fbpx

LIYA X KÁSHKASH: პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ბაზარზე პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი LIYA X KÁSHKASH გამოჩნდა, რომელიც TBC Concept-ის მხარდაჭერით, ბრენდების LIYA  და KÁSHKASH კოლაბორაციით შეიქმნა. LIYA X KÁSHKASH დეკორატიული კოსმეტიკის მოყვარულებს უნიკალური ფორმულითა და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის შექმნის, პროდუქციის თავისებურებების, პანდემიის თანმდევი სირთულეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ AT.ge KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელ ქეთო გიორგობიანთან და LIYA-ის დამფუძნებელ ლიკა გოგლიძესთან ერთად მოგიყვებათ.

ტანისამოსის ბრენდმა LIYA და KÁSHKASH-ის კოსმეტიკური ფორმულატორების გუნდმა ერთობლივი ბრენდის შექმნაზე აქტიური მუშაობა დაახლოებით ათი თვის წინ დაიწყეს, თუმცა ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შექმნის სურვილი და იდეა მანამდე ორივე მხარეს ჰქონდა. 

“LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება დიდი ხანია, გეგმაში გვაქვს, თუმცა ეს პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ “კაშკაში”. მე პირადად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია”– ამბობს ლიკა გოგლიძე.

KÁSHKASH-ის დეკორატიული კოსმეტიკა საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეას ეფუძნება. ამ ფილოსოფიით იქმნება LIYA X KÁSHKASH-ის დეკორატიული კოსმეტიკაც, რომელიც ამავდროულად, კანზეც ზრუნავს. ბრენდი საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფიდან ალისფერ წითლამდე – ამ ხაზის ფერები დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზის სინათლითაა შთაგონებული. გარდა ინტენსიური დაფარვისა, ტუჩსაცხებს დამატენიანებელი ეფექტი აქვს, რადგან LIYA X KÁSHKASH-ის მიზანი ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც, დამატებით, კანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზეც იზრუნებს.

LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქცია ორიგინალური ფორმულით გამოირჩევა, რომელიც თბილისში, KÁSHKASH-ის ლაბორატორიაშია შემუშავებული. თითოეული ტუჩსაცხი ხელითაა დამზადებული, რაც პროდუქციის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. ბრენდი პროდუქციის შესაქმნელად მხოლოდ ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებს იყენებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე და მისი წარმოების პროცესში  ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია.

LIYA X KÁSHKASH ბაზარზე სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში მთელი რიგი ეკონომიკური შეზღუდვები მოქმედებს.

“ყველაზე დიდი გამოწვევა ფიზიკური გაყიდვის წერტილების არარსებობა აღმოჩნდა. ვფიქრობ, ქართველი მომხმარებელი ონლაინ შოპინგზე კარგად ჯერ კიდევ არ გადაწყობილა, თუმცა რადგანაც ჩვენდამი ნდობა და პროდუქციისადმი ინტერესი მაღალი იყო, საბოლოოდ, ეს ფაქტორი ხელისშემშლელი არ აღმოჩენილა”. – ამბობს ქეთო გიორგობიანი.

KÁSHKASH-მა უკვე მოახერხა, ქართული მომხმარებელი დაერწმუნებინა, რომ მათი პროდუქცია უცხოურისას არაფრით ჩამოუვარდება. ამას დაემატა LIYA-ის იმიჯი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართულ ბრენდებს შორის უკვე დამკვიდრებული სახელია, შესაბამისად, LIYA X KÁSHKASH-ს მომხმარებლის ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია და ბრენდის პროდუქცია დღეს წარმატებით იყიდება.

“დიდი ხანია, ამ პროექტზე ვმუშაობთ და როცა მივხვდით, რომ მზად ვიყავით, აღარ გადავდეთ. იმედი მაქვს, ეს გახდება სტიმული სხვა მეწარმეებისთვის, რომ გარისკონ და არ შეეშინდეთ ამ პერიოდის, რადგან ეს ქვეყანა ჩვენ თვითონ უნდა ავამოძრავოთ. ამასთანავე, ვფიქრობ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი კოსმეტიკის მწარმოებელი ქვეყნის სახელი დაიმკვიდროს – ამისათვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს. LIYA X KÁSHKASH-ის შექმნით ჩვენი ამოცანა ისიცაა, რომ გავკვალოთ გზა, რომლითაც სხვალ სხვებიც ისარგებლებენ”– აღნიშნავს ქეთო გიორგობიანი.

LIYA X KÁSHKASH ბაზარზე ჯერ-ჯერობით ტუჩსაცხებითაა წარმოდგენილი, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქციასაც შესთავაზებს. LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქცია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და დეკორატიული კოსმეტიკის მოყვარულებს მათი შეძენა LIYA-სა და KÁSHKASH-ის ვებსაიტებზე შეუძლიათ. ქვეყანაში შესაბამისი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ბრენდის პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს ლუტეციაში, გალერეა თბილისისა და პეკინის ფილიალებშიც შეეძლებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდი უცხოურ ბაზართან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, შესაბამისად, მალე მათ პროდუქციას საზღვარგარეთ ფიზიკურადაც ვიხილავთ. 

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდიდან www.kashkash.ge TBC Concept-ის მომხმარებლებს LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქციის შეძენა წლის ბოლომდე 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.