fbpx

ჯორჯ კობი – ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე ამერიკაში


გააზიარე სტატია

ისტორიაში ჯორჯ კობის სახელით შესული, წარმოშობით ქართველი,  ამერიკაში მოღვაწე  მილიონერი, გამომგონებელი და ბიზნესმენი გრიგოლ კობახიძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელთა საქმეების შესახებ საზოგადოების უმეტესობისთვის ცნობილი არ არის – ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საბჭოთა ცენზურა და რეპრესიები აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი – უახლესი ისტორიის მიმართ მწირი ინტერესი.

გრიგოლ კობახიძის, იგივე ჯორჯ კობის, გრძელი, თავგადასავლებით და წარმატებებით სავსე გზა რაჭის სოფელ თხმორში იწყება, სადაც ის მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაიბადა, 10 წლის ასაკში დატოვა  ბედის საძიებლად წასულმა და მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ამერიკაში მთავრდება, სადაც უკვე შემდგარი ბიზნესმენი, არაერთი გამოგონების ავტორი, ამერიკის “ქიმიური მრეწველობის მეფის” სტატუსით 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გრიგოლ კობახიძე, სანამ მსოფლიო აღიარებას და მსხვილ კაპიტალს დააგროვებდა, არაერთ ადგილას აღმოჩნდა: რაჭიდან, მშობლიური სოფლიდან წამოსვლის შემდეგ ის მუშაობას იწყებს ბორჯომის მინის ქარხანაში, სადაც მისი უფროსი ძმა – ლევანი უფროს მემანქანედ მუშაობდა.  აქ ოთხ წელს ჩერდება და სწავლობს ყველა ტექნოლოგიას, რასაც იმ დროს ქარხანაში იყენებდნენ და ბორჯომიდან ჯერ  ოდესის მინის ქარხანაში გადადის,  შემდეგ კრასნოდარის გუბერნიაში, მერე კი – დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში. 

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩადის, მიუნხენში სახლდება და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით ქმნის შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოს, მაგრამ აქ დიდხანს არ ჩერდება და ჯერ ლონდონში, შემდეგ კი ამერიკაში მიემგზავრება. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ დროს ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ნაწილს ჩვეული ხელობისათვის, მეპურეობისათვის მოეკიდა ხელი. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს, თუმცა ეს მხოლოდ საწყის ეტაპზე, სანამ მიხვდებოდა, რომ საკუთარი გამოცდილებით და მონდომებიც მეტიც შეეძლო და გამომგონებლის კარიერის შექმნას  დაიწყებდა. 

გრიგოლ კობახიძის გამოგონებებს შორის არის ავტომატური საწერ-კალამი,  ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა, ნაძვისხის სათამაშოები, წყალგამძლე ცემენტი და მინა-ბლოკი, რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ ცათამბჯენების მშენებლობაში. ის ამზადებდა ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის სუნამოსთვის – Prince Matchabeli და ქმნიდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში იყენებდა როგორც ამერიკა, ისე კანადა.  

“ჯორჯ მაჩაბლის” ადრეული ხანის “გვირგვინის” ფლაკონი, რომელიც ჯორჯ კობიმ დაამზადა. 1930-იანი წლებიდან ამგვარ ფლაკონებს უკვე სხვადასხვა ფერისას აწარმოებდნენ. 

ამერიკაში პირველი ქარხანა გრიგოლ კობახიძემ 1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში ააშენა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ  – The Cobi Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვ.), სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო  ცხოვრებაში. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი – 4 მილიონს. ჯორჯ კობის  60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

ჯორჯ კობისთვის, ისევე როგორც მილიონობით სხვა მეწარმისთვის, 1929 წელს დაწყებული არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა და ისტორიაში დიდი დეპრესიის სახელით შევიდა, დიდი და მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი აღმოჩნდა. 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ-ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. ჯორჯ კობიმ ახლა უკვე სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა, სადაც ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა, რაც სუნამო  Prince Matchabeli-სთვის ფლაკონების შექმნას გულისხმობდა. მაჩაბლის სუნამოებისთვის ფლაკონებს ჯორჯ კობი ნახევრად ავტომატური მეთოდით ამზადებდა, ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება  ხელით ხდებოდა.

საქმე კარგად მიდიოდა, დაუღალავი ჯორჯ კობი კი სახელმწიფო წარმოებაში ჩართვასა და მასშტაბების გაზრდაზე ოცნებობდა და აი, 1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, მან ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა საომარი შეკვეთებისთვის მინის წარმოების აღსადგენად. მოთხოვნის პასუხად  დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი, რომლითაც  როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა და დაიწყო პროდუქციის წარმოება ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. 

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვისხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. 

ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა – “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. იმის გამო, რომ სათამაშოები კანადაშიც გადიოდა, წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

დიდი გამომგონებლისა და ბიზნესმენის ცხოვრებიდან საინტერესოა მისი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნების მცდელობები – გარდა იმისა, რომ ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს ამერიკასა და ევროპაში და ეძებდა მინის წარმოების მცოდნე ქართველ სპეციალისტებს თავისი მემკვიდრეობის გადასაცემად, აქტიურად ახორციელებდა მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში, სანამ საბჭოთა რეჟიმმა  არ აგრძნობინა, რომ არასასურველი იყო მათთვის და თუ სამშობლოსთან კავშირს არ გაწყვეტდა, მას და მის საქართველოში მყოფ ნათესავებს შესაძლოა საფრთხე შექმნოდათ. 

გრიგოლ კობახიძე აღტაცებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით 1918 წელს და ფიქრობდა, რომ ერთ დღესაც სამშობლოშიც ააგებდა მინის ქარხანას. თუმცა ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში ის ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში აწყობდა ბიზნესს, გასაბჭოებულ საქართველოში კი ბოლშევიკებს მისი დაბრუნების იდეა სულაც არ მოეწონათ. 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა.  ბოლშევიკები მის დაპატიმრებას აპირებდნენ, გრიგოლ კობახიძე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო შეერთებულ შტატებში. 

როგორც ჯორჯ კობის წერილებიდან ირკვევა, მას სურდა ძმისშვილების ან ახლო ნათესავების წაყვანა ამერიკაში, მაგრამ ვერც ეს შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო, საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ, კობის კომპანიონები იტალიური წარმოშობის ძმები, ჯიმ და ჯული პაგლისები გახდნენ, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს. ჯორჯ კობის სახელით დღემდე იყიდება გასულ საუკუნეში დამზადებული  ნაძვისხის მოელვარე სათამაშოები ვინტაჟურ ონლაინმაღაზიებში და დღემდე აქვს მათ ყუთებს წარწერა – “კობი, ეს შობაა”, თუმცა ცოტამ თუ იცის ისტორია დიდი შრომისა და მონდომებისა, რომელიც რაჭის პატარა სოფლიდან წამოსულმა პატარა ბიჭმა გასწია ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.