fbpx

ნიკა ქუთათელაძის სოლო გამოფენა “ტარიელი ემზადება გამოსაზამთრებლად” გალერეა Artbeat-ში


გააზიარე სტატია

ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

ავტორი: ნინი დარჩია

 

ნიკა ქუთათელაძის  ნამუშევრების სერია გურიის მთიან სოფელში მომაკვდავ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს და გვთავაზობს არქიტექტურული ტრანსფორმაციების შემოქმედებით ხედვას. ხელოვანი იკვლევდა სოფელ მიწიეთის არქიტექტურული ლანდშაფტის ობიექტებსა და მათ ცვლილებებს დროის განმავლობაში. მის ნამუშევრებში ნაჩვენებია ის, თუ როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიურობა არქიტექტურულ მოცემულობებზე.

 

 

ნიკა ქუთათელაძე სოფელ მიწიეთში ფუნქცია დაკარგულ სახლს განაზოგადებს და ახალ კონტექსტში არსებული საკითხების თემატიზებას ახდენს. ეს არის ერთგვარი მცდელობა, შეიქმნას ახალი სივრცობრივი კონსტრუქცია გალერეა ართბითის საგამოფენო სივრცეში, რომელიც ახალი ვიზუალური ნიშნებით სივრცის ახლებურად გააზრების შესაძლებლობას იძლევა.

ავტორი იკვლევდა დასახლებაში არსებული არქიტექტურული ლანდშაფტის ისტორიას, ყოველდღიურობის რიტუალებსა და გარემოს. სოფელში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი საცხოვრებელი, რომელიც სოფლის მცხოვრებლების მიერ დაშლას ექვემდებარება, ხელოვანისთვის საინტერესო დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა და სწორედ ამ ნგრევის პროცესით მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის ახალ ნამუშევარს. 

ამ სახლზე რკინის “ჟეშტებით” აკრულ კედლებსა და სტრუქტურას ხელოვანი გალერეაში კონსტრუქციად და ნიშნებად აქცევს, რომლებიც მათ ყოფილ უტილიტარულ ხასიათზე მიანიშნებენ. ეს ნიშნები შეიძლება იკითხებოდეს დროის ენტროპიისგან და გარემო პირობებისგან დამცავ ელემენტებად. საბოლოოდ, ისევ და ისევ ადამიანის ხელების წყალობით ეს ელემენტებიც წყვეტენ არსებობას. სოფლის დაცარიელების პროცესი ფატალურ სურათს ქმნის. ამ სივრცით მიღებული შთაბეჭდილებით ხელოვანი აგრძელებს ახალ პროექტზე მუშაობას.

ნიკა ქუთათელაძე დაიბადა 1989 წელს, თბილისში. 2007- 2011 წლებში ის სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისში (CCA-T). მისი ნამუშევრების უმეტესობა მოიცავს ინსტალაციებსა და სკულპტურებს, რომლებიც ასახავენ ყოველდღიურ სამომხმარებლო და სხვადასხვა გარემოს საკითხებს. მისი უკანასკნელი არტისტული გამოხატულება არქიტექტურული სივრცეების გარდაქმნას და ზოგადად, ურბანულ გარემოს უპირისპირდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.