fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – თორნიკე გოგრიჭიანი – მსახიობი, კინორეჟისორი


გააზიარე სტატია


ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის  ინტერვიუების სერიას თანამედროვე ქართულ კინოში მომუშავე ადამიანებთან. სერიის დღევანდელი სტუმარია მსახიობი და კინორეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი.

 

ნ. კ. როგორია კინოფილმისთვის ამბის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

 

თ. გ. ჩემს შემთხვევაში ამას დრო სჭირდება, რაშიც თავს არ ვზღუდავ და არ ვაჩქარებ. საწყის ეტაპზე იდეები სპონტანურად ჩნდება. ვიწერ მათ. ჩაწერისას ეგრევე ირთვება ის მომენტი, რასაც ფორმები მოაქვს და შესაბამისად, ფიქრს ამ ჭრილიდან ვიწყებ (ყოფილა შემთხვევა, როცა ადგილს, ან ფორმას უკარნახია რაღაც). იდეები და სცენები თითქმის ყოველთვის ფრაგმენტულია ჩემთვის, მაგრამ ეს ფრაგმენტები გამოიყურება, როგორც ცალკე არსებული, დასრულებული სცენები. ამ მომენტს მივყვები იქამდე, სანამ ძალიან  მომეწონება და შემდეგ ვანებებ თავს. აღარ ვაწვალებ და დროის გასვლასთან ერთად, თუ ამ იდეებიდან რომელიმე კვლავ ამეკვიატა და ისევ მძაფრია, ვხვდები, რომ მას უნდა გავყვე. 

ნ. კ. რას აადვილებს თქვენი შემთხვევა – მსახიობობის გამოცდილება რეჟისორად მუშაობის დროს? 

 

თ. გ. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, რაც კინორეჟისურაში ვცადე ბედი. მანამდე ჩემი, როგორც მსახიობის, მუდმივი უკმაყოფილება არსებობდა. ახლა ვხვდები, რომ ვფლობ იმ სასაუბრო ენას, რაც მსახიობებთან ურთიერთობისთვის აუცილებელია. მსახიობს სიმყარეს მხოლოდ ძალიან კონკრეტული მიმართულება აძლევს. მხოლოდ იდეების განხილვა, დამაბნეველი და არაფრის მომცემია. ჩემთვის ეს (რეჟისურა) ძალიან ჰგავს არქიტექტურას, სადაც სასურველი შედეგის მისაღებად კომპლექსური ხედვა და ყველა საჭირო მიმართულების ცოდნაა აუცილებელი. ეს პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

 

ნ. კ. დამწყები მსახიობისთვის რომელი კინოსურათები მიგაჩნიათ ერთგვარ სახელმძღვანელოდ?

 

თ. გ. ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება, რადგან ეს ჩემთვის ხშირად ცვალებადია. კონკრეტულის დასახელება მაინც მიჭირს, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც მგონია, რომ მსახიობს მხოლოდ ის სურათები გამოადგება (“კლასიკური” განათლების  მიღებასთან ერთად), რაც სულ სხვა მიმართულებას სთავაზობს და სადაც ერთი შეხედვით პერსონაჟები “არაფერს აკეთებენ”.

ნ. კ. რომელია თქვენი საყვარელი ქართული კინოსურათი?

 

თ. გ. “იყო შაშვი მგალობელი”.

 

ნ. კ. თქვენთვის ვის გარეშეა წარმოუდგენელი მსოფლიო კინო?

 

თ. გ. ალბათ, რობერ ბრესონის და ჯონ კასავეტესის გარეშე. ეს ორი, თითქოს ურთიერთგამომრიცხავი ავტორი, ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. 

ნ. კ. ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

 

თ. გ. თუ ამ პროცესს ისე შევხედავ, როგორც მაყურებელი,   ალბათ მეტი გამბედაობა იმ გზაზე, რისი ძიებაც სულ ახალი დაწყებულია. ჩემთვის მხოლოდ ის ნამუშევარია გადამდები, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ატარებს. ვფიქრობ, რამდენიმე ასეთი ავტორი უკვე არსებობს და მხოლოდ მათი ძალიან მცირე რაოდენობაა, რაც შეიძლება ქართულ კინოს აკლდეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.