fbpx

ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაიდგა – Apple City-ს ინიციატივა


გააზიარე სტატია

 

ზამთარი, სიცივე, ყინვა – ეს სეზონი და კლიმატური პირობები ქუჩის ცხოველებს ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებათ. სიცივით დაუძლურებულებს საკვების მოპოვებისთვის ენერგია აღარ ჰყოფნით. 

„ძაღლია, რა მოკლავს, ბეწვი აქვს და არ გაიყინება“,  „კატას ცხრა სიცოცხლე აქვს და გამძლეა“ – მსგავსი მოსაზრებები, სამწუხაროდ, მცდარია და ბეწვის მიუხედავად, ცხოველებს ძალიან სცივათ და, მინუს ტემპერატურის პირობებში,  ხშირად იღუპებიან კიდეც. 

ცხოველს გადარჩენის ინსტინქტი აქვს და იგი ცდილობს, თავშესაფრად სხვადასხვა თბილი ადგილი იპოვოს. ხშირად ნახავთ ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში ჩაფლულს, ანდ მანქანის თბილი ძრავას ქვეშ მოთავსებულ ცხოველს. გათბობის ეს ხერხი განსაკუთრებით საშიშია და ისინი ხშირად მანქანის დაძვრისას იღუპებიან. 

ცხოველები ასევე ცდილობენ,  სადარბაზოებს შეაფარონ თავი, თუმცა, სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი მათ ამის საშუალებას არ აძლევს და კვლავ გარეთ, სიცივეში აგდებს. 

ცხოველთა მოყვარულები ცდილობენ, საკუთარი სახსრებით  სახელდახელო სახლების დამზადებას, თუმცა ქალაქში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების  რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ამ ადამიანების ძალისხმევა საკმარისი არ არის.

კომპანია Apple City ერთ-ერთი პირველია, ვინც წელს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანში კატებისა და ძაღლებისთვის სახლების დამზადება დააფინანსა.

ვლადიმერ ძურძუკი, Apple City-ის დირექტორი:  „ცხოველების მიმართ დამოკიდებულება  საზოგადოების განვითარების ერთგვარი საზომია.  წარმოუდგენელია უყურო სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებულ ცხოველს, მისი დახმარების საშუალება გქონდეს და ეს არ გააკეთო. მიხარია, რომ ჩვენი კომპანიის მცირედი ძალისხმევით, რამდენიმე ცხოველი მაინც ზამთარს შედარებით მარტივად გადაიტანს“. 

დათო დიდებაშვილი ცხოველთა უფლებადამცველია და არაერთი წელია საკუთარი სახსრებითა და ხელით ამზადებს ცხოველებისთვის სახლებს: „ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მხოლოდ კერძო პირებმა მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაჭრა. უამრავი ცხოველია ქუჩაში და ისინი ყინვისა და შიმშილისგან იღუპებიან. ხშირად გვავიწყდება, რომ ცხოველებსაც სცივათ, შიათ და ადამიანისგან განსხვავებით, ისინი დახმარებას ვერავის სთხოვენ. ამ რთულ დროს არ უნდა დავივიწყოთ ისინი და ადამიანებთან ერთად, შეძლებისდაგვარად, მათაც დავეხმაროთ. იმედია, Apple City-ის მსგავსად, სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან ამ კეთილ საქმეში“.  

ნინო ჩლაიძე, ცხოველთა უფლებადამცველი: „ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ პანდემიის დროს, როდესაც ბევრ ადამიანს კიდევ უფრო დაუმძიმდა პირობები, ცხოველებზე ზრუნვის დრო არ არის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, დაპურებული და თბილ ბუნაგში მოთავსებული ცხოველი არ არის აგრესიული ადამიანის მიმართ. ასე რომ, მსგავსი კეთილი საქმე არა მხოლოდ ცხოველებს უმარტივებს არსებობას, არამედ  უსაფრთხო გარემოსაც ქმნის“.  

ინიციატივის ფარგლებში კატებისა და ძაღლებისთვის სახლები დაიდგა თბილისის სხვადასხვა უბანში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება. იმედია, ეს კეთილი წამოწყება  სამაგალითო იქნება და არაერთი სხვა კომპანიაც დაეხმარება  მიუსაფარ ცხოველებს.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.