ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე
მაშინ როდესაც ჩვენ მაქსიმალურად იზოლირებულები შინ ვსხედვართ და ტელევიზორითა თუ ინტერნეტით თვალს ვადევნებთ კორონავირუსის გავრცელების დინამიკას, კოვიდ ჰოსპიტლების კედლებს მიღმა პარალელური ცხოვრება ვითარდება – ექიმები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
სამედიცინო პერსონალი ომის წინა ფრონტზე მებრძოლი არმიაა. უკვე თვეებია, ექიმების უმრავლესობა კვირაში შვიდი დღე 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამ ადამიანებმა პირდაპირი მნიშვნელობით გადადეს საკუთარი ცხოვრება, დატოვეს ოჯახები და ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
შიში, სტრესი, ბრაზი, დანაშაულის შეგრძნება, მორალური არამდგრადობა, სამედიცინო პერსონალი უარყოფითი ენერგეტიკის უწყვეტ ტალღაშია მოქცეული, ჰორიზონტი კი არ ჩანს. ექიმები, ექთნები ყოველ წუთს ვიღაცის დახმარებას ცდილობენ, მთელ ენერგიას გასცემენ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე არ დაკარგონ. ამასობაში კი თავად საჭიროებენ ფსიქოლოგიურ თუ მორალურ თანადგომას, გამხნევებას.
სამედიცინო ცენტრებისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ თანამშრომლებზე ზრუნვა და მხარდაჭერაა. რაც გარკვეულწილად საკმაოდ რთული დავალებაა.
ევექსის ჰოსპიტლების ქსელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და 13 ჰოსპიტალი კოვიდ და ჰიბრიდ საავადმყოფოებად გადაკეთდა. დღეს კორპორაცია თავისი თანამშრომლების გამხნევებაზეა მომართული და სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მიმართულებების შემუშავებისა და განვითარების პროცესშია.
ევექსის ქსელის ორგანიზაციული განვითარებისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო შადური:
სამედიცინო პერსონალი ემოციური გადაწვის რისკის ქვეშაა. შესაბამისად, მთავარი ამოსავალი წერტილი ახლა თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზნით ევექსის კორპორაციამ დაიწყო მედპერსონალის იდენტიფიცირება და დაჯგუფება მათი ემოციური მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პარალელურად, ამ ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე მიმართულება განავითარა:
სამედიცინო პერსონალის სავალდებულო დასვენების დღეებით უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ გადაწვის პირას მყოფმა თანამშრომლებმა შეძლონ განტვირთვა და ენერგიის აღდგენა, ჰოსპიტლებში ამოქმედდა როტაციის პრინციპი და შემუშავდა ჩამნაცვლებელთა გრაფიკი. ხოლო იმ ექიმებისთვის, რომლებიც კვირაში 7 დღე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განისაზღვრა 3-4-დღიანი სავალდებულო დასვენება.
ემოციური სტაბილურობისა და განტვირთვისთვის კოვიდ-ფრონტზე მყოფი თანამშრომლებისთვის შეიქმნა “კოლეგების მხარდამჭერისა და სტრესმედეგობის“ ღია პლატფორმა, სადაც 10-12-კაციანი ჯგუფები პროფესიონალ ფსიქოლოგთან ერთად ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ, საუბრობენ სტრესთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებზე და განიხილავენ კონკრეტულ შემთხვევებს. ამ სივრცეში მათ აქვთ საშუალება ემოციებისგან ბოლომდე დაიცალონ და მიიღონ რჩევები სტრესთან გამკლავების შესახებ.
კერძო თერაპიული სესიები ფსიქოლოგთან – იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა შედარებით მძიმეა და უფრო მეტად საჭიროებენ ფსიქოლოგის ინდივიდუალურ ჩართულობას.
ნინო შადური: “ჩვენს ქსელში 12 თანამშრომელი გარდაიცვალა. ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ფიზიკური დაკარგვა, რომლებთან ერთადაც წლები ერთ გუნდად ვმუშაობდით. რთულია იმის გაცნობიერებაც, რომ ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას, სხვის სიცოცხლეს ეწირებიან. ჩვენ დიდი ენერგიის ფასად ვცდილობთ ერთმანეთის გამხნევებას, ემოციების გაზიარებას და განაწილებას. ვცდილობთ, პროცესებს შორიდან არ ვუყუროთ და უშუალოდ ვიყოთ ჩართულები”
ამ მიზნით ქსელში შეიქმნა “ემერჯენსი ჯგუფი”, რომელიც კორპორაციის მაღალი რგოლის მენეჯერებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფის წევრები საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ჰოსპიტალში მიდიან, უშუალოდ ეცნობიან პაციენტთა მდგომარეობას, სამედიცინო პერსონალთან ერთად კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავენ და ექიმებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეხმარებიან.
დღეს მთავარი გამოწვევა თანამშრომელთა როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. კორპორაციამ ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე დაიწყო სისტემატური ტრენინგების ჩატარება და სამედიცინო პერსონალის ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კი – თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცება. თეორიული და პრაქტიკული სწავლება/გადამზადება მთელი ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. თითოეულ ჰოსპიტალს თავისი ინსტრუქტორი ჰყავს, რომელიც აკონტროლებს, რამდენად სწორად მოიხმარს სამედიცინო შემადგენლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რამდენად დაცულია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, როგორ მიმდინარეობს კლინიკური მართვა და რამდენად უსაფრთხოდ მუშაობს პერსონალი.
ევექსი ჰოსპიტლების ქსელი ასევე ავტორია პროექტისა – miceremadloba.ge, რომელიც ერთგვარი საკომუნიკაციო არხია საზოგადოებასა და სამედიცინო შემადგენლობას შორის. ამ სივრცეში აღმოვაჩენთ ჩვენი დროის გმირებს და ისტორიებს კოვიდ-ჰოსპიტლებიდან. პლატფორმის საშუალებით შეგვიძლია ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სამედიცინო პერსონალს და მადლობა გადავუხადოთ თავდადებისთვის.