fbpx

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის “ახალი ვარიანტი” აღმოაჩინეს


გააზიარე სტატია


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევრებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 60 თვითმმართველობაში ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  მიაწოდეს, ბრიტანელმა მეცნიერებმა კი უკვე დაიწყეს ახალი ტიპის კორონავირუსის დეტალური შესწავლა. ჰენკოკის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ახალი შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს და რომ მისთვის ახალი ტიპის ვაქცინის დამზადება იქნება საჭირო.

“ამ დროისთვის სამხრეთ ინგლისში ახალი ტიპის კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შემთხვევები ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის 60 სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად გამოიწვია შემთხვევების მკვეთრი მატება კორონავირუსის ახალმა შტამმა, მაგრამ მიუხედავად ამისა,  უნდა მივიღოთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები, რაც ამ მომაკვდინებელი დაავადების გასაკონტროლებლად იქნება აუცილებელი.”

ინგლისის მთავარი ექიმი, პროფესორი კრის უიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ამჟამინდელი ტესტები კორონავირუსის ახალ ვარიანტს გამოავლენს, რომელიც ძირითადად კენტსა და მიმდებარე ადგილებში ბოლო კვირების განმავლობაში აღმოაჩინეს. ცვლილებები ან მუტაციები ხდება სპაიკ პროტეინში, რომლის საშუალებითაც ვირუსი ორგანიზმში შედის და უჯრედებს ინფიცირებას იწვევს.  კოვიდ-19-ის ვაქცინები სწორედ ამ ნაწილის დაზიანებაზეა მიმართული.

ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ BBC-ის განუცხადა: “მოდით, ისტერიკულები ნუ ვიქნებით. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდები ან უფრო საშიშია. ეს არის ის, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ახალი ვარიანტის შესასწავლად და მისი წარმომავლობის დასადგენად დიდი კვლევა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, რამდენადაც ეს ვირუსის ევოლუციაა და სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტები გაჩნდნენ და გაქრნენ”.

დოქტორმა ჯერემი ფარარმა, Wellcome-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ”დაკვირვება და კვლევა უნდა გაგრძელდეს, რათა წინასწარ  გადავდგათ საჭირო ნაბიჯები”.

არსებობს მარტივი წესი ყველა ახალი შტამის გასაცნობად – დაისვას შეკითხვა, თუ რამდენად შეიცვალა ვირუსის მიმდინარეობა. ეს გადამწყვეტია, რამდენადაც ვირუსები გამუდმებით განიცდიან მუტაციას – ესაა მათი მთავარი საქმე. ამ ეტაპზე არ არის დადგენილი, რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ახალი შტამების გავრცელება. ახალი შტამების გავრცელება შესაძლოა საერთოდ არ  უკავშირდებოდეს თავად ვირუსს. მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში “ესპანური შტამის” გაჩენის ერთ-ერთი ახსნა ტურიზმი იყო.

ამ დროისთვის ყველგან მხოლოდ საშიში სათაურები გვხვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს სამეცნიერო დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საშიშია ახალი შტამი.

“გენეტიკური ინფორმაციის სწრაფი  ცვლილება უამრავ ვირუსში მიმდინარეობს. ბევრ შემთხვევაში ეს ცვლილებები ვირუსისთვის სასარგებლოა, რამდენადაც მას ეხმარება სწრაფად გავრცელებაში ან ვაქცინებისგან თავის დაღწევაში, თუმცა არსებობს ისეთი გენეტიკური ცვლილებებიც, რომლებსაც არანაირი ეფექტი არ გააჩნიათ”, – განაცხადა ნოტინჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორმა ჯონათან ბელმა.

“მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლეთ ნებისმიერი გენეტიკური ცვლილება იმის გასარკვევად, რამდენად მოქმედებს იგი  ვირუსის ქცევაზე. სანამ ჩვენ ამ ყველაფერს არ შევისწავლით, ნაადრევია ნებისმიერი პრეტენზიის გამოთქმა ვირუსის მუტაციის პოტენციურ ზემოქმედებაზე.”



ორიგინალი: https://www.bbc.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.