშია, ასევე არის ალტერნატივა სხვა ტოქსიკური ნათურების და აფრიკაში ოჯახებს აძლევს საშუალებას, რომ მზის ჩასვლის შემდგომაც გააგრძელონ აქტიური ცხოვრება.

 

Tate Blackouts (2012)

2012 წლის ზაფხულში, ყოველ შაბათ საღამოს მუზეუმი Tate Modern აქრობდა განათებას თავის სიურრეალისტური ხელოვნების გამოფენის ნაწილში და ეპატიჟებოდა დამთვალიერებლებს, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ელიასონის ნათურა The little sun, ეს იყო ერთგვარი ბილეთი  შესასვლელად და ასევე ხელის ფანარი ბნელი მუზეუმის გასანათებლად.

 

The Weather Project (2003)

ამ ადგილისთვის სპეციფიურად შექმნილ ინსტალაციაში გამოყენებული იყო წრიული ეკრანი, სარკისებრი ჭერი და ხელოვნური ნისლი მზის ილუზიის შესაქმნელად. ჩამოკიდებული სარკისებრი ალუმინის ფურცელი აორმაგებდა დარბაზის მოცულობას, განათებულმა ნახევარწრემ და მისმა ანარეკლმა კი შექმნა მასიური, დახურული მზის გამოსახულება. ჰოლის ბოლოში დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ, როგორ იყო მზის კონსტრუქცია მოწყობილი. 

გამოფენისთვის ელიასონმა შეიმუშავა კითხვარი მუზეუმ Tate Modern-ის თანამშრომლებისთვის. კითხვები იყო ასეთი: შეცვალა თუ არა ამინდის ფენომენმა ოდესმე თქვენი ცხოვრება? თქვენი აზრით, სხვა ადამიანებისადმი ტოლერანტობა ამინდის პროპორციულია? იცით თუ არა, რა ამინდია თქვენი სამუშაო სივრცის გარეთ? პასუხები გამოქვეყნდა გამოფენის  კატალოგში, რომელიც ასევე მოიცავდა ხელოვნების კომუნიკაციის, მეტეოროლოგიური ანგარიშების, ამინდის უცნაური მოვლენების და სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას და ესეების სერიას ამინდის, დროის და სივრცის შესახებ.

 

Fjordenhus (Fjord House) (2018)

შენობა, რომლის დიზაინიც ოლაფურ ელიასონმა არქიტექტორ სებასტიან ბეჰმანთან ერთად კომპანია KIRK KAPITAL-ისთვის შექმნა, მდებარეობს ვაილეში, დანიაში და მისი 9-წლიანი მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. საოფისე შენობა 28 მეტრი სიმაღლისაა და საზოგადოებრივი საფეხმავლო ხიდით ადამიანებს მდინარეში შესვლის საშუალებას აძლევს. პროექტს საკმაოდ კომპლექსური გეგმარება და იატაკის ბევრი სხვადასხვა დონე აქვს. შენობაში ოლაფურ ელიასონის სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი. 

 

Waterfall (2016)

მაღალი ვიწრო ჩანჩქერი ვერსალის სასახლის ღერძის გასწვრივ, Grand Canal-ში ჩაედინება. ჩანჩქერის კონსტრუქცია ბადეების კოშკისგან შედგება, რომელიც ყვითელი ფოლადის სარტყელისგან არის აგებული, ტუმბოების მეშვეობით კი წყალი კოშკის თავზე მდებარე ბაქანზე ხვდება და გადმოედინება. ინსტალაცია ამინდის მიხედვით იცვლება, დიდი მნიშვნელობა აქვს ქარის სიძლიერეს ან მიმართულებას და სინათლის პირობებს კონკრეტულ მომენტში. 

 

Oscillation Bench (2014)

ოლაფურ ელიასონის კიდევ ერთი არქიტექტურული პროექტი ბაზელში  პარკის წრიული ბეტონის სკამია, რომელიც თითქოს სამგანზომილებიანი გამოსახვაა ბგერითი ან წყლის ტალღის. ქანდაკებასთან ერთად ეს კამპუსისთვის შეხვედრის ადგილიც არის და ფორმიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთობას.

 

Ice Watch (2015, 2018)

ელიასონმა მინიკ როსინგთან ერთად კოპენჰაგენის მერიის მიმდებარედ  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დადგა  ყინულის 12 ინსტალაცია, რომ ადამიანთა  ცნობიერება აემაღლებინა კლიმატის ცვლილების შესახებ პირდაპირი გამოცდილების საფუძველზე. კოპენჰაგენის შემდეგ ასეთი ინსტალაცია არტისტებმა გააკეთეს პარიზში  2015 წელს, UN-ს კლიმატის კონფერენციის დროს, ხოლო 2018 წელს ლონდონში ორ ადგილას – ბლუმბერგის სათავო ოფისთან და მუზეუმ Tate Modern-თან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.