fbpx

წინდები ქართული კომპანიებისგან


გააზიარე სტატია



ახალ წელს საჩუქრები ყველაზე აქტუალურია. ამას ემთხვევა Secret Santa-ს თამაშიც და ყველა ეძებს ლამაზ, დასამახსოვრებელ საჩუქარს ხელმისაწვდომ ფასად. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი ქართული კომპანია არსებობს, რომლებიც ძალიან ლამაზ წინდებს ამზადებენ და ვფიქრობ, გამოგადგებათ. მაშ ასე, გაგაცნობთ რამდენიმეს:

 

 

Onetoeight 

ახალი ქართული ბრენდია, რომელიც პოპულარული გახდა წარწერით – “რაშვები”.  თავიდან ბრენდი მაისურებს და ჰუდებს აწარმოებდა, ახალ კოლექციაში კი ორი მოდელის, უმაღლესი ხარისხის ბამბის თეთრ წინდებს გვთავაზობს უცვლელი წარწერით – “რაშვები” და ასევე “პარასკევი”. ბრენდის მთავარი ხიბლი იუმორია, სახელი თბილისში გავრცელებულ wifi-ს კოდს უკავშირდება – თითქმის ყველა 8-დან 1-მდე ციფრების კომბინაციას აყენებს. Onetoeight ბრენდი გეგმავს 8 პროდუქტი ჰქონდეს, თუმცა როგორც არსებული, ასევე შემდეგი ყოველთვის გამორჩეული იქნება.

 

Rosebud 

ქართული პრემიუმ-ხარისხის წინდებია. “როუზბად” – ეს სახელწოდება ორსონ უელსის კინოშედევრში – ”მოქალაქე კეინში” მთავარი გმირის ბავშვობის ციგას ჰქვია. თითქოს უმნიშვნელო ნივთია, მაგრამ სინამდვილეში – მთავარი. სწორედ ეს ფილმი გახდა ბრენდის კონცეფციის ინსპირაცია. ბრენდის მიდგომა წინდებისადმი იმავე ასოციაციას ქმნის. ყურადღების გამახვილება იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც მრავლისმეტყველია. დეტალები მნიშვნელოვანია. წინდების გარდა “როუზბადის” კოლექციაში ნახავთ ჩანთებს და შარფებს, რომლებსაც სხვადასხვა ხელოვანთან კოლაბორაციით ქმნიან.

 

Reckless 

ახალი ქართული ბრენდია, სადაც ყველაფერი განსაკუთრებულია – მაისურები, ქვედაბოლოები, ჰუდები, ქუდები და მათ შორის წინდებიც, ულამაზესი ნაქარგებით, რომელზეც ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები მუშაობენ. გარდა დიზაინისა, განსაკუთრებულია ბრენდის შეფუთვაც ე.წ Bubble wrap-ის ჩანთებში განთავსებული პროდუქცია, სტიკერების შეკვრასთან ერთად. ვფიქრობთ, Reckless ნამდვილად კარგი საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის.

 

TASSO

ტასო  ბავშობიდან ყველასგან განსხვავებულ, მის ასაკთან შედარებით უცნაურ ნახატებს სხვადასხვა სტილით ასრულებდა.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა მისი ხატვის ტექნიკა და 15 წლის ასაკში მან მოახერხა, რომ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისათვის გამოფენების სახით წარედგინა.

დღეისათვის ტასოს ნახატებით წინდები იწარმოება, მათი შეძენა როგორც ონლაინ, ასევე  მაღაზიაში KAïA (შალვა რადიანის # 3 ) ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გაყიდული ნივთებიდან თითო ლარი კი იშვიათ დაავადებათა ფონდში (CDG Georgia) ში გადაირიცხება. ტასო მომხმარებელს უამრავ სიახლესა და საინტერესო პროდუქტს ჰპირდება.

 

Babale socks 

ბაბალე სოციალური საწარმოა, რომელიც სხვა ნივთებთან ერთად უნიკალურ ქართულ მოტივებზე შექმნილი დიზაინის წინდებსაც ამზადებს. აქ თქვენ ნახავთ შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, ვერა ფაღავას, ელენე ახვლედიანის და პეტრე ოცხელის ნამუშევრების მიხედვით შექმნილ წინდებს და გარდა იმისა, რომ ულამაზეს წინდას შეიძენთ, ძალიან კარგი საქმის თანამონაწილეც გახდებით.

 

Altersocks 

წინდების მწარმოებელი ერთ-ერთი პიონერი ქართული ბრენდია, რომელიც ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობს. ბრენდის მთავარი მისია სახალისო წინდების შექმნით ადამიანების გამხიარულებაა. Altersocks-ის კოლექციაში შეგიძლიათ ყველა გემოვნების მეგობარს აურჩიოთ საჩუქარი: მაგალითად, “ჰარი პოტერის” ან “სამეფო კარის თამაშების” მოყვარულებს, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულებს, იქნება ეს ფიროსმანი, მუნკი თუ სპეციალურად Altersocks-ისთვის შექმნილი Lamb-ის ილუსტრაციები.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.