fbpx

ენდი უორჰოლი სიყვარულზე, სექსზე და ვნებაზე – TASCHEN


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფო ცინცაძე

 

ვალენტინობის დღეს, 1956 წელს, დიდი ხნით ადრე, სანამ პოპ-არტის მწვერვალებს დაიპყრობდა, ენდი უორჰოლი თავისი პირველი სოლო გამოფენისთვის ემზადებოდა. უორჰოლისთვის კომერციული ილუსტრატორის საკმაოდ წარმატებული კარიერა მომაბეზრებელი და რუტინული გამხდარიყო და ამ გამოფენის მეშვეობით იგი ნიუ-იორკის სახელოვნებო სცენაზე გამოჩენას გეგმავდა. 

ელეგანტურ, მინიმალისტურ ესკიზებზე უორჰოლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, რომლებიც ქვიარ სიყვარულს და მამაკაცურ სილამაზეს ეძღვნებოდა. თუმცა, 60-იან წლებში გავრცელებული ჰიპერმასკულინური იდეალების და ჰომოფობიის ჩრდილში მოქცეული, ნიუ-იორკის გალერეებმა ნამუშევრების გამოფენაზე ენდი მტკიცე უარით გაისტუმრეს. 

ნახევარი საუკუნის მერე TASCHEN-მა ახალ წიგნში – Andy Warhol, Love, Sex, and Desire: Drawings 1950-1962, უორჰოლის 300-ზე მეტი ნამუშევარი გააერთიანა, რათა ახალბედა არტისტის ჩანაფიქრი საბოლოოდ აესრულებინა. 

წიგნში წარმოდგენილი განსაკუთრებულად ფაქიზი, მარტივი ფორმებით აგებული პორტრეტები და კომპოზიციები  განსხვავდება უორჰოლის მოგვიანებით შექმნილი ნამუშევრებისგან და პოპ-არტის მთავარ ფიგურას სრულიად ახლებური ხედვით წარმოგვიჩენს, ისე, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს. ისინი უსაზღვრო სიხარულით ზეიმობენ მის გეი იდენტობას და ასახავენ შიშველ მამაკაცებს ინტიმურ და ეროტიკულ პოზებში – ზოგიერთი მათგანი გაფორმებულია ფერადი გულებით, ბაფთებით, პეპლებით თუ ვარსკვლავებით, ზუსტად ისე, როგორც აღტაცებული გულშემატკივარი შეამკობდა თავისი კერპის ფოტოებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ესკიზები ესთეტიკურად სასიამოვნო და კარგად შესრულებულია, წიგნზე მუშაობისას მივხვდი, რომ ისინი ადრეული მაგალითია უორჰოლის გატაცებისა, გადაეღო ადამიანები და დაეჭირა მომენტები, რასაც იგი მოგვიანებით პოლაროიდის, 35 მმ კამერების, ხმის ჩამწერების და დღიურების მეშვეობით გააგრძელებდა. თუმცა, წიგნში წარმოდგენილი განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტის მატარებელი ჩანახატები, რომლებიც გაჟღენთილია ვნებით, სიყვარულით და სექსით, გაცილებით უფრო ნამდვილი და ბუნებრივია, ვიდრე ენდის მოგვიანებით შესრულებული ნამუშევრები“, – წერს წიგნის რედაქტორი, მაიქელ ჰერმან დეიტონო. 

ჰერმანის წინასიტყვაობასთან ერთად, წიგნში ასევე შესულია უორჰოლის ბიოგრაფის, ბლეიკ გოპნიკისა და არტ-კრიტიკოსის, დრეი ზეიას ესეები, ხოლო ნამუშევრებს ახლავს ჯეიმს ბოლდუინის, ტომ გუნის, ჰაროლდ ნორჩის, ალენ გინსბერგის და ესსექ ჰემფილის პოემები. 

წარმოგიდგენთ  რამდენიმე ნამუშევარს წიგნიდან Andy Warhol, Love, Sex, and Desire: Drawings 1950-1962:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.