2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ავტორი: რამაზ გიგაური
ყველას აინტერესებს, თუ რას ჰპირდება 2021 წელი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით. ამისთვის AT.ge-მ ასტროლოგ რამაზ გიგაურს მიმართა, რომლისგანაც თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ ასტროლოგიური პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს შესაბამისად.
ვერძი
2021 წელი თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების პერიოდი იქნება. განსაკუთრებით ეს თქვენი მომავლის ფორმირებას და ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებას ეხება. წლის პირველ ნახევარში შეეცადეთ, რომ გადაჭრათ ძველი პრობლემები, რათა ახალ წამოწყებებში ძველმა კრიზისებმა ხელი არ შეგიშალოთ.
მნიშვნელოვანი გახდება პარტნიორული საქმიანობა. შეძლებთ ახალი მეგობრების, პარტნიორების, სპონსორების მოძიებას. წარმატებით მოახერხებთ ახალ სამუშაო სივრცეში ან სოციალურ გარემოში ადაპტაციას. ამ პერიოდში მოგიწევთ ურთიერთობების სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რადგან სწორედ ეფექტიან საქმიან ურთიერთობებზე იქნება თქვენი გამარჯვება დამოკიდებული.
წლის მეორე ნახევარში ბევრი საკითხი თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული მიმართულებით წინსვლა დამუხრუჭდეს. შეეცადეთ, თქვენი რესურსები პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილოთ. მოგიწევთ ლიდერის თვისებების გამოვლენა, რათა მართვის სადავეები ხელიდან არ გაგისხლტეთ.
მოერიდეთ იმპულსურობას და გაუმართლებელ რისკზე წასვლას. წლის ბოლოს შეძლებთ ბევრი საკითხის თქვენდა სასარგებლოდ დასრულებას, რაც თქვენს ემოციურ სისტემას დაამშვიდებს.
კურო
2021 წელი თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსს მოიტანს. თუმცა წელი წინდახედულად დაიწყეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, აგრესიის გამოვლენას და რისკზე წასვლას. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები, გათავისუფლდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან და დაასრულოთ გადადებული საქმეები.
ყველა მიმართულებით სამუშაო ბევრი გექნებათ. მოგიწევთ ძველი, ხელის შემშლელი საქმეებისა თუ მომაბეზრებელი კავშირებისგან გათავისუფლება, საინტერესო გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობები, რადგან ეს თქვენს ადრე დაწყებულ პროექტებს სასიკეთოდ წაადგება და მათი რეალიზაციის ალბათობას გაზრდის.
წლის მეორე ნახევარში ნუ იზარმაცებთ და ნუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მოსალოდნელია ახალი გამოწვევის წინაშე დადგეთ. მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან, კრედიტებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. მოგიწევთ ძველ პროექტებთან თუ გადადებულ საქმეებთან დაბრუნება და მათი მოგვარება. წლის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფრთხილად და ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეთ.
ტყუპები
მიმდინარე წელი თქვენთვის ერთი ციკლის დასრულების და ახალი ციკლის დაწყების ეტაპი იქნება. ეს განსაკუთრებით ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის უნარს, კომუნიკაბელურობას და ურთიერთობების მართვას ეხება.
წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ ძველი კავშირების გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა. ეს იქნება სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც თქვენს თვალთახედვას, ჰორიზონტს და შესაძლებლობებს გააფართოებს. ეს კარგი დროა შიშის და კომპლექსების დაძლევისთვის. წარმატებით შეძლებთ ახალი ცოდნის მიღებას და ასევე იურიდიული პრობლემების მოგვარებას.
წლის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყება და მოსალოდნელია შეიძინოთ ახალი მეგობრები, ასევე თქვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პარტნიორები. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც – მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, განახლების ან ქორწინების ალბათობა. (მით უმეტეს, რომ ამ წელს თქვენი შარმი და მიმზიდველობა ერთიორად გაიზრდება). წლის ბოლოს შეძლებთ, წარსულში დაწყებულ უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ პროექტებში წარმატებას მიაღწიოთ.
კირჩხიბი
ეს წელი თქვენთვის დატვირთული და მრავალმხრივი იქნება. წლის დასაწყისშივე გამოავლინეთ ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, რათა გასული წლიდან გადმოყოლილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. მოგიწევთ მომავლის მიმართ არსებული ეჭვებისა და შიშის დაძლევა.
წლის პირველი ნახევარში ცივი გონებით იმოქმედეთ. ამ პერიოდში წარმატების მიღწევა თქვენი ემოციების მართვასა და რესურსების სწორად გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ, რომ შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე და გაიმყარეთ ავტორიტეტი. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და ფინანსურ საქმეებში გაუმართლებელ რისკზე წასვლას.
წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით ბიზნესთან და ფინანსებთან მიმართებაში). მოსალოდნელია მოგიწიოთ გარკვეული საკითხების გადაფასება და წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება. მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკური ვარჯიში, გამაჯანსაღებელი პროცედურები და სწორი კვება, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაუგებრობები გამორიცხოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და თავდაჯერებულობა. ეს საშუალებას მოგცემთ პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსები შეიტანოთ.
ლომი
თქვენთვის 2021 წელი საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდება. გელოდებათ განახლების, ახალი ურთიერთობების და სასიკეთო კავშირების დამყარების პერიოდი. ერთი მხრივ, ეს იქნება ახალი ჰორიზონტის გახსნა, ახალი სივრცეების თუ სფეროების ათვისება, მეორე მხრივ, თქვენი პოპულარობის და გავლენის გაზრდა.
წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ ინიციატივის გამოვლენა. იოლად შეძლებთ წარმატებული ადამიანის იმიჯის შექმნას და რეპუტაციის გამყარებას. თქვენი იდეებით ის ადამიანები დაინტერესდებიან, რომლებსაც რეალური დახმარება შეუძლიათ. შეეცადეთ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო საქმიან პარტნიორებთან პრობლემები არ შეგექმნათ.
წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ გააანალიზოთ წარსული, გამოიტანოთ დასკვნები და გადახედოთ თქვენს გეგმებს. არ არის გამორიცხული კომპრომისებზე წასვლაც მოგიწიოთ. ამ პერიოდში უპირატესობა დიპლომატიურობას მიანიჭეთ. მოიმატებს პირადი ცხოვრების განახლების ან შეცვლის, ასევე ქორწინების ალბათობაც. წლის ბოლო სასიკეთო იქნება სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებისა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების დაწყებისთვის.
ქალწული
იმისათვის, რომ 2021 წელი აქტიურად და რაც მთავარია, ორგანიზებულად დაიწყოთ, მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ძველ, კრიზისულ სიტუაციებზე მაქსიმალური კონტროლის დამყარება.
წლის პირველი ნახევარი დაუკავშირდება დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ორგანიზებულ შრომას და წვრილმანების მოგვარებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქმიან სფეროს – სამსახურს, სამუშაო გარემოპირობებს და ფინანსურ შემოსავლებს. ამ პერიოდში თქვენი ორიენტირი მომავლის ფორმირება უნდა გახდეს, ამიტომ მცირე დანაკარგების ნუ შეგეშინდებათ. ყოველდღე მცირე ნაბიჯებით წინსვლა – ნამდვილად დაგეხმარებათ.
წლის მეორე ნახევარში საერთო სიტუაცია უფრო დაბალანსდება. მოახერხებთ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, ახალი ცოდნის მიღებას, გადადებული პრობლემების მოგვარებას და ვალების გასტუმრებას. ახლობელი ადამიანებისგან უფრო მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას იგრძნობთ. ურთიერთობებში ნუ იქნებით კრიტიკული და ცინიკური, ეს ოპონენტებს გაგიმრავლებთ, წარმატების მიღწევასა და ბედნიერების განცდაში ხელს შეგიშლით. წლის ბოლოს მეტი დაისვენეთ და დაკარგული ენერგია აღიდგინეთ.
სასწორი
თქვენს ცხოვრებაში 2021 წელი განვითარების, ახალი ჰორიზონტის დანახვის და ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას მოიტანს.
წლის დასაწყისში გაგიჩნდებათ იმ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, რომლებიც გასულ წელს თქვენს შეშფოთებას იწვევდა. გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და კრეატიულობა, რაც დაგეხმარებათ დაიწყოთ ახალი საქმეები (განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება გამოდგეს ლიტერატურასთან, საერთოდ, ინფორმაციასთან და ასევე ბავშვებთან დაკავშირებული პროექტები). მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო მეგობრები და პარტნიორები გაჩნდნენ.
წლის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ და საკუთარი პოზიციების გამყარებასაც შეძლებთ (ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებით). ამ პერიოდში თქვენი თავდაჯერებულობა თქვენივე პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.
ეს სასიკეთო პერიოდი იქნება ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, უკვე არსებულ ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანისა და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის ბოლოს შეძლებთ სადავო საკითხების თქვენდა სასიკეთოდ მოგვარებას.
მორიელი
2021 წელი თქვენს ცხოვრებაში მიზნების მიღწევის წლად იქცევა. თუმცა უნდა შეძლოთ ოჯახსა და საქმეს შორის დროის და ენერგიის თანაბრად გადანაწილება.
წლის პირველი ნახევარში საქმეთა უმეტესობას თავს უპრობლემოდ გაართმევთ. განვითარებული მოვლენები საშუალებას მოგცემთ ორგანიზებულად იმოქმედოთ, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოიმატებს საცხოვრებელი სივრცის განახლების, რემონტის ან საერთოდ, შეცვლის ალბათობაც კი. კარგი დროა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მშობლებთან ურთიერთობების დალაგება-განვითარებისთვის.
წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ განვლილი გზის გადახედვა და მასში კორექტივების შეტანა. ამ პერიოდში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება სამსახური, პროფესიული საქმიანობა, კარიერა, ფინანსური შემოსავლები თუ ვალდებულებები. ეს კარგი დროა ახალი შეთანხმებების მიღწევისა და გარიგებების დადებისთვის. თუმცა არასასურველია დაპირისპირება და მოსალოდნელია ამან სკანდალამდე კი მიგიყვანოთ.
წლის ბოლო დინამიკური და შემოქმედებითი იქნება, ამიტომ შეეცადეთ სტრატეგიულად სწორად იმოქმედოთ და თქვენთვის სასურველი მიმართულებით პრაქტიკული შედეგები მიიღოთ.
მშვილდოსანი
მიმდინარე წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და აქტიური იქნება. წლის დასაწყისში მოგიწევთ საკმაოდ ბევრი ინფორმაციის გაანალიზება, რათა სწორად შეაფასოთ არსებული კრიზისები, გადაუდებელი პრობლემები და გართულებული ურთიერთობები და ამ ყველაფრის მოგვარების ეფექტიანი გეგმებიც მოიფიქროთ.
წლის პირველ ნახევარში თქვენი წინსვლა და წარმატების მიღწევა პირდაპირ დამოკიდებული თქვენს უახლოეს გარემოცვაზე. აქედან გამომდინარე, შემოიკრიბეთ ჭკვიანი და გაბედული ადამიანები. უარი თქვით არაფრისმომტან კავშირებზე, ვაი-მეგობრებზე და „პარაზიტ“ ნაცნობებზე. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება სწავლისთვის, ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
წლის პირველ ნახევარში მოპოვებული ინფორმაცია, მიღებული ცოდნა და დაწყებული ურთიერთობები წლის მეორე ნახევარში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუმცა ამ პერიოდში მოერიდეთ სწორხაზოვან და ხისტ მოქმედებებს. საქმიანი მოლაპარაკებისას მოქნილი და დიპლომატიური იყავით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეთ. წლის ბოლო ძირითადად პოზიტიური იქნება და გარკვეულწილად დაკარგული პოზიციების დაბრუნებას შეძლებთ.
თხის რქა
ეს წელი თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. შეძლებთ სამწლიანი დამამუხრუჭებელი გარემოებებისგან ნელ-ნელა, ეტაპობრივად გათავისუფლებას.
წლის პირველ ნახევარში გააქტიურდება საქმესთან, სამსახურთან, ფინანსებთან და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. მაქსიმალურად შეეცადეთ, გააკონტროლოთ ფინანსური შემოსავლები და გასავლები, გადაიხადოთ ვალები და ყურადღებით მართოთ ფინანსური ვალდებულებები. ამ დროს სასურველია მოიძიოთ ახალი სამსახური ან დამატებითი ფინანსური შემოსავლები. ამ პერიოდში წარმატება თქვენს მიზანსწრაფვაზე, დისციპლინასა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარზე იქნება დამოკიდებული.
თუ წლის პირველ ნახევარში შეძლებთ ფინანსური კრიზისების აღმოფხვრას და სტაბილურობის მიღწევას, წლის მეორე ნახევარში უკვე მნიშვნელოვან წინსვლასაც მოახერხებთ. ამ პერიოდში მოგიწევთ გაამდიდროთ თქვენი ცოდნა. ეს კარგი დროა ახალი მეგობრების შეძენისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის.
წლის ბოლოს გარკვეული პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ ხელმძღვანელობასთან და საერთოდ, გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირებამ. ამიტომ ურთიერთობებში მეტად ტაქტიანი და მომთმენი იყავით.
მერწყული
ეს თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. იწყება თორმეტწლიანი ციკლი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია მოახდინეთ, რათა განვითარებულ მოვლენებზე სრული კონტროლი დაამყაროთ.
წლის პირველივე ნახევარში იგრძნობთ შემოქმედებით აღმაფრენას, ენერგიის მოზღვავებას და დაიწყებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. არ არის გამორიცხული შეიცვალოთ იმიჯი – თქვენს ვარცხნილობაში თუ ჩაცმულობაში ახალი შტრიხები შეიტანოთ. პრობლემების დროს პირველ რიგში საკუთარ თავს და გამოცდილებას დაეყრდენით. გაბედულად გამოავლინეთ ინიციატივები და თამამად იმოქმედეთ. მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, თუმცა ეს სასიკეთო შედეგებს უკვე გაზაფხულზე გამოიღებს.
წლის მეორე ნახევარში გააქტიურდებიან თქვენი საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორები. მოსალოდნელია მიიღოთ ახალი შემოთავაზებები, შეიცვალოთ სამსახური, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და შეიძინოთ ახალი მეგობრები. ეს ყოველივე განვითარების და წინსვლის კარგ შანსს მოგიტანთ. ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობა. წლის ბოლოს მოკლევადიანი პროექტები მშვიდ ტემპში დაასრულეთ ან დაასტაბილურეთ მაინც.
თევზები
შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის კარმული წელი იქნება. თუმცა ეს ნეგატიურს ნამდვილად არ ნიშნავს. წლის პირველ ნახევარში შეძლებთ წარსულის ანალიზს, ძველი პრობლემების მოგვარებას, ვალების გადახდას და სადავო საკითხების მოგვარებას. თუ თქვენ გასულ წელს ცვლილებები დაგეგმეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელეთ, მათი განხორციელება სწორედ ამ პერიოდში მოგიწევთ.
მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ემოციური რეაქციების გაცნობიერება და გონივრულად მართვა. ეს წარმატების მიღწევის კუთხით დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ იმ დამაბრკოლებელი პასუხისმგებლობებისა თუ ურთიერთობებისგან გათავისუფლება, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.
წლის მეორე ნახევარში მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობების და მოგზაურობის ალბათობაც. არ არის გამორიცხული ეს დაკავშირებული იყოს სწავლასთან, ინფორმაციასა და საერთოდ, საქმიან ცხოვრებასთან. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე, ამასთანავე, ახლობელი ადამიანები სრულიად სხვა, გაცილებით სასიკეთო კუთხით დაგინახავენ.