fbpx

პრემიერლიგას მერსისაიდელები ლიდერობენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ფეხბურთის მოყვარულებისთვის ახალი წლის შეხვედრის სიამოვნება პრემიერლიგის „ბოქსინგ დეისთანაც“ არის დაკავშირებული. 

მით უმეტეს წლეულს, როდესაც პანდემიის გამო ადამიანებს ერთმანეთთან მიმოსვლის შესაძლებლობაც შეზღუდული აქვთ, ინგლისის ჩემპიონატისა თუ ლიგის თასის შეხვედრები საახალწლო განწყობას ნამდვილად ამრავალფეროვნებს. 

ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოდში იკვეთება ინგლისის ჩემპიონატის სამომავლო კონტურები, რაც ჩემპიონის თუ არა, სატურნირო ცხრილში ზედა ოთხი ადგილისთვის მებრძოლი გუნდების ვინაობას დაახლოებით მაინც წარმოაჩენს.

დამდეგი წლის 6 იანვარს ინგლისის საახალწლო საფეხბურთო ორომტრიალს ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩები დააგვირგვინებს. იქამდე კი ჩემპიონატში ცხრა დღის განმავლობაში ტრადიციულად სამი ტური ჩატარდება.

„ტოტენჰემი“ დიდი ალბათობით თასის ფინალშია, რადგან მისი მეტოქე ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი „ბრენტფორდია“. 

აი მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს და პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ შარშანდელი ნახევარფინალის ორრაუნდიან ბრძოლაში მარცხისთვის  რევანშის აღებას ეცდება.

„მანჩესტერ სიტი“ ამ ტურნირის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულია და ყველანაირად იზრუნებს ტიტულის შენარჩუნებისთვის, რადგან შარშანდელი სეზონისა არ იყოს, წლეულსაც სავსებით დასაშვებია, რომ კლუბმა ლიგის თასის გარდა, ვერც ერთი სხვა ჯილდო ვერ მოიპოვოს. ეს კი „ქალაქელთა“ გეგმებში ნამდვილად არ შედის.

მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლშია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა კარგა ხანია ბევრ რამეს პატიობს და თუკი მისი გუნდი პრემიერლიგის „ბოქსინგ დეის“ მატჩებს მაღალ დონეზე ჩაატარებს და სატურნირო ცხრილში „ლივერპულთან“ ჩამორჩენას არ გაზრდის, ჩემპიონთა ლიგის ფიასკო, სავარაუდოდ, დავიწყებას მიეცემა. 

სათასო დერბის შედეგი კი აუცილებლად აისახება გუნდის სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიაზე, რადგან მორიგი მარცხის უფლება „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე აღარ ექნება!

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განვლილ ტურში „ლესტერთან“ დაპირისპირებამდე სულშერის გუნდს ექვსივე გასვლითი მატჩი მოგებული ჰქონდა. 

„ბოქსინგ დეის“ პირველი შეხვედრა კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩააგდო, რადგან პრინციპულ დუელში ის მხოლოდ ქულას დასჯერდა. 

„ლესტერთან“ მატჩში „წითლები“ ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივე შემთხვევაში დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. 

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი მათ კინაღამ მოიგეს კიდეც თამაში, რაც „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მეტად არასასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს სტუმართა ორი საკვანძო მოთამაშის – მეკარე დე ხეას და გუნდის კაპიტან ჰარი მაგუაიერის მორიგი არადამაჯერებელი თამაში, რადგან რომ არა მათი შეცდომები, სულშერის გუნდი, სავარაუდოდ, მოახერხებდა სამი ქულის მოპოვებას. 

აწი, 6 იანვარს „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო დაპირისპირებამდე, „იუნაიტედს“ „ბოქსინგ დეის“ ფარგლებში კიდევ ორი მატჩის ჩატარება მოუწევს – 29 დეკემბერს „ვულვერჰემპტონის“ და 2 იანვარს „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ. 

თუმცა, საგულისხმოა, რომ დერბიმდე „სიტის“, „იუნაიტედთან“ შედარებით, უფრო მძიმე სათამაშო განრიგი აქვს, რადგან გარდა იმისა, რომ 6 იანვრის დაპირისპირებამდე ის სულშერის გუნდზე ერთი დღით ნაკლებს დაისვენებს, 3 იანვარს „ბოქსინგ დეის“ უკანასკნელ მატჩში პეპ გვარდიოლას  მოწინააღმდეგე „ჩელსი“ იქნება. 

განვლილ ტურში ფრენკ ლამპარდის გუნდი ლონდონურ დერბიში „არსენალს“ დაუპირისპირდა. პრემიერლიგის სტატისტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ „არსენალს“ წლევანდელის მსგავსი წარუმატებელი სტარტი უკანასკნელად 1974/1975 წლების სეზონში ჰქონდა. 

მიმდინარე გათამაშებაში კი „ჩელსისთან“ დაპირისპირებამდე „მეთოფეებს“ უკანასკნელი მატჩი 1-ლ ნოემბერს ჰქონდათ მოგებული „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 

მას შემდეგ „არსენალი“ აგებდა ან ფრედ თამაშობდა, რასაც გასულ კვირას ლიგის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 1:4 – გამანადგურებელი მარცხი დაემატა.

ასეთ „შედეგებთან“ ერთად, გაკვირვებას იწვევდა გუნდის დაბალი შედეგიანობა, რადგან ზემოთ ხსენებული 1-ლი ნოემბრიდან მოყოლებული „ჩელსისთან“ დაპირისპირებამდე „არსენალს“ პრემიერლიგის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში სულ ოთხი (!) გოლი ჰქონდა გატანილი.

ამიტომ „არსენალი“ – „ჩელსის“ მატჩის დაწყებამდე ასეთ მდგომარეობაში მყოფი მასპინძლები ბევრს ისედაც განწირული ეგონა და როგორც გაირკვა, სრულიად ტყუილუბრალოდ… 

მიკელ არტეტას გუნდს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც „ჩელსისთან“ პრინციპული დაპირისპირება დასჭირდა საკუთარი ქომაგების გულის მოსაგებად, რომლებმაც შაბათ საღამოს ნამდვილი საახალწლო საჩუქარი მიიღეს.

„არსენალმა“  სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ანგარიშით 3:1 დაამარცხა პრემიერლიგის ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელი, რომელსაც ჩავარდნა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში „სევილიას“ ანგარიშით 4:0 განადგურების შემდეგ დაეწყო.

საგულისხმოა, რომ „ჩელსი“ მას შემდეგ ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან უკვე მესამეში დამარცხდა, რაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი სენსაციაა.

„ლესტერის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ჩელსის“ წაფორხილებით „მანჩესტერ სიტიმ“ და „ევერტონმა“ ისარგებლეს, რომლებმაც შესაბამისად – „ნიუკასლის“ და „შეფილდ იუნაიტედის“ დამარცხების შემდეგ, გაიუმჯობესეს თავიანთი სატურნირო მდგომარეობა.

„ევერტონმა“ გაიმეორა სეზონის საწყის ოთხ ტურში ნაჩვენები ფანტასტიკური შედეგი და 13 დეკემბრიდან მოყოლებული ზედიზედ მეოთხე მატჩის მოგების მერე სატურნირო ცხრილში, „ლივერპულის“ შემდეგ, მეორე ადგილზე განთავსდა.

გათამაშების ლიდერი კი კვირა საღამოს „ენფილდზე“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩს“ მასპინძლობდა და ყველანაირად იზრუნა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ქულათა სხვაობის შენარჩუნებისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ აუტსაიდერის კართან არაერთი საგოლე მომენტი გაანიავა, სტუმრებმა თავიანთი ერთადერთი დარტყმა აქციეს გოლად და „ენფილდიდან“ ქულა წაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით განწირულმა „ვესტ ბრომვიჩმა“ ამ ორი კვირის წინ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთანაც“ 1:1 ითამაშა, შემდეგ კი შინ „ასტონ ვილასთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბირმინგემული კლუბის ასპარეზობა, რადგან მას სხვებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დაკარგული ქულების მიხედვით, „ლივერპულის“ შემდეგ, მეორე პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში.

„ბოქსინგ დეის“ პირველი ტურის შემდეგ კი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებას მერსისაიდული კლუბები ლიდერობენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.