fbpx

უპატარძლო ქორწილია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl


ასე რვაჯერ მაინც გავიფიქრე, რომ დასაწერი აღარაფერი მაქვს; რომ ყველაფერზე დავწერე, რაზეც შემეძლო ჩემი არაკომპეტენტური აზრი მომეხსენებინა. ან ის ემოცია გადმომეცა, რომელსაც ამა თუ იმ მომენტში გრძნობდა ჩემი “ჩოლკიანი” თავი, თუ წონანამატი მომცრო ტანი. არანაირი თავმდაბლობა, უბრალოდ მომბეზრდასავით ეს დეპრესიული ტექსტები, ოცნება ტოსკანაზე და იმის მოყოლა, როგორ ყველაფერი მე უნდა დამემართოს. ფლორის მოზიდვას, რომელიც არც ისე მაკლდა სახლში,  ფაუნის მოზიდვა დავიწყე.

ჩემს სამ ჩიტს მოვუყვანე ფისო ლილუ და ლეკვი მარლოუ. ფისო ვიყიდე. განცხადებით მივედი სპარსული კნუტის სანახავად, რომელიც აღმოჩნდა კრია-კრიაში დაბანილი კალიკოს კნუტი, იქვე დააბიჯებდა ამაყი სპარსი დედა, რომელსაც თავადაც არ ახსოვდა, რომელ ტურში და ვისგან გააჩინა კალიკო კნუტი. კაი ძარღვიანი გრუპი გოგოსავით ზევიდან გადმომხედა, ერთდროულად ჯიმი მორისონთანაც რომ იწვა და მიკ ჯაგერთანაც – აი ისე და გაშპა. 

თუმცა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი აქ იყო სახლი, სადაც მივედი. ძველ საბჭოეთის დროინდელ ნახევრად დანგრეულ ანგარში აეშენებინათ 3 ოთახი დამტვრეული სამშენებლო ბლოკით. როგორც კი მითხრა, ეს ყველაზე უშნო იყო და ამიტომ დაგვრჩაო, დავავლე ხელი ამ ყველაზე არასპარს კნუტს, ჩავუკუჭე 120 ლარი და გამოვიქეცი. ლაბი მარლოუ გვაჩუქეს. ხანდახან ბრედ პიტსაც წააგავს ხოლმე და ხანდახან პოლ ნიუმენსაც, მაგრამ მაინც უფრო რობერტ რედფორდია. ჩვენ? ჩვენ ინგლისელი დრამატურგის გვარი ვუბოძეთ სახელად. მთელი ჩემი სადაქალოს თაყვანისცემის ობიექტია და ყველაფერს ჭამს, რაც მოძრაობს, დევს და არსებობს. 

ჰოდა ბევრი დრო გავიდა. ჩემი ფაუნა წამოიზარდა, ტომ იორკმა კი დრო იხელთა და ცოლი მოიყვანა. ისეთ ფოტოებს დებდა ყვითელი პრესა, ლამის კათარზისი დაემართა მსოფლიოს ნახევარს თუ არა, მეოთხედს მაინც. ჩვენ, ჩვენ გავღარიბდით. მაგრამ ზაფხული შიდა ტურიზმით გართულებმა გადავაგორეთ. კორონავირუსი დაამარცხა ქართულმა ოცნებამ. რანაირად ჟღერს არა? დაამარცხა. ქართულმა ოცნებამ. კორონავირუსი. მეგონა, სადმე სამთავიან წმინდა გიორგის წამოჭიმავდნენ, რომელიც კორონას თუ არა, მიშას მაინც უმიზნებს შუბს. ეგეც კი არ ქნეს. გამოაგორეს რობოტი პეპერი, რომელმაც პრეზენტაციაზევე სცადა მოტყდომა. ეგრევე იყნოსა რა შარში გაყო თავი, შეხედა რა ეკატერინე ტიკარაძის კოხტა და მომცრო შანელის “დვოიკას”. მაგრამ განა ეს ცხოვრება გაახარებს ვისმეს, პეპერ? ბედი უნდა ყველაფერს. რამდენი % იყო 100-დან, რომ საქართველოში გაჩენილიყავი რობოტად? 164%. ესაა ყველაზე მართებული და სწორი პასუხი. მე მაინც მგონია, რომ სწორედ მაკა ასათიანის მადლიანმა სილამაზემ უქნა სოზარ სუბარს 164%, თორემ ისე შესაძლოა 84%-ს ვერ ასცდენოდა მისი მხარდამჭერების დაუღალავი სიარული საარჩევნო უბნებზე. 

წელს კარგი მოსავალი ჰქონდა თითქმის ყველა აგრარულ კულტურას, მაგრამ მყიდველი იყო ცოტა, მიხვდით, ჰო? დიახ, გავღარიბდით. მე ბაჯიებთან მიყვარს ბაზარში მასლაათის გაბმა. ძალიან საყვარელი ქართულით ლაპარაკობენ. ლამაზოს გეძახიან, სულ გაკრიალებულ და მშრალ მწვანილს გატანენ და წამოსვლისას 1 კონას მაინც ჩაგიტენიან ღიმილით. ბოსტნეულის ყიდვაც მათთან მიყვარს. წარმოდგენა არ მაქვს, ქართველები რუსეთში როგორ ვაჭრობენ ამ ქედმაღალი მზერითა და სრულიად შეუფერებელი უნარებით. 

ამასობაში მეზობლად, ბესიკის ქუჩაზე საფუძვლიანად  დაბინავდა რუსეთის ვიზების გამცემი პუნქტ-ოფისი. ერთი ფანჯრით დაიწყეს და უკვე 5-6 სხვადასხვა ზომის სახლი შემოიშუშაბანდეს. ფატაგრაფია, კოპია, ანკეტა, ქსეროქს – აბრა აქვთ რაღაც გამოკიდებული, მხოლოდ რუსულად აწერია. ვრეკავ შესაბამის სამსახურში. მეთქი, კანონი გვაქვს ეგეთი ქვეყანაში (სანამ გვაქვს) – აბრაზე ქართულადაც უნდა ეწეროს. მივხედავთო. სიცილით ვიგუდები. ვნახოთ აბა.

ამასობაში უწია ცოდვამ დონალდ ტრამპს, არ დაეწაფა რა ქართული ენისა და გრამატიკის შესწავლას და წააგო არჩევნებში. არაფერი დამიკლია. არც ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების ყოფის ამსახველი ახალი ამბები და არც ვეფხისტყაოსნის აფორიზმები. მაგრამ არ იცის მაგ კაცმა, რას ნიშნავს XII საუკუნეში გყავდეს თამარ მეფე, XX-ში მარო მაყაშვილი და XXI-ში სალომე ზურაბიშვილი. ვერაფრით მოვახედე ჩვენსკენ. მიაკვდა ამ მექსიკის კედელს, მესამე თუ მეოთხე წლის თავზე ძლივს დაგვინიშნა ელჩი და საერთოდაც უძინარები სიეტლში კი არა, პენსილვანიაში არ უნდა დააძინოთ, არავინ, სერ. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო, დონალდ. 

რაც უფრო აცივდა, კორონამ მით უფრო მოუხშირა შებინდებისას ქუჩებში სიარულს. ჰოდა ჩვენც გამოგვკეტეს 9 საათიდან სახლებში. საქართველომ გამოიტირა ფეისბუქის ძველი ინტერფეისი, ქართული ფეხბურთი და ზამთრის კურორტების წლევანდელი შემოსავლები. ისე იდარდა, რომ აღარც ცრემლი დარჩა 19 წლის კორონავირუსით გარდაცვლილი გოგოსთვის და აღარც ის ცნობილი მკვდრების სიყვარული. აზვირთება რომ ვიცით ხოლმე, ყველაფერს ამ ცხოვრების დედასაც რომ ვაჯღაბნით. იქნებ ახლა გვირაბებსა და კედლებზე ყველამ ჩვენი-ჩვენი ნაცნობების ტელეფონის ნომრები დავწეროთ სამინისტროებიდან და ხელისუფლებიდან. იქნებ ვიღაცას მაინც გაუმართლოს ამ ქვეყანაში – არ დააჯარიმონ, არ დაიჭირონ, უპოვონ საწოლი კლინიკაში, არ მოკვდეს. უფალმა მოიცალოს მისთვის და ისე გადააფაროს დედამისის კალთა, რომ არც 112-ში დარეკვა დასჭირდეს და არც იმპორტირებული რემდესივირი. 

უფალზე ის მიტროპოლიტი გამახსენდა, ბუნუელის კინოს რომ ჰგავს. აი ამას წინ რომ განაცხადა: პეტლიჩკაც მაქვს და სხვა პრიბორებიც, მაგრამ აიფონი დამიძველდა და ვაგლახ, ახალს შემომწირავდეს ვინმე გაჩვენებდით ჟურნალისტებს, როგორ უნდა გადაღებაო. ჟურნალისტებზე ყველა მახსენდება ტვ იმედის თანამშრომლების გარდა, რომლებსაც ისე მოწყინდათ დრონით გალაქტიკიდან რუსთაველის პროსპექტის თვალის დევნება, რომ დღეს მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიის კვლევით არიან დაკავებულები და გარეჯიდან ცხვირს ვერ გამოაყოფინებ. P.S. აჩუქა იმ მიტროპოლიტს ვიღაც  imatrakvetsa კომპანიამ ახალი აიფონი 😊 

ბრიტანეთში 80 წელს გადაცილებულების აცრა დაიწყო, რომ მათ შვილებს კიდევ დიდხანს ეგონოთ, რომ ყველაფერი წინ აქვთ. როცა დედა ან მამა გიკვდება, ხომ მაშინ ხდები ბებერიც და მომაკვდავიც. მანამდე კი ხარ ციკანივით ზამბარებზე და გგონია, რომ აი დღეს უკვე გვიანაა და ხვალ დაიწყებ იმ სახლის შენებას, სულ რომ გინდოდა გქონოდა. მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ბრაზილიაშიც წახვალ და სერფინგზეც შედგები. ცრემლი მდიოდა, როცა ჩემი მეგობრის შვილის ფოტო ვნახე რიო დე ჟანეიროს ცნობილ ხატებაზე. ამ ჟამიანობის დროს, ყველა რომ ვღნაოდით: გაგვიშვიიით, 9-ზე ნუ შეგვყრით სახლებშიი, ადგა და წავიდა. აგერ პეკინზე რომ მეგონა, რიოში ყოფილა. ჩვენ რომ ერთი ადგილი არ გვეყო და ვეძებდით, ყველა იმას ჰქონია 😊 მარიამ, მიყვარხარ <3 

P.S. ერთ-ერთი პირველი აცრილთაგანი უილიამ შექსპირია. განა როგორ არ გაიცინებს ღმერთი, ჰორაციო? 

ჰოდა ეგრე. წლის ბოლოს გირჩის იაგომ ისევ რაღაცნაირად იჩალიჩა და მაფიქრებინა, იქნებ ეს ირაკლი კობახიძე ჯობდა მანდ მჯდარიყო, დამჯერი რობოტი მაინც არის მეთქი. მესიჯების მოტანაში მაინც ელისაშვილმა აჯობა ყველას. კუჭი მაინც თავისას შვება რაა და სულ არ ადარდებს, რას იტყვის მასზე შთამომავლობა. 

ახალმა პარლამენტმა ცალკარა და ჟოპასტენკა ითამაშა და გადაწვიტა, რომ არც ასეა ურიგო. განათლება თეაწადის ჩააბარა და სოფლის მეურნეობა ნინო მამასგოგოს. უხუცესმა კუნთის რეფლექსიაზე ილაპარაკა, ყველზე მაღალმა კი, რავი კალათში ბურთს ვაგდებდი და მწვანე და წითელ ღილაკებსაც გავარჩევო.

მელოდია დაგაკლდათ? აი ეს ჩაირთეთ 

და თავიდან დაიწყეთ ამ გოდების გადაკითხვა. მაინც არაფერი შეიცვლება.

რუსთაველის პროსპექტი მორთულია საახალწლოდ, მაგრამ აბა ან ვის ეახალწლება? უპატარძლო ქორწილია. მამულო, როგორ ამოხვედი ყელში, რააა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.