fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – უტა ბერია


გააზიარე სტატია

ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნეტსან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას. თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე კინორეჟისორების, კინოოპერატორების, მსახიობების, მხატვრების ხედვა, დეკომენდაცია და გამოცდილება მოკლედ.

 

ნ. კ. რატომაა რეჟისორობა საინტერესო?

უ. ბ. რეჟისურა საშუალებას მაძლევს სხვადასხვა ინტერესებს თავი მოვუყარო და ერთ ნამუშევრად ვაქციო. რეჟისურა ჩემთვის ნიშნავს სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობას, ოპერატორის, მხატვრის, მსახიობების და ასე შემდეგ, ერთი იდეის გარშემო შემოკრებას და კოლაბორაციას. რეჟისურა არის უნარი და შესაძლებლობა, რომ შენი ჩანაფიქრის რეალიზება მოახდინო სხვა ადამიანების შემოქმედებითი თვითრეალიზების გავლით, ესაა ალბათ ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე საინტერესო ამ პროფესიაში.

 

ნ. კ. როგორია კინოფილმისთვის ამბის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

უ. ბ. ჩემთვის საკმარისი არ არის პირადი დამოკიდებულების ჩვენებისთვის ნებისმიერი ამბის თხრობა. ყურადღებას ვაქცევ ამბის სათქმელს და მოვლენის მნიშვნელობას, ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, ვნახავდი თუ არა ასეთ ფილმს, დამაინტერესებდა თუ არა ეს ამბავი, თანავუგრძნობდი თუ არა ამ გმირს, სათქმელი თუა ჩემი.

 

ნ. კ. “უარყოფითი რიცხვები” მოიწონეს მისი მხატვრული ღირებულების გამო და ამავდროულად, მას უწოდეს კინოფილმი, რომელიც მეტისმეტად სჭირდება ჩვენ საზოგადოებას. ფიქრობთ თუ არა, რომ კინოს შეცვლა შეუძლია?

უ. ბ. კინოს შეუძლია ახალი ფიქრი გააჩინოს, რაც ცვლილების დასაწყისია და კინოს შეუძლია ისეთი ადამიანის მიმართ გამოიწვიოს თანაგრძნობა, რომელსაც აქამდე არ თანავუგრძნობდით, ეს უკვე ცვლილების აქტია. 

ნ. კ. თქვენი აზრით, რა აზღვევს კინოფილმს პლაკატურობისაგან?

უ. ბ. ამ ბოლო დროს ჩემთვის პლაკატურობას ვერ სცდება ბევრი თანამედროვე, წარმატებული საავტორო ფილმი. ჟანრულ კინოში, მაგალითად, ჰოლივუდურ ფილმებში პლაკატურობა იმდენად გამაღიზიანებელი არ არის, როგორც ეს საავტორო კინოს შემთხვევაშია. ავტორები ცდილობენ გადაიღონ ისე და ისეთი თემები აარჩიონ, რომელსაც ფესტივალებზე წარმატება ექნება. რჩება განცდა, ავტორები ამა თუ იმ პრობლემას იმიტომ ეხებიან, რომ მერე ამით თავი ფესტივალებზე მოიწონონ, ფუთავენ განსაკუთრებული ხედვის ნიღბით და წარმატებასაც აღწევენ. ასეთი ფილმები ყალბია და მაყურებელი ამას გრძნობს. მაგრამ არის ფილმები, სადაც ავტორები ახერხებენ პლაკატურობას თავი აარიდონ. ასეთ ნამუშევრებს გამოარჩევს ავტორის გულწრფელი დამოკიდებულება თემისა და პრობლემისადმი, ადრესატის განსაზღვრა, სწორად შერჩეული გამოსახვის ფორმები, როცა ფორმა განსაზღვრულია შინაარსისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით.

 

ნ. კ. რომელი ფილმის ფინალი მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

უ. ბ. რობერტო როსელინის „გენერალი დელა როვერე“.

 

ნ. კ. ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

უ. ბ. ფული.

 

ნ. კ. რომელი კინორეჟისორის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კინო?

უ. ბ. ვერ წარმომიდგენია – თუ ნიშნავს, რომ მის გარეშე კინო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის ახლა, მაშინ ვფიქრობ, რომ ასეთი ჟან ლუკ გოდარია, ავტორი, რომლის ტალღაშიც ერთხელ მაინც უცურავია ყველა სხვა ავტორს. რეჟისორი, რომელმაც ძველის საფუძველზე დაიწყო ახალი და განსაზღვრა მომავალი. ადამიანი, რომელიც 90 წლისაა და ისევ ცდილობს კინოში ექსპერიმენტები აკეთოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.