fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – ლაშა ცქვიტინიძე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას, თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე ადამიანებთან.

ლაშა ცქვიტინიძე

ნ. კ. როგორია კინოფილმისთვის ამბის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

ლ. ც. პირადად ჩემზე რაც მოქმედებს ძლიერად – ან პერსონაჟის გაცნობა, ან ამბავი, რაც თავს გადამხდება, ან სხვისი ამბავი. ჩემთვის ინსპირაციის წყარო რეალური ამბები ხდება. არ ვეძებ თემებს სპეციალურად, თუ რა იქნება მაყურებლისთვის საინტერესო. 

ნ. კ. “თემო” და “მე ვარ ბესო” არაერთი შეფასებით თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო ნამუშევრებად სახელდება. ყველას აქვს საყვარელი ეპიზოდი, დიალოგი და ა.შ. პროექტზე მუშაობისას, სცენარიდან  მონტაჟამდე – რა იცვლება და რა რჩება უცვლელი?

ლ. ც.  სცენარიდან ტექსტები ერგება უკვე დამტკიცებულ მსახიობებს, ისინი ირგებენ ამ ტექსტს, ამატებენ საკუთარ სიტყვებს, რჩება შინაარსი და თემა, თუ რაზე უნდა ილაპარაკონ და საიდან სად უნდა გადავიდნენ. მონტაჟისას ხდება სცენების გადანაცვლება, რაც სცენარში მანამდე საინტერესო იყო.

ნ. კ. ქართულ და უცხოურ კინოში რომელი დიალოგი/დიალოგები მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

ლ. ც.  ჯონ კასავეტესის უამრავი ფილმის დიალოგი, ჯიმ ჯარმუშის, რუბენ ოსტლუნდის, ჰარმონი კორინის ძველი ფილმების, ჯონ ვოტერსის, კიდევ ბევრია,  რაც არ მახსენდება. ქართულიდან ძალიან მომწონს “სერგო გოთორანის” მონოლოგი, დიალოგები ფილმიდან “ღორი”,  “ლაქა”, “პასტორალი”.

ნ. კ. რომელია თქვენი საყვარელი ქართული კინოფილმი?

ლ. ც. ალბათ, “ლაქა”.

 

ნ. კ. ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

ლ. ც. არა მარტო ქართულს, არამედ მსოფლიო კინოს აკლია საკუთარი ტვინის პროექცია. იმის, რაც მისია. ის, რომ უყურებ ფილმს და პერსონაჟების ცხოვრობას გრძნობ და არა რეჟისორის მოთხოვნების შესრულებას.

ნ. კ. რა შეიცვალა ბოლო წლებში მსოფლიო კინემატოგრაფში და ეთანხმები თუ არა იმ აზრს, რომ კინო  სხვა დანარჩენთან ერთად, ერთგვარ გარდატეხის პროცესშია, ზოგი წყენით აღნიშნავს, რომ საფესტივალო კინო სულ უფრო დაქვემდებარებული გახდა კონიუნქტურაზე, მეტიც, ვიღაცისთვის ეს ერთგვარი ცენზურაც კია – ყველანი ერთ თარგს მოვერგოთ, შენ რას ფიქრობ?

ლ. ც. ჩემი აზრით, მსოფლიო კინო უფსკრულისკენ მიექანება, სულ ცოტა და ცოტა რეჟისორი რჩება, ვინც საკუთარ გამოცდილებას ან თავის ტვინის ნადუღს აჩვენებს. რომ შევხედოთ, მაგალითად, 70-იანი წლების ფესტივალებზე გამარჯვებულ ფილმებს, ჩანს, რომ იმ დროს უფრო მხატვრული ღირებულება ფასობდა, ვიდრე თემა. 

დღეს თემებით მანიპულირება მიდის. უყურებ და ხვდები, რომ ეს ამ რეჟისორის არ არის, პერსონაჟები დაზეპირებულ ტექსტებს ამბობენ, ეს ყველაფერი  იმისთვის ხდება, რომ რეჟისორმა ამა თუ იმ ფესტივალზე წარმატება მოიპოვოს. მათ, ალბათ, ნიჭის ნაკლებობა აქვთ. 

მსოფლიო კინო ორად იყოფა – საავტორო კინო და კომერციული, ჩემი აზრით, უნდა იყოს კიდევ დაყოფა, საფესტივალო კინო და საავტორო კინო. თუ რეჟისორი ამერიკაში უემოციო, მკვდარ, უსულო ფილმს გადაიღებს,  რუბიკის კუბიკივით აწყობილს,  ამას კომერციული ფილმი ჰქვია, იგივე თუ ევროპაში ხდება  – საავტორო კინო. ავტორი საკუთარი სამყაროთი და ატმოსფეროთი ძალიან იშვიათად ჩანს.

ნ. კ. ვინაა თქვენთვის კინორეჟისორი, რომლის გარეშეც კინოს ისტორიას ბევრი რამ დააკლდებოდა?

ლ. ც. ჯონ კასავეტესი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.