fbpx

რვეული #6 – მწერლები, რომლებიც ქმნიან კანადურ ლიტერატურას


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

ბოლო წლებში გააქტიურებული საგამომცემლო საქმიანობის ფონზე, საქართველოში რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი კანადელი ავტორის წიგნები ითარგმნა და გამოიცა, რომელთა ტექსტებიც აქამდე ქართულ ენაზე არ არსებობდა. დღეს ამ ქვეყნის ლიტერატურის მთავარმა ვარსკვლავმა, მარგარეტ ეტვუდმა ჩვენშიც მოიხვეჭა დიდება და ბევრი მკითხველის სიყვარული, ამიტომაც, სხვა ავტორებისგან განსხვავებით, მისი წიგნების ქართულ ენაზე გამოცემა მეტ-ნაკლებად სისტემატურ ხასიათს იძენს. 

სწორედ მარგარეტ ეტვუდი წარდგა მკითხველის წინაშე, როცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გამართვა წელს სიმბოლურად, ონლაინ გადაწყდა. არადა კანადა რამდენიმე წელი აქტიურად ემზადებოდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში მათ ლიტერატურას – რომელსაც, სიმართლე ითქვას, მსოფლიოში ისედაც არ აკლია დაფასება – კიდევ უფრო დიდი ბომბები გადმოესროლა ევროპაში.

დღევანდელი რვეულისთვის კანადელ ავტორებზე წერა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყანა კანადა იყო. ოქტომბერში ბაზრობა ვერ შედგა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა დადასტურებული ქვეყნის საპატიო სტუმრობა ერთი წლით გადავადდა და კანადაც 2021 წელს უკვე პავილიონით წარდგება ევროპელი მკითხველი აუდიტორიის წინაშე.

ფრანკფურტში საპატიო სტუმრობა ვიღაცისთვის შესაძლოა არაფრისმომცემი პატივია; ის ევროპული ქვეყნები, რომელთა გამომცემლებიც ისედაც აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობენ გერმანელ გამომცემლებთან, ხშირად ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენენ, მათთვის თითქოს სულ ერთია, იქნებიან საპატიო სტუმრები თუ არა, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს დიდი შანსი და პასუხისმგებლობაა ხოლმე პატარა  ქვეყნებისა  და ევროპისგან შორს მყოფი თუნდაც გიგანტური სახელმწიფოების  გამომცემლებისთვის და მწერლებისთვის. კანადის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია და 2021 წლისთვისაც უკვე დიდი მოლოდინია შექმნილი.

რა თქმა უნდა, კანადურ ლიტერატურაში წამყვანი სამწერლო ენა ინგლისურია. ფრანგულენოვანი ავტორები ნაკლებად პოპულარულები არიან და ისე აქტიურად ვერ ეწერებიან თანამედროვე კანადურ ლიტერატურულ სცენაზე. თუმცა კანადური ლიტერატურის ისტორიაში მაინც მოვნახავთ ფრანგულენოვანი  მწერლების  ისეთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, რომელთაც განსაზღვრეს ამ ქვეყნის ლიტერატურის გარკვეული მიმართულებები: ჟაკ გოდბო, გაბრიელ რუა, ნიკოლ ბროსარი და სხვა.

 

კანადელი მწერლები არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატები არიან:

  • ნობელის პრემია ლიტერატურაში – ალის მანრო (2013)
  • ბუკერის პრემია – მაიკლ ონდააჩი (1992), მარგარეტ ეტვუდი (2000, 2019), იან მარტელი (2002)
  • საერთაშორისო ბუკერის პრემია – ალის მანრო (2009)
  • ქალთა პრიზი მხატვრულ ლიტერატურაში – ენ მაიკლსი (1997), კეროლ ენ შილდში (1998)
  • ლანანის ლიტერატურული ჯილდო – ალის მანრო (1995), ენ მაიკლსი (1997), ალისტერ მაკლეოდი (2003)
  • გარდიანის ჯილდო მხატვრულ ლიტერატურაში – ენ მაიკლსი (1997)
  • ჰუგოს პრემია (რომანის ჟანრში) – უილიამ გიბსონი (1985), რობერტ ჯეი სოიერი (2003), რობერტ ჩარლზ უილსონი (2006), ჯო უოლტონი (2012)
  • სტრუგას პოეზიის ჯილდო – მარგარეტ ეტვუდი (2016)

 

ძალიან რთულია ამხელა ქვეყნის სალიტერატურო სივრციდან რვა ავტორი ისე გამოარჩიო, რომ სხვა რვა თუ უფრო მეტი მწერლის არხსენების გამო  გული არ დაგწყდეს. საქმეს ოდნავ გავიადვილებ და არ ვისაუბრებ მარგარეტ ეტვუდსა და ალის მანროზე, კანადური ლიტერატურა ხომ პირველ რიგში ისედაც მათთან ასოცირდება!

 

ენ  მაიკლსი

ენ მაიკლსით დავიწყებ. ზემოთ ჩამოთვლილი პრემიების სიიდანაც იგრძნობა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ავტორია. 1958 წელს ტორონტოში დაბადებულმა მაიკლსმა მკითხველის ყურადღება მიიქცია პოეტური კრებულებით – „ფორთოხლების წონა“ და „მეშახტის გუბურა“. რამდენიმე პრემიის მიღების შემდეგ კი თავი რომანის ჟანრშიც სცადა. 

1996 წელს გამოცემულმა „ნამსხვრევებმა“  (რომელიც 2009 წლამდე ერთადერთი რომანი იყო ავტორისთვის) მაიკლსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. რომანი ჰოლოკოსტსა და მის დატოვებულ ტრავმებზე მოგვითხრობს; პირველი ნაწილი 7 წლის ასაკში ნაცისტების რეიდს გადარჩენილ და მერე მრავალგზის ემიგრანტზე, პოლონელ იაკუბ ბეერზე გვიყვება. მეორე ნაწილი კი კანადელ პროფესორზე, სახელად ბენზეა, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი მშობლების შვილია და ეტრფის იაკუბ ბეერის პოეზიას.

რომანმა ათზე მეტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო მოიპოვა და წლების განმავლობაში „ნამსხვრევები“ 45 ქვეყანაში გამოიცა, მათ შორის  ქართულად  – 2017 წელს.

 

უილიამ გიბსონი

კიბერპანკის პიონერად მონათლული უილიამ გიბსონი სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველებისთვის საკულტო ავტორია. ტერმინი „კიბერსივრცეც“ კი მისი ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც გიბსონის ლიტერატურაში  1980-იანი წლებიდან მკვიდრდება და მის ყველაზე სიღრმისეულ განხილვას მწერლის პირველ რომან „ნეირომანსერში“ ვხვდებით.

1948 წელს დაბადებულმა უილიამ გიბსონმა 18 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა, მიატოვა მშობლიური სამხრეთ კეროლაინა და მოგზაურობას შეუდგა. ევროპიდან დაბრუნებული ჯერ ტორონტოში დასახლდა, მოგვიანებით კი ვანკუვერში. სწორედ აქ დაიწყო მისი ლიტერატურული მოღვაწეობა; 1977 წელს გიბსონმა პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალ Unearth 3-ში.

გიბსონის ლიტერატურა სამეცნიერო ფანტასტიკის არაერთ ქვეჟანრს მოიცავს, და ამ ჟანრული ჩარჩოს მიუხედავად, ის ყოველთვის ახერხებს თავის ტექსტებში ისაუბროს სოციალურ თემებზეც. გიბსონი ურბანული გარემოს შექმნის და მისი სოციოლოგიური განვითარების აღწერის ოსტატია. მის უტოპიურ სამყაროებში, რომელიც ინდუსტრიალიზმისა და კაპიტალიზმის მისეული გადააზრების შედეგია, ერთი მხრივ, ყველაფერი აბსურდულია, მეორე მხრივ კი – სრულიად ბუნებრივი მომავალი თუ თანამედროვე რეალობა. 

ქართულად უილიამ გიბსონის მხოლოდ „ნეირომანსერია“ თარგმნილი, რომელიც 2018 წელს გამოიცა.

 

გაბრიელ რუა

გაბრიელ რუა ამ რვეულში ერთადერთი ფრანგულენოვანი ავტორია კანადური ლიტერატურიდან. 1909 წელს მანიტობაში (დღეს ქალაქ უინიპეგის ნაწილი) დაბადებული რუა ახალგაზრდობაში სკოლის მასწავლებელი იყო. 30-იან წლებში რუამ გადაწყვიტა, მთლიანი დანაზოგი ევროპაში მოგზაურობაში დაეხარჯა,   თუმცა ვოიაჟი მეორე მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა ნაადრევად და მწერალსაც კანადაში მოუწია დაბრუნება. თუმცა რუა უინიპეგის ნაცვლად კვებეკში დასახლდა და სკეჩების მხატვრად დაიწყო მუშაობა.

1945 წელს მისი სადებიუტო რომანი – „ნახმარი ბედნიერება“ გამოიცა, რომელიც ინგლისურად 1947 წელს ითარგმნა შეცვლილი სათაურით – „თუნუქის ფლეიტა“. რომანმა, რომელმაც იმავე წელს სხვა მნიშვნელოვან პრემიებთან ერთად პრესტიჟული Prix Femina-ც დაიმსახურა, ბევრი კრიტიკოსის აზრით, ნიადაგი შეამზადა კვებეკის „ჩუმი რევოლუციისთვის“. „ნახმარ ბედნიერებაში“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მონრეალში მცხოვრები მუშათა კლასის უბანია წარმოდგენილი. იქაური მცხოვრებლები ჯერაც იმკიან დიდი დეპრესიის დანატოვარს. რომანში ახალგაზრდა მიმტანის, ფლორენტინის სასიყვარულო ისტორიაა მოთხრობილი, რომლის ფონზეც ავტორი ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავს, როგორიცაა საკუთრების გარეშე დარჩენა, ომის უაზრობა, ამ ყველაფრის ფონზე ქალთა ცხოვრება და სხვა.

ეჭვი არაა, რომ „ნახმარმა ბედნიერებამ“ თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა მარგარეტ ეტვუდზე, რომელმაც 2016 წელს გაბრიელ რუასადმი მიძღვნილ ესეში მოჰყვა ისტორია, თუ როგორ ყალიბდებოდა მისი ცნობიერება რუას ტექსტებზე და თუ დღესაც, მისი სიკვდილიდან 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, როგორი მნიშვნელოვანი ავტორია გაბრიელ რუა.

გაბრიელ რუას ნაწარმოებები ჯერ არაა თარგმნილი ქართულ ენაზე.

 

ჯეფ ლემირი 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი, რომელიც ქართულ ენაზე არ თარგმნილა, ჯეფ ლემირია. 1976 წელს ონტარიოში დაბადებული მწერალი და მხატვარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე კომიქსების სამყაროში.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ლემირი თავის კომიქსებს სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებდა. 2008-2011 წლებში შექმნილი „ესექსის საგრაფოს ტრილოგია“, რომელიც ავტორმა მშობლიურ მხარეს მიუძღვნა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, არტისტული, ფილოსოფიური გრაფიკული რომანია. გამოცემიდან მალევე СBC-ის პროგრამაში – Canada Reads „ესექსის საგრაფოს ტრილოგია“ წლის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კანადურ წიგნს შორის დასახელდა. ჟანრის ლეგენდამ, არტ შპიგელმანმა კი ლემირზე თქვა, რომ ის მომავლის ავტორია და წლების შემდეგ სწორედ მის ნაშრომებზე ისწავლიან კომიქსების ხატვას კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტები.

ტრილოგიის გამოცემის პარალელურად, ლემირმა დაიწყო თანამშრომლობა Vertigo Comics-თან, რომელთან ერთადაც 2009-2013 წლებში 40-ნაწილიანი საგა – Sweet Tooth გამოსცა. ეს არის ისტორია ირმისრქებიან ბიჭზე, სახელად გასზე, რომელიც პოსტ-აპოკალიპსურ დედამიწაზე, ტყეში, მამასთან ერთად ცხოვრობს. მუტაციის შემდგომ სამყაროში გასი მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელშიც შესაძლოა იმალებოდეს პასუხი, თუ რა გადაიტანა დედამიწამ.

 

მაიკლ ონდააჩი

შრილანკური წარმოშობის კანადელი მწერალი მაიკლ ონდააჩი, ეტვუდის და მანროს გვერდით, იმ უპირველეს ავტორებს შორისაა, რომლებიც თანამედროვე კანადურ ლიტერატურას განსაზღვრავენ. მისი კარიერაც პოეზიით დაიწყო, როცა 1967 წელს კრებული – „ფაქიზი ურჩხულები“ გამოაქვეყნა. პირველი დიდი აღიარება კი 1970 წელს მოიპოვა ლექსად მოთხრობილი რომანით – „ბიჭუნა ბილის ნაშრომები: ცაცია ლექსები“.

თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში ის მაინც პირველ რიგში ასოცირდება 1992 წლის რომანთან – „ინგლისელი პაციენტი“, რომელიც ბუკერის პრემიის ლაურეატი იმავე  წელს გახდა და მეტიც, ონდააჩი ის ერთადერთი ავტორია, რომელიც ამ პრემიის 50-წლიანი არსებობის ისტორიაში  გამოარჩიეს და სპეციალური ჯილდოთი -„ოქროს ბუკერით“ დააჯილდოვეს 2018 წელს.

რომანში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფლორენციაში ვართ, სადაც ერთიანად დამწვარ ინგლისელ პაციენტს – უნგრელ გრაფსა და უდაბნოს მკვლევარს, ბრიტანელ კარტოგრაფისტთა საზოგადოების წევრ ლასლო ალმაშს კანადელი სამხედრო მედდა, ჰანა უვლის. ვილაშში მათთან ერთად ასევე კანადელი ქურდბაცაცა და სადაზვერვო აგენტი დევიდ კარავაჯო და სიქი გამნაღმველი, სახელად კიპი არიან.  

წიგნს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მისმა ეკრანიზაციამაც მოუტანა, რომელმაც ოსკარი 9, ბაფტა კი 6 ნომინაციაში მოიპოვა, თუმცა ამის მიუხედავად, მკითხველთა სიყვარული მაინც ვერ დაიმსახურა. 

 

იან მარტელი

ბუკერის კიდევ ერთი ლაურეატია 1963 წელს სალამანკაში დაბადებული იან მარტელი. ლიტერატურით გატაცებული მშობლების გამოისობით, რომლებიც ლექციებს ხან რომელი ქალაქის უნივერსიტეტში კითხულობდნენ და ხან – რომლის, მარტელმა ადრეულ ასაკშივე უამრავი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა: სალამანკა, კოიმბრა, მადრიდი, პარიზი, სან ხოსე, ალიასკა, ვიქტორია, ოტავა, ონტარიო და სხვა. ონტარიოში კოლეჯის დამთავრების შემდეგ მარტელი ხან მებაღედ მუშაობდა, ხანაც – პარკინგზე დამხმარედ. 

1988 წელს იან მარტელმა პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა ჟურნალში The Malahat Review და აქედან იწყება მისი ლიტერატურული მოღვაწეობაც. 1993 წელს მოთხრობების ორი კრებული გამოსცა, 1996 წელს ნახევრად ავტობიოგრაფიული, სამოგზაურო რომანი, სახელწოდებით Self, 2001 წელს კი რომანი „პის ცხოვრება“, რომელმაც ბუკერის პრემია და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

„პის ცხოვრება“, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნილი მარტელის ერთადერთი წიგნია, ინდოეთის ქალაქ პონდიშერის ზოოპარკის დირექტორის ვაჟის, პისინ „პი“ პატელზე მოგვითხრობს. ცხოველების ტრანზიტის დროს პი საზღვაო კატასტროფას გადაურჩება და სამაშველო ნავით ოკეანეში აფთართან, ორანგუტანგთან და ზებრასთან ერთად განმარტოვდება. ერთ დღეს ის სამაშველო ნავზე ზოოპარკის ბინადარ ბენგალურ ვეფხვს, სახელად რიჩარდ პარკერს აღმოაჩენს. ისე ხდება, რომ პი და რიჩარდ პარკერი ნავზე მარტო რჩებიან და ხმელეთამდე მისაღწევად ბიჭს ვეფხვთან თანაარსებობა უწევს. მარტოობისა და სულიერების სიღრმის ძიებით სავსე ეს რომანი მსოფლიოს ორმოცამდე ენაზეა თარგმნილი. 2012 წელს რეჟისორ ენგ ლის მიერ შექმნილმა ეკრანიზაციამაც წიგნს ახალი სიცოცხლე გაუხსნა.

დღეს იან მარტელი ქალაქ სასკატუნში ცხოვრობს, პარტნიორ ელის კუიპერსთან (რომელიც ასევე მწერალია) და ოთხ შვილთან ერთად. მის საავტორო უფლებებს კი მწერლისავე დაარსებული კორპორაცია – „რიჩარდ პარკერის ბოკვრები“ განაგებს.

 

მარგარეტ ლორენსი 

კანადური ლიტერატურის კიდევ ერთი თანამედროვე კლასიკოსია მარგარეტ ლორენსი. 1947 წელს მან უინიპეგის უნივერსიტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა იგი ასევე სწავლობდა ხელოვნებას, ფსიქოლოგიასა და თეოლოგიას. ხარისხის მიღებიდან მალევე ლორენსმა მემარცხენე გაზეთ The Westerner-ში დაიწყო მუშაობა, სადაც მიმოიხილავდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. იგივე საქმიანობა განაგრძო გაზეთ The Winnipeg Citizen-შიც.

ამავე პერიოდში დაქორწინდა კიდეც და ქმარს ჯერ ინგლისში, შემდეგ კი აფრიკაში გაჰყვა. ლორენსისთვის გარდამტეხი 1950-52 წლები აღმოჩნდა, როცა სომალიში იმოგზაურა და იქ ადგილობრივი ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერი პოეზიის ჩაწერა დაიწყო. კანადაში დაბრუნების შემდეგ სომალში დაწერილი  ტექსტები წიგნად გამოსცა, სათაურით „სიღარიბის ხე“. სწორედ ეს დოკუმენტური კრებული იყო მისი პირველი წიგნი, თუმცა საყოველთაო აღიარება ლორენსმა სამოციანი წლებიდან მოიპოვა, როდესაც “მენავაკის ციკლის“ პირველი რომანი – „ქვის ანგელოზი“ გამოსცა (რომელიც ქართულადაცაა თარგმნილი). მენავაკა გამოგონილი ქალაქია, რომელიც კანადის პრერიებში მდებარეობს და ლიტერატურათმცოდნეები მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას.

„ქვის ანგელოზის“ მთავარი პერსონაჟი 90 წლის ჰეიგარია, ერთი შეხედვით ბუზღუნა და მომაბეზრებელი ქალი, რომელიც თავის განვლილ ცხოვრებას გვიყვება და მისი მარტოობა და წლიდან წლამდე საგრძნობი უსუსურობა მკითხველში, ერთი მხრივ, შოკს იწვევს, მეორე მხრივ კი – უდიდეს თანაგრძნობას. 

გარდა სამწერლო საქმიანობისა, ლორენსი აქტიურად იყო ჩართული კანადური ლიტერატურის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაში, ის არის “კანადელ მწერალთა წამახალისებელი საზოგადოების“ დამაარსებელი.

 

ლეონარდ კოენი

რვეული ჩემთვის ყველაზე გიგანტური კანადელით, ბიბლიური ღმერთების სწორი პოეტითა და მუსიკოსით უნდა დავასრულო.

1934 წელს მონრეალში დაბადებული ლეონარდი ბავშვობიდანვე ებრაული ადათ-წესებით იზრდებოდა. მისი ერთი ბაბუა თალმუდისტი მწერალი იყო, მეორე კი კანადის ებრაული კონგრესის დამფუძნებელი ფილანტროფი. კოენს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ყოველი სტრიქონი ებრაული კულტურით არის ნასაზრდოები და მიუხედავად იმისა, რომ მისი პოეზია და მუსიკა უამრავ საკითხს მიმოიხილავს – სექსუალობა, სიკვდილი, სიყვარული, პოლიტიკა, მარტოობა, დეპრესია, რელიგია და სხვა – თავად ავტორი არ ერიდებოდა საკუთარი შემოქმედება ამ ერთი კულტურის ფარგლებში დაევიწროებინა.

კოენის ყველა ლექსი სიმღერად არ ქცეულა, მაგრამ მისი ყველა სიმღერა მის ლექსებზეა დაწერილი. კრებული „Stranger Music“, რომელიც კანადური პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნია, კოენის ალბათ საუკეთესო კრებულია.

კოენის უზარმაზარი შემოქმედება ორ რომანსაც მოიცავს – 1996 წელს გამოცემულ „საყვარელი თამაშს“ და 2003 წლის „მშვენიერ ხელმოცარულებს“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კოენის მუსიკალურ შემოქმედებას დაფასება არ აკლია, მისი პროზა არაა თარგმნილი, ლექსებს ქართულად შემთხვევით თუ გადავაწყდებით, აქა-იქ გაბნეულს, კოენის პოეზია ერთ კრებულად – თუნდაც შერეულად – არასოდეს გამოცემულა.

დასასრულისთვის კოენის საკულტო სიმღერასა და ლექსს, „ალილუიას“ დაგიტოვებთ, რომელიც ქართულად  პოდკასტ „ასათიანის კუთხის“ ერთ-ერთი ეპიზოდისთვის პოეტმა ზვიად რატიანმა თარგმნა.

 

 

ლეონარდ კოენი – ალილუია

(ზვიად რატიანის თარგმანი)

 

მე ჩამესმა იდუმალი აკორდი, დავითის

დაკრული, და ღმერთიც ტკბებოდა ამით.

შენ ხომ მუსიკა არც გადარდებს ახლა სრულიად

მეოთხეს მოსდევდა მეხუთე. მათ შორის

დაბალი მინორი, მაღალი მაჟორი.

გაოგნებული მეფე თხზავდა ალილუიას.

 

შენ გწამდა, მაგრამ გჭირდებოდა მაინც სამხილი.

შენ, სახურავზე მობანავე გოგოს მნახველი,

მისმა სიშიშვლემ მთვარის შუქზე ისე დაგცა, თითქოს ცულია.

მან დაამხო შენი ტახტი და თმა აგაჭრა,

სამზარეულოს სკამს მიგაბა და მიგაჯაჭვა,

და ამოსძალა შენს ბაგეებს ალილუია.

 

შენ თქვი, რად მინდა ეს სახელი, თვითონვე მიკვირს,

მე არც კი ვიცი, როგორ ჟღერს იგი,

და რომ ვიცოდე, სულერთია შენთვის სრულიად.

სინათლეს აფრქვევს ყველა სიტყვა, ყველა სტრიქონი,

სულერთია, რა ჩაგესმა, რა გაიგონე,

წმინდანის ხმა თუ გაბზარული ალილუია.

 

რა აღარ ვცადე – არ კმაროდა. არ მეხერხება

რადგან განცდები, დავეუფლე უგრძნობ შეხებას

და რაც გითხარი, სიმართლეა; მოტყუება შენი რთულია.

მართალია, ყველაფერი აეწყო ცუდად,

მაინც, სიმღერის ღმერთის წინ, თუნდაც

ამას ხომ ვიტყვი, სხვას ვერაფერს: ალილუია.

 

პატარავ, აქ უკვე ვყოფილვარ ცოტა ხნით

ადრეც, და არ არის უცხო ეს ოთახი.

ვიდრე გნახავდი, მე ვცხოვრობდი მარტო სრულიად.

მარმარილოს თაღის თავზეც შემინიშნავს შენი ალამი.

სიყვარული გამარჯვების მარში არ არი,

ის არის ცივი, გაბზარული ალილუია.

 

დრო იყო, შენგან ვიგებდი ამბავს

იმის შესახებ, რაც ყოველთვის ხდებოდა დაბლა

და რასაც ახლა აღარ მიმხელ; ნუთუ რთულია?

ხომ გახსოვს, შენში შემოსულს, წმინდა

მტრედი ყოველთვის მიძღვოდა წინ და

ჩვენს ყველა ოხვრას მოჰყვებოდა ალილუია.

 

ვინ იცის, ზემოთ მართლაა ღმერთი.

თუ რამ მასწავლა სიყვარულმა, მარტოდენ ერთი:

როგორ დაასწრო სროლა იმას, ვისაც შენი მოკვლა სწყურია.

არც მლოცველი ვარ, ვისაც თვალი მოჭრა სინათლემ,

არც შემოგჩივი ახლა ამით, არც თავს ვიმართლებ,

ეს არის ცივი, გაბზარული ალილუია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.