ქუთაისის უნივერსიტეტმა ფოტოკონკურსი KIU PHOTO CONTEST გამოაცხადა
ავტორი: ანა გაბელაია
ფოტოები: ნათელა გრიგალაშვილი
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით ახალი ფოტოკონკურსი – KIU PHOTO CONTEST გამოცხადდა. კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მონაწილეობის მისაღებად იწვევს 18-დან 30 წლამდე ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსის თემაა “საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები”, თუმცა მონაწილეები არ არიან შეზღუდულნი თემის ინტერპრეტაციასა თუ ნამუშევრის ესთეტიკაში.
KIU ფოტოკონკურსი ქუთაისის უნივერსიტეტის მიერაა ინიცირებული, მისი ორგანიზატორები – ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და კურატორი მირიამ გრიგალაშვილი – თავად მოგვიყვებიან მეტს კონკურსის შესახებ.
მოდით, დავიწყოთ თავიდან და მოკლედ მოვუყვეთ მკითხველს, როგორ შეიქმნა და რა მიზანს ემსახურება KIU ფოტოკონკურსი?
ნათელა გრიგალაშვილი: მსგავსი კონკურსის ორგანიზების სურვილი უკვე დიდი ხანია გვქონდა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა სწორედ ამგვარი პროექტით შედგა. კონკურსის უპირველესი და უმთავრესი მიზანი ქართული ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა ახალგაზრდა ფოტოგრაფების წახალისების გზით. პროექტის სტრუქტურასა და დეტალებზე დიდხანს ვმუშაობდით. გვქონდა სხვა გეგმები და იდეებიც, რისი ხორცშესხმაც, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რიგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებსაც. ეს შეიძლება დიდი სტიმული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავიანთ გატაცებას პროფესიად ვერ აქცევენ. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
მირა გრიგალაშვილი: როგორც ნათელამ აღნიშნა, კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფოტოგრაფების ხელშეწყობაა, სწორედ აქედან მომდინარეობს კონკურსის კატეგორიების ამგვარი დაყოფა. პრაქტიკა აჩვენებს, იმ კონკურსებში, სადაც არაა გამიჯნული კატეგორიები, პროფესიონალთა და მოყვარულ/დამწყებ ფოტოგრაფთა შორის, ეს უკანასკნელნი ხშირად იჩაგრებიან, რადგან არ აქვთ ის გამოცდილება, რაც პროფესიონალებს. სწორედ ამისგან თავის არიდება გვსურდა მოყვარულთა კატეგორიის ცალკე გამოყოფით.
კონკურსის სამი კატეგორიიდან ორში – პროფესიონალთა და მოყვარულთა კატეგორიებში – მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა ერთ კონკრეტულ თემაზე მომზადებული ფოტოპროექტის გამოგზავნა. საქართველოში ძალიან ბევრ ახალგაზრდა დამწყებ ან მოყვარულ ფოტოგრაფს არ აქვს ფოტოპროექტებზე მუშაობის გამოცდილება და მათი და პროფესიონალების ერთ კატეგორიაში გაერთიანება, ჩვენი აზრით, უსამართლობა იქნებოდა.
მეორე მხრივ, გვსურდა, რომ კატეგორიების ამგვარი დაყოფა ერთგვარი წამახალისებელი სტიმულიც ყოფილიყო გამოუცდელი ახალგაზრდებისთვის, რათა ჰქონოდათ მოტივაცია და მონდომება, რომ უფრო კარგად და სიღრმისეულად გასცნობოდნენ ფოტოსერიებზე მუშაობის სპეციფიკას.
კონკურსის მესამე კატეგორიაა „ერთი კადრი“, სადაც ერთდროულად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს. ამ კატეგორიაში მონაწილეობისთვის 1-დან 3-მდე ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნაა საჭირო.
კონკურსის თემაა “საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები”. საკითხი ძალიან ვრცელია და მისი ინტერპრეტირება დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ამ სიმბოლური სათაურის შერჩევას, თქვენი მხრიდან, გარკვეული მოლოდინი ახლდა თან…
მირა გრიგალაშვილი: კონკურსის თემის შერჩევაზე მსჯელობისას გვსურდა იმგვარი სათაურის მოფიქრება, რომლის ინტერპრეტირებასაც ყველა თავისებურად მოახდენდა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ასეთი ზოგადი სათაური. კონკურსს არ აქვს ჟანრობრივი შეზღუდვაც, რაც კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს ფოტოგრაფებს. ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნა ან მოლოდინი ერთ კონკრეტულ თემასა თუ ვიზუალზე. ყველაფერი დამოკიდებულია ფოტოგრაფების მიერ თემის აღქმასა და ინტერპრეტაციაზე.
ნათელა გრიგალაშვილი: თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფი იქნება კრეატიული, გაბედული და შესაბამისად, მომზადებულ ფოტოებსაც გამოგვიგზავნის.
გარდა კონკურსისა, მინდა, ზოგადად, ფოტოგრაფიაზეც გკითხოთ. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია ეს მედიუმი დღეს საქართველოში?
ნათელა გრიგალაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არის კონკრეტული აქტივობები, ვფიქრობ, რომ ქართული ფოტოგაფია მეტ ხელშეწყობას საჭიროებს. ფოტოგრაფიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი გზა კი ფოტოგრაფების დახმარებაა შემოქმედებით საქმიანობაში. გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოტოგრაფიის კვლევითი პროექტების ხელშეწყობასაც.
იგეგმება თუ არა KIU PHOTO CONTEST-ის შემდეგ წლებში ჩატარებაც და რა არის ის სასურველი ცვლილება/შედეგი, რომელიც ამ კონკურსმა შეიძლება მოიტანოს?
ნათელა გრიგალაშვილი: პირველ რიგში, ფოტოგრაფების ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეძლონ სასურველ თემებზე მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით, ისეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად წაახალისებს და თვითგანვითარებაზე ინტენსიური მუშაობის სურვილს გაუჩენს დამწყებ ფოტოგრაფებს.
რაც შეეხება კონკურსის მომავალს, ამ ეტაპზე დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელსაც შევძლებთ გაგრძელებას.
ბოლო შეკითხვა ჩემი რესპონდენტებისთვის ტრადიციულია: რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სცენაზე? რა მოგწონთ და, თქვენი აზრით, რა აკლია მას?
მირა გრიგალაშვილი: ჩემი აზრით, ქართული ვიზუალური ხელოვნების სფეროშიც ის კონკრეტული პრობლემებია უმთავრესი, რაც ქართულ ფოტოგრაფიაში. პირველ რიგში, არტისტებისთვის ხელშეწყობის ნაკლებობა ან არარსებობა, რაც სფეროს განვითარებას სერიოზულად აფერხებს და ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობასაც ძალიან აზარალებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი არტისტი, რომლებსაც ეს სიტუაცია არ აფრთხობთ და მაინც აგრძელებენ ბრძოლას.