fbpx

დაბრუნება „გაღიმებულ ძროხასთან“ – ინტერვიუ სანდრო ანთაძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩლაიძე

ფოტო ტასო ბეჟიტაძე

 

სანდრო ანთაძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არასდროს ჩერდება. მისი წამოწყებები ხან ამართლებს, ხან-არა, თუმცა თვლის, რომ მოძრაობა და სიახლის ძიება აუცილებელია. სანდროს, იგივე გოდორას,  ბევრი იცნობს როგორც კლუბ „კაფე გალერის“ დამფუძნებელს და მფლობელს. თუმცა მან „გალერიმდე“ ძალიან საინტერესო გზა გაიარა და მისი ისტორიები, ჯაჭვური რეაქციით, ერთმანეთთან კავშირშია. 

სანდრო, მთას და თხილამურს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში. ჩვენი საუბარიც ამ თემით დავიწყოთ.

ჩემი მშობლები არაორდინალური ხალხი იყო. მამაჩემი, ევროპული ყაიდის კაცი,  ცდილობდა, მე და ჩემი ძმა   განსხვავებული, არასაბჭოთა სტილით აღვეზარდეთ. მთის და სამთო-სათხილამურო სპორტის მიმართ სიყვარულიც მამას უკავშირდება. მთელ ზამთარს გუდაურში ვატარებდით. სათხილამურო სპორტსკოლაში არაჩვეულებრივი ტრენერები გვყავდა, რომლებიც გარდა სრიალისა, ბევრ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლიდნენ. ზოგადად, მთა და ბუნებასთან სიახლოვე ურთიერთგატანას, სიყვარულს და ბევრ ღირებულ თვისებას სძენს ადამიანს. დღესაც ვამბობ, რომ გუდაური ერთი დიდი ოჯახი იყო, სადაც ცუდი ადამიანი თითქოს ვერ ჩერდებოდა. 

 

შენ და ლადო (ლადო ანთაძე, სანდროს ძმა) სპორტსმენობას სერიოზულად უდგებოდით, რატომ ვერ შედგა თქვენი სპორტული კარიერა?

მართლაც  სერიოზულად ვეკიდებოდით სპორტს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში სათხილამურო სპორტი გაჩერდა. აღარ ტარდებოდა შეჯიბრებები, ქვეყანა ქაოსში იყო ჩაფლული… სპორტს თავი დავანებეთ, თუმცა მთასთან შელევას არ ვაპირებდით და გადავწყვიტეთ,  სწორედ ის, რაც ძალიან გვიყვარდა, ბავშვებისთვის გადაგვეცა. ასე გავხდით სამთო-სათხილამურო სპორტის ტრენერები და ჯამში, ლონდონში წასვლამდე, დაახლოებით 7 წელი დავუთმე ამ საქმეს.

 

შენი ლონდონში წასვლაც გუდაურს უკავშირდება…

უცნაური ისტორიაა… „სუხიას“ შეჯიბრებაზე მე და მალხაზ უდესიანმა ზუსტად ერთი და იგივე დრო ვაჩვენეთ და მესამე ადგილი გავიყავით. ორგანიზატორებს მესამე ადგილზე  გასულისთვის მხოლოდ ვიდეოფლეიერი ჰქონდათ  გათვალისწინებული და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, პირველი ადგილისთვის ჩაფიქრებული იყო სიურპრიზი, რომელიც ლონდონში გასამგზავრებელ  ავიაბილეთს გულისხმობდა. სხვა გზა არ იყო და სიურპრიზი მესამე ადგილის მფლობელს უნდა გადასცემოდა. დაიბადა კითხვა – რომელს? ორგანიზატორებმა კენჭის ყრა გადაწყვიტეს. უდესიანი პირველი იყო, ქუდიდან ამოქაჩა ქაღალდი და რუსულად თქვა: „не летная погода“. ასე აღმოჩნდა ჩემს ხელთ ლონდონის ორი ბილეთი.

იმ დროს  უფულოდ ვიყავი და ლონდონში უკაპიკოდ წასვლის სურვილი არ მქონდა. მივედი ავიაკომპანიაში, თუმცა მათ ბილეთები უკან არ ჩაიბარეს. გამოდიოდა, რომ ბილეთიც ფუჭდებოდა და ფულსაც ვერ ვიღებდი. წასვლა გადავწყვიტე… გამიმართლა და მეორე ბილეთი ნაცნობს მივყიდე.  500 დოლარით წავედი ლონდონში, რაც რეალურად ერთი კვირის სამყოფი ფულიც კი არ იყო.

ამბობ, რომ ხატვის დაწყებაც  ლონდონთან არის კავშირში, როგორ?

არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე სამხატვრო აკადემიაში. ხატვა მიყვარდა, თუმცა მხოლოდ  ჩემთვის ვხატავდი. ლონდონში წასვლამდე მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი და უსახსრობის გამო საჩუქარს ვერ ვყიდულობდი. ფურცელზე ფერადი, გაღიმებული ძროხა დავხატე და ვაჩუქე. ნახატმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მეგობართან მისული სტუმრები დიდ ინტერესს იჩენდნენ ჩემი ძროხის მიმართ. გამეხარდა, რომ ამ შავბნელ დროს ხალხისთვის ღიმილის მოგვრა და კარგი განწყობის შექმნა შევძელი. გავაგრძელე ხატვა და მეგობრებს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი ვაჩუქე. რადგან ნახატებმა მოწონება დაიმსახურა, ვიფიქრე, რომ რამდენიმეს ლონდონში თან წავიღებდი და უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში, ჰამბურგერში მაინც გავცვლიდი. დავხატე 20 პატარა ნახატი, ძირითადად ცხოველების გამოსახულებით, და მათთან ერთად გავემგზავრე ლონდონში. 

ლონდონში ცხოვრების შესახებ გვიამბე.

ლონდონში ძირითადად ნაცნობებთან ვცხოვრობდი. მინდოდა,  ნახატები გალერისტებისთვის მეჩვენებინა, თუმცა გამოფენაზე ან რაიმე სერიოზულ შეთავაზებაზე ფიქრი  სასაცილოდ მეჩვენებოდა. ამ დროს მოხდა ისე, რომ  მეგობარმა ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსთან მიშუამდგომლა, რომელიც უახლოეს მომავალში ქართველი მხატვრების გამოფენის გამართვას გეგმავდა. ჩემდა გასაოცრად, ნახატები მოეწონათ და გამოფენაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. წარმოუდგენელი იყო, ჩასვლისთანავე, ბურგერში გასაცვლელი ნამუშევრები ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში თუ მოხვდებოდა… 

ამასობაში მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა და მთელი დღე ბლოკების ზიდვას ვუნდებოდი. უფროსს გამოფენის დღეს სამუშაოდან გათავისუფლება ვთხოვე, თუმცა კატეგორიული უარი მივიღე. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, გამოფენაზე დროულად მისვლა იყო… კონტრასტული განცდა დამეუფლა, იმ დროს, როდესაც რომელიღაც გარეუბანში ბლოკებს ვათრევდი, ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში ჩემი ნახატები იფინებოდა. გამოფენას ჟურნალისტები, ნაღები საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსი და  საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე უნდა დასწრებოდნენ.  სიამოვნებისგან მეღიმებოდა და წუთებს ვითვლიდი… ამ ფიქრებში გართულს, დამირეკა კურატორმა და მითხრა, რომ გაუგებრობა მოხდა. გამოფენის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე დარბაზში შევიდა ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი და თქვა, რომ კარგად იცნობს ალექსანდრე ანთაძეს, რომ იგი არ არის მხატვარი, თაღლითია და მისი ნამუშევრების გამოფენა არ არის რეკომენდებული. ცხადია, არავინ ჩამოხსნიდა ჩემს ნამუშევრებს, თუმცა მთხოვეს, უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით გახსნაზე არ მივსულიყავი… ასე ჩაიარა ჩემმა პირველმა გამოფენამ უჩემოდ. 

 

ვინ იყო ის რუსი ჟურნალისტი? რა უნდოდა? რა ბედი ეწია შენს ნახატებს უშენოდ? 

გაირკვა, რომ ლონდონში კიდევ იყო ერთი ქართველი, ისიც ალექსანდრე ანთაძე და რუსი ჟურნალისტი, ალბათ პირადი მოტივებით, მასზე საშინლად იყო განაწყენებული. გამოფენაზე ყველა ჩემი „კეთილი ცხოველი“  გაიყიდა და ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო. ჯამში, ლონდონში 6 პერსონალური გამოფენა მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სულ ასე მიმართლებდა. სხვადასხვაგვარად  ვცხოვრობდი, ჩემი ნახატები ხან კარგად იყიდებოდა, ზოგჯერ კი კვლავ მუშად და ღარიბ ემიგრანტად ვიქცეოდი ხოლმე. 

 

რა გასწავლა ლონდონში ცხოვრებამ? 

ზოგადად, ბევრი რამ ვისწავლე – დროის, შრომის,  პირადი სივრცის ფასი. ლონდონში ვნახე საინტერესო საგამოფენო სივრცეები, გავეცანი სახელოვნებო წრეებს და ასევე, კლუბებს და ბარებს, სადაც ნასვამი ხალხი ერთმანეთს უღიმოდა… მახსენდებოდა თბილისი, სადაც გასართობ სივრცეებში იარაღებით და დანებით დადიოდა უმრავლესობა. თავისუფლების ფასიც ლონდონში გავიგე… მახსოვს, პირველად როგორ მივაქციე ყურადღება ჭრელ ტანსაცმელში ჩაცმულ  ახალგაზრდა კაცს, რომელიც ყურსასმენით მუსიკას უსმენდა და  ცეკვა-ცეკვით მიდიოდა ქუჩაში. იმ დროს წარმოუდგენელი იყო ასეთი ლაღი ტიპი შეგხვედროდა  თბილისის ქუჩებში. 

ლონდონში დავფიქრდი, თუ  რამდენი რამ მაქვს თბილისში, რასაც აქამდე არ ვაფასებდი. თუნდაც საკუთარი ბინა ქალაქის ცენტრში, დიდი სანაცნობო წრე, კონტაქტები… მივხვდი, რომ დაბრუნება ჯობდა და უკვე დაგროვილი გამოცდილებით თბილისში  საკუთარი საქმის წამოწყება. 

დაბრუნდი და დაიწყე…

დავბრუნდი და გადავწყვიტე,  საკუთარი გალერეა გამეხსნა. 

პირველი გალერეისთვის სივრცე პეროვსკაიაზე ვიპოვე. გამოვფინე ნახატები და ვყიდდი კიდეც, თუმცა შემოსავალი არ იყო საკმარისი. დაემთხვა ისიც, რომ თბილისში მორიგ ჯერზე სიტუაცია აირია, რუსთაველი საკნებით იყო სავსე და ნამუშევრები დიდად არ იყიდებოდა. ამ დროს ყაზახეთში მიმიწვიეს გამოფენაზე და ნახატები კარგად გაიყიდა. შემოსული თანხით გალერეას კაფე დავუმატე და სწორედ აქედან დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი.

 

შეიძლება ითქვას, რომ პირველი „კაფე-გალერეა“ კლუბის გახსნის ბიძგი იყო? 

პატარა კაფე-გალერეა ნელ-ნელა ბევრისთვის შეკრების საყვარელი ადგილი გახდა. ერთ დღესაც გალერეაში შემოვიდა ლამაზი წყვილი, ისინი ნახატით იყვნენ დაინტერესებული. ბიჭი მუსიკოსი დი ჯეი გიო ბაქანიძე  აღმოჩნდა რომლის მუსიკაც ძალიან მომწონდა. გიომ თქვა რომ მომწონს ეს ადგილიო და შემომთავაზა დაკვრა , თან  ჩემ მეგობრებსაც გავაცნობ აქაურობასო , მეც რათქმაუნდა სიამოვნებით დავთანხმდი და აი  მოვიდნენ მისი მეგობრებიც , ფერადი, მოღიმარი, თბილი და კარგი ადამიანები! გული გამინათდა და ზუსტად ის ლონდონელი ყურსასმენიანი ბიჭი გამახსენდა, რომელიც ასე ლაღად ცეკვავდა ქუჩაში!  გიოს მოჰყვნენ სხვა დიჯეები და  პატარა „კაფე გალერიდან“  დაიწყო დიდი საკლუბო ცხოვრება.

 

მალევე გრიბოედოვზე გამოჩნდა სივრცე, რომლის ქირაობაც გადავწყვიტე. ზოგადად, მახასიათებს „ვა-ბანკზე“ წასვლა და ის ფართიც, პრინციპში, რისკის ფასად ავიღე და რეალურად არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ლონდონში ვისწავლე ისიც, რომ არანაირი გადაპრანჭვა არ არის საჭირო და მინიმალური დანახარჯით შესაძლებელია გემოვნებიანი და სასიამოვნო სივრცის მოწყობა. ასეც მოვიქეცი და მალე გაიხსნა კლუბი „კაფე-გალერი“. 

“გალერიმდე” თბილისში ბევრი კარგი  “ანდერგრაუნდ “კლუბი იყო მაგრამ რატომღაც დიდი ხანი ვერ გრძელდებოდა მათი ფუნქციონირება . გალერის შემთხვევაში კი მოხდა  ერთგვარი  ფასეულობათა გადაფასების  ნაპერწკლის გაღვივება რომელიც შემდგომში დიდი საკლუბო მოძრაობის განვითარებას მიცა ბიძგი .

რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რატომ გახდა „გალერი“  წარმატებული კლუბი, ამის ჩემეული ახსნა მაქვს. როდესაც „გალერი“, როგორც კლუბი ისე ჩამოყალიბდა, ზუსტად ვიცოდი, რომ არ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორებიც მისი წინამორბედები. კარგად მახსოვს ის დისკომფორტი, რაც ახლდა ჩემს ყოფნას თბილისის კლუბებში და ისიც  ვიცოდი, რომ ეს დისკომფორტი „გალერიში“  არ უნდა მეგრძნო. დაძაბული ძველი ბიჭების მზერა და აგრესიული პუბლიკა ”გალერისთვის“ მიუღებელი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მე მარტო ვერაფერს გავხდებოდი და კლუბის სწორად წარმართვასა და მისი მიმართულების განსაზღვრაში   ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ვიოლეტა ქოლბაიას, იმდროინდელ კლუბის მენეჯერს. 

„გალერი“ მალევე გახდა სივრცე, სადაც „კაი ბიჭებიც“ მიხვდნენ, რომ კონფლიქტი და ჩხუბი უბრალოდ უხერხულია… კლუბურმა ცხოვრებამ დაჩაგრა მჩაგვრელი ტიპები და მეტიც, გააკეთილშობილა კიდეც ისინი. გაჩნდა თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა თანასწორი იყო, მათ შორის ლგბტ თემის წევრებიც. ეს იყო  თანასწორი გარემო ყველასთვის.

 

დიდი გალერიც გახსენი, თუმცა მან დიდხანს ვერ გაძლო. რა იყო ამის მიზეზი

ცოტა ხანში შესანიშნავი ქართველი დიჯეების გარდა,  უცხოელი არტისტების ჩამოყვანაზე დავიწყეთ ფიქრი . იმ დროისთვის სხვა სივრცეებში  ეწყობოდა  დიდი ივენთები, თუმცა არ იყო არანაირი სტანდარტები დაცული. მუდმივად იდგა ვენტილაციის, აკუსტიკის და საჭირო ოთახების პრობლემა. დიდი სივრცე, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, პრაქტიკულად არ არსებობდა.  სწორედ ამიტომ გავხსენით „დიდი გალერი“, სადაც მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა ამ პრობლემის გადაჭრას და უკვე სერიოზული არტისტების მასპინძლობაც შევძელით. ამ მოვლენების პარალელურად, რიყეზე გაიხსნა კლუბი „ბასიანი“, თუმცა „გალერის“  პირობები მაინც უკეთესი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ „ბასიანის“ გუნდისთვის ერთგვარი ბიძგი იყო „გალერის“ კონკურენტობა. მათ აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ სივრცე, რომელიც ჩვენსას აჯობებდა… ასე მოხდა კიდეც, როდესაც „ბასიანმა“ ადგილმდებარეობა შეიცვალა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ ახალგაზრდების გუნდის მონდომება და ნიჭი. ახალმა „ბასიანმა“ ყველა პუნქტით აჯობა „გალერის“. 

„ბასიანს“ მალევე მოჰყვა  „ხიდი“ და მაშინ მივხვდი, რომ კონკურენციას ვეღარ გავუწევდი და ჯობდა ისევ მხოლოდ „კაფე გალერის“ დავჯერებოდი. არ ვყვები ამას უარყოფით კონტექსტში, პირიქით… მათ შემხედვარე მივხვდი, რომ გაცილებით მეტი ცოდნა და ძალისხმევაა საჭირო დიდი კლუბის მართვისთვის, ვიდრე მე მქონდა. ვთვლი, რომ სწორედ „გალერიმ“  და ჯანსაღმა კონკურენციამ გააჩინა დიდი საკლუბო სცენები და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიცაა.  

საკლუბო ცხოვრების მოყვარულების რიცხვი  იმ დროისთვის  ძალიან გაიზარდა და ამან კიდევ სხვა სივრცეები წარმოქმნა, გაჩნდა ფესტივალი 4 GB, დაიბადა „მზესუმზირა“… დღეს ყველას თავისი ნიშა უჭირავს:  „მტკვარს“, „გალერის“, „ბასიანს“, „ხიდს“, „მზესუმზირას“ და ეს მხოლოდ მისასალმებელია.  

კოვიდ 19-მა რეალობა შეცვალა ყველასთვის. თქვენი სფერო კი  ერთ-ერთია, რომელიც   ყველაზე მეტად დაზარალდა. როგორ უმკლავდებით  სირთულეებს? 

რა თქმა უნდა, პანდემიამ საკლუბო ცხოვრება მოკლა და ეს ძალიან დიდი დარტყმაა. თუმცა გადავწყვიტე, რომ გულზე ხელის დაკრეფა არ არის გამოსავალი და პირველი ლოქდაუნის შემდეგ ელბაქიძის დაღმართზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში, ღია სივრცე გავხსენი, სადაც რეგულაციების დაცვით, ივენთების გამართვას ვგეგმავდით. ეს ტერიტორია მხარდაჭერის მიზნით მერიამ უსასყიდლოდ გადმოგვცა.  რამდენიმე ივენთი გავმართეთ, თუმცა მალე კოვიდმა ახალი ძალებით შემოგვიტია და სივრცე დაიხურა. შემდეგ რა იქნება, ჯერ არავინ იცის. 

 

ელბაქიძის დაღმართზე სივრცემ ვერ გაამართლა, რასაც ვერ ვიტყვით შენს ახალ გასტრონომიულ პროექტზე – „შეხვეული“.

„გალერი“ გარდა კლუბისა,  ისე მუშაობდა, როგორც კაფე და ძალიან გემრიელი მენიუც გვქონდა. გადავწყვიტე, ძველი კერძების ნაცვლად, რამე უფრო მარტივი და ახალი მომეფიქრებინა. პრინციპში, ექსპერიმენტის სახით ვცადეთ და ქართული ტრადიციული კერძების ახლებური ვერსია შევიმუშავეთ, რაც ლავაშში გახვეულ კერძებს გულისხმობს. 

ვახვევთ ყველაფერს –  ჩაქაფულიდან დაწყებული, დამთავრებული ელარჯით.  ძალიან კომფორტულია საჭმელად და ვინც გასინჯა, დამეთანხმება, რომ გემრიელია. კონცეფცია ისაა, რომ ტრადიციულ ქართულ რესტორანში შესვლის დრო და სახსრები თუ არა აქვს ადამიანს, „შეხვეული“ იდეალური ალტერნატივაა. გაცილებით ნაკლები ღირს და თან „ფასთ ფუდის“ მსგავსად, მარტივი საჭმელია.  აქცენტი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტზე გვაქვს გამახვილებული. პანდემიის პირობებში ჩვენც, სხვების მსგავსად,  მიწოდების სერვისით ვსარგებლობთ. 

პანდემიამ, ერთი მხრივ, ძალიან გაზარალა, თუმცა,  ხატვასთან დაგაბრუნა.  

პანდემიამ ამდენი მოგზაურობის შემდეგ ისევ ჩემს გაღიმებულ ძროხასთან დამაბრუნა. მივხვდი, რომ დავიღალე და ხატვაა ის, რისი კეთებაც მინდა. საბედნიეროდ, ხალხსაც უყვარს ჩემი მიამიტური ნახატები და დიდი იმედი მაქვს, ხატვით შევძლებ თავის გატანას. კლუბზე არ ვამბობ უარს, უბრალოდ აღარ ვაპირებ აქტიურად მის მართვაში მონაწილეობას. სხვა ადამიანებს გადავაბარებ და მე მისი იშვიათი სტუმარი ვიქნები. ხატვის გარდა, სხვა საქმეც მეხერხება, შემიძლია ქანდაკებაც ვცადო, ინტერიერის დიზაინი… მინდა, იმას დავუბრუნდე, რაც მართლა მიყვარს. ჩემი შვილი, ოჯახის წევრები, მთა, თხილამური, ხატვა, მეგობრების წრე… ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.