fbpx

ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე დაგვემშვიდობა


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტრადიციულ სიახლეებთან ერთად, იგი ფეხბურთთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტითაც აღინიშნა.

კერძოდ, რასიზმის ნიადაგზე პირველად ჩაიშალა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელიც მომდევნო დღეს გადაათამაშეს…

H ჯგუფის გამარჯვებული საბოლოოდ ამ წყვილის წარმომადგენელი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ნეიმარის ჰეთ-თრიქით და მბაპეს დუბლით  „ბასაქშეჰირი“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა და „ლაიპციგი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა. 

წინა დღით ჩატარებულ ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი „ლაიპციგმა“ საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგას თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოასალმა. 

სტუმრებმა საოცრად სუსტი პირველი ტაიმი ჩაატარეს. მეორე ტაიმში გამოცოცხლება კი გვიანი აღმოჩნდა ოლე-გუნარ სულშერის გუნდისთვის, რადგან „ლაიპციგი“ არც „საუთჰემპტონია“ და არც „ვესტ ჰემი“, რომლებთანაც „წითლებმა“ინგლისის პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. 

ზოგადად, მსაჯის დამსახურებაცაა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეორე ტაიმში ორივე გოლი ჩაეთვალა, რადგან როგორც გრინვუდის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი, ისე მეორე გოლი საკმაო ეჭვს იწვევდა –  პოგბას თავური დარტყმა, „ლაიპციგის“ კარის ხაზის გადაკვეთამდე, გზად თითქოს მაგუაიერის ხელსაც შეეხო…

საგულისხმოა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წაქცევისთვის ზუსტად ასეთივე პენალტი დაინიშნა „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩში მასპინძელთა კარის მიმართულებით. 

პორტუგალიელმა ჯამში ორი თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად „ბლაუგრანას“ კარში, რომელსაც შეტევის მცდელობების მიუხედავად, არაფერი გამოსდიოდა „იუვენტუსთან“ მატჩში.

ამ მოგებით G ჯგუფის გამარჯვებულად „ბებერი ქალბატონი“ იქცა, რომელმაც 2009 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე შინ პირველად დამარცხებული „ბარსელონა“ მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა.

E ჯგუფის ბოლო მატჩში პირველადგილოსანმა „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე თავს გასეირნების უფლება მისცა და „კრასნოდართან“ მატჩი  ფრედ 1:1 დაასრულა, პარალელურ შეხვედრაში კი „სევილიამ“ სრულიად უმოტივაციოდ დარჩენილი „რენი“ ანგარიშით 2:0  დაამარცხა.

საინტერესო ამბები დატრიალდა F ჯგუფში, სადაც  მატჩის 39-ე წუთიდან კაცნაკლულმა „ბრიუგემ“ ბოლომდე იბრძოლა “ლაციოსთან“, შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ მერვედფინალის საგზური იტალიურმა კლუბმა მოიპოვა.

„დორტმუნდმა“ კი გასვლაზე „ზენიტთან“ გამარჯვებით ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნა.  

მეორე სათამაშო დღე D ჯგუფში მონაწილე გუნდების მატჩებით გაიხსნა. „ჩელსის“ მსგავსად 1:1-ით ჯგუფის პირველადგილოსანი „ლივერპულიც“ დაკმაყოფილდა, რომლის შემადგენლობაშიც სალაჰის მიერ პირველივე წუთზე გატანილი ბურთი მერსისაიდელთათვის უსწრაფესი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

 

გაცილებით დიდ ინტერესს კი ამ ჯგუფის მეორე მატჩი იწვევდა, რომელშიც ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად, სრულიად დამსახურებულად დაამარცხა ამსტერდამის „აიაქსი“ და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. 

ამ გამარჯვებით ჰოლანდიური საკლუბო ფეხბურთი შეიძლება ცოტათი შერცხვა კიდეც, რადგან იტალიის სერია A-ს გათამაშებაში მე-9 ადგილზე მყოფმა გუნდმა ჰოლანდიის ერედივიზიონის ლიდერი დაამარცხა, რომელსაც ბურთების სხვაობის გრაფაში ციფრი +36 ეწერა…

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის არცერთ წარმომადგენელს მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ ჩაუტარებია ტურნირის ჯგუფური ეტაპი, ამ ქვეყნის ოთხივე წარმომადგენელი აღმოჩნდა მერვედფინალში და მათ შორის მხოლოდ მადრიდის „რეალმა“ დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი…

„რეალი“ მთელი ტურნირის მანძილზე პირველად, სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როცა ეს საჭირო იყო. მასთან ერთად კი მერვედფინალის გზა, ბედის ირონიით, ზიდანის გუნდთან ბოლო ტურში დამარცხებულმა „მიონხენგლადბახმაც“ გაიკვლია.

უაღრესად საინტერესო გამოდგა ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც „ინტერმა“ „შახტარს“ უმასპინძლა. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, „შახტარი“ გააგრძელებდა მერვედფინალში ასპარეზობას. 

პარალელურ შეხვედრაში კი თავიდანვე გაირკვა, რომ „რეალი“ სამ ქულას ხელიდან არ გაუშვებდა „მიონხენგლადბახთან“ დაპირისპირებაში. ამიტომ, მოგების შემთხვევაში, თავის მხრივ უკვე „ინტერიც“ გაიკვალავდა გზას მომდევნო ეტაპზე.  

აქედან გამომდინარე, „ინტერი“ – „შახტარის“ მთელი მატჩი უდიდესი ფსიქოლოგიური დაპირისპირების ფონზე წარიმართა და ერთიმეორის კარის აღების მცდელობების პარალელურად, გუნდები თავ-თავიანთი კარის უსაფრთხოებაზეც განსაკუთრებული სიფხიზლით ზრუნავდნენ.

საბოლოო ანგარიში – 0:0 სულაც არ ნიშნავს, რომ ამ მატჩში დაცვამ თავდასხმას აჯობა. შეიძლება პირიქითაც ვიფიქროთ, რადგან შეხვედრის მანძილზე არაერთი კურიოზული ეპიზოდი შეიქმნა ორივე კართან, როდესაც შეიძლებოდა ანგარიში გახსნილიყო, მაგრამ ამისთვის ფეხბურთელებს გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე აკლდებოდათ.

მატჩის დამატებით  წუთებზე კი საინტერესო იყო „შახტარის“ მწვრთნელ ლუიშ კაშტრუს ჟესტიკულაციები, რომლებითაც ის ევროპის ლიგის საგზურის დაკარგვის შიშით, მსაჯს ნაადრევად მოუწოდებდა საფინალო სასტვენში ჩაბერვისკენ.

ესპანეთის მსგავსად, მერვედფინალში გერმანიის ოთხივე წარმომადგენელი აღმოჩნდა, თუმცა მათგან „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ მომდევნო ეტაპზე ლიდერის პოზიციით გავიდნენ.

A ჯგუფში ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლოკომოტივი“ მოკრძალებული ანგარიშით 2:0 დაამარცხა, პარალელურ მატჩში კი „ატლეტიკომ“ სასტიკ ბრძოლაში „ზალცბურგს“ ანალოგიური ანგარიშით მოუგო და ავსტრიული კლუბი ტურნირიდან გამოთიშა.

თუკი შარშან მერვედფინალში, „ლივერპულთან“ მატჩში, ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი (და თანაც ორი) ლიორენტემ გაიტანა, „ზალცბურგთან“ შეხვედრაში ანგარიში, ამ ტურნირზე ასევე პირველი გოლით, ცენტრალურმა მცველმა ერმოსომ გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ C ჯგუფში დიდი ხანია, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მომდევნო ეტაპზე გასულმა „მანჩესტერ სიტიმ“ და „პორტომ“ თავ-თავიანთი გულშემატკივრები არც ბოლო ტურში გააწბილეს და გუნდებმა მშრალი ანგარიშით, შესაბამისად, „მარსელი“ და „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხეს.

ბერძნული გუნდი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მას ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან „ზალცბურგი“, „შახტარი“, კიევის „დინამო“, „კრასნოდარი“, ბრიუგე“, „აიაქსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეუერთდებიან.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მოგების მთავარ ფავორიტად ამ ტურნირის მონაწილე კიდევ ერთი ინგლისური გუნდის – „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკვე  დაასახელა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.