fbpx

„საბა 2020″ – მივესალმოთ გამარჯვებულებს – აქ.ახლა


გააზიარე სტატია

2020 წელიც დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ლიტერატურული სიახლეები არც ამ წელს მოგვკლებია. პრემიის მიზანი, გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, წელსაც მიღწეულია, თუმცა ერთი განსხვავებით, წელს “ლიტერატურული პრემია  საბას” ღონისძიებაც, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, ვირტუალური ფორმატით ჩატარდა.

ჟიურიმ გამარჯვებულები უკვე გამოავლინა, მთავარი ჟიური კი მაინც მკითხველია. ამიტომ არ მოგერიდოთ საკუთარი დასკვნების გამოტანის, „საბაც“ ხომ ამას ითხოვს ჩვენგან, გავმართოთ ცოცხალი და საინტერესო დისკუსია და დავსვათ ლიტერატურული კითხვები, რომელზეც პასუხებს, ალბათ, ისევ და ისევ, წიგნებში ვიპოვით.

ახლა კი წარმოგიდგენთ 2020 წლის ლიტერატურული პრემიის, „საბას“ გამარჯვებულებს, რომლებსაც ჩვენივე სახლებიდან ვგულშემატკივრობდით.

  • წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ჟიურიმ ბესო სოლომონაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ გამოარჩია.
  • საუკეთესო პოეტური კრებული – არჩევანის გაკეთება მარტივი არ ყოფილა, ამიტომ წელს პრემია ორ ცოცხალ კლასიკოსს მიენიჭა: ბესიკ ხარანაულს –  „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურიას – „სიყვარულის შავი ყუთი 3“.

     
  • ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში, წლის საუკეთესო დებიუტი, რომელიც განსაზღვრავს ქართული ლიტერატურის მომავალს, პრემია გადაეცა მაია ცირამუას წიგნისთვის  „მშვიდობით, ძია გერშვინ!“. 
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ნომინაციის თემატური სპექტრი მრავალფეროვანი იყო, როგორც ყოველთვის, ჟიურიმ კი წელს შორენა ლებანიძის „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ გამოარჩია. 
  • ეს ნომინაცია ქართული პროზის გულშემატკივარი მკითხველისთვისაა, საუკეთესო პროზაული კრებული – პრემია გადაეცა მამუკა დოლიძეს წიგნისთვის „გასეირნება დროთა სივრცეში“.

     

  • „თუ ლიტერატურას დიაგნოზის დამსმელი, შემფასებელი არ ჰყავს, მისი განვითარება ეჭვის ქვეშ დგება“. ნომინაციაში –  საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა ჟიურიმ რამაზ ჭილაიას „პოეტიკური ჩანაწერები“ გამოარჩია.

     

  • წლის საუკეთესო პიესის ავტორი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი დრამატურგი, ალექს ჩიღვინაძეა პიესისთვის „მარინა რევია“.

  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ნომინაციაში გამარჯვებულია ელზა ახვლედიანის „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, რა თქმა უნდა, ქართველ მკითხველთან ერთად, ჩვენ ხომ ამ არაჩვეულებრივი თარგმანის საშუალებით  მსოფლიო ლიტერატურის შედევრის წაკითხვას შევძლებთ.

ბოლოს კი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ყველასთვის საყვარელი პოეტი და მთარგმნელი ბათუ დანელია დაჯილდოვდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.