fbpx

“წითელი მზე” – პლატფორმა “კირკეს” და გოეთეს ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფილმი


გააზიარე სტატია

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ცეკვის ექსპერიმენტულ ფილმს – “წითელი მზე”.

ქართულ საზოგადოებას სრული ფილმის ნახვის შესაძლებლობა მომავალ წელს ექნება.

 

ფილმის შესახებ:

“A dream you dream alone may be a dream, but a dream two people dream together is a reality”.  – John Lennon

„ოცნება, რომელზეც მარტო შენ ოცნებობ, არის უბრალოდ ოცნება, მაგრამ ოცნება, რომელზეც ორი ადამიანი ოცნებობს, არის რეალობა“, ამბობს ჯონ ლენონი იოკო ონოს წიგნში – Grapefruit. და თუ სახელი „გრეიპფრუტი“ არაფერს გვეუბნება, მაშინ ვერასდროს გამოვიცნობთ, რა სარგებლობა შეუძლია მოიტანოს ან გვავნოს ამ მცენარემ. 

თუ დავინტერესდებით და გავიცნობთ მცენარეს კლასით, ოჯახით, ქვეოჯახით, გვარით და სახეობით, ამოვიცნობთ ფერით და აღმოვაჩენთ მის წვენში არსებული ვიტამინების სიმრავლეს, მაშინ მივხვდებით ჩვენი ორგანიზმისთვის რაოდენ სასარგებლოა თუ მავნე ესა თუ ის მცენარე.

ვფიქრობთ, ჩვენი პლანეტის მწვანე საფარველის ახლოს გაცნობა აუცილებელია და იქნებ შემდეგ ერთად ოცნებაც გამოგვივიდეს მის გადასარჩენად.

ჩვენს ინტერესს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც სიცოცხლის არსი ამ მწვანე და უზადოდ ფერად სამყაროსთან ურთიერთობაში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ქალების შესახებ ლეგენდები იქცა, ნებსით თუ უნებლიეთ, მედიცინის თუ ჯადოსნობის საწინდრად და უამრავი ნახატი თუ მითი შეიქმნა მათზე, ქალებზე, რომლებიც მზის – ჰელიოსის შვილები და შვილიშვილები არიან.

ასევე თქმულებებიდან ვიცით, რომ ჰელიოსის ამოსვლის ადგილას – კოლხეთში, მარსის ველზე ვერძის ტყავი ინახებოდა, რომელიც ვერძის ზოდიაქოს და გაზაფხულის ბუნიაობას გამოხატავდა, დროს, როცა ბუნება განახლებას, ყვავილი კი გაშლას იწყებს. 

იქვე იყო მედეას, კირკეს, ჰეკატეს ბაღი ჯადოსნური მცენარეებით სავსე და ადგილი, სადაც აიეტი დრაკონის კბილებს თესავდა; და თუკი ისევ მარსს, მზეს, ვარსკვლავებს და ცას ავხედავთ, იქაც იგივე ანარეკლი აღმოჩნდება და ეს გეომეტრიული სიმეტრია თუ მათემატიკური სიზუსტე გვაჩვენებს, რომ პლანეტების ცეკვის სქემა ისევ და ისევ ყვავილია და თან ყველა ეს ცეკვა განსხვავებული და განუმეორებელი.

დამატებითი ინფორმაცია პერსონაჟების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

პროექტი შექმნილია “კირკე-ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმისა” და “საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის” მიერ.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის, ქალთა ფონდი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.