fbpx

ლივერპული, მანჩესტერი თუ კვლავ ლესტერი?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

მანჩესტერული დერბის 83-ე წუთზე ფერნანდინიოს შორეულმა გასროლამ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტურნირის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგი ფიასკო განაპირობა, რადგან ოლე გუნარ სულშერის გუნდისთვის დარჩენილ დროში, მატჩის სცენარიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა იმ გუნდის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ზედიზედ სამი წელიწადია, ინგლისის ლიგის თასის მფლობელია. 

ტიტულის შესანარჩუნებლად „მანჩესტერ სიტის“ ფინალში „ტოტენჰემის“ დამარცხება მოუწევს. 

ამგვარად, გარდა იმისა, რომ 25 აპრილს ფეხბურთის გულშემატკივრებს პეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს მორიგი სასეირო დაპირისპირება ელით, მწვრთნელების მატჩის წინა და შემდგომი ინტერვიუებიც, არანაკლებ სახალისო (განსაკუთრებით, პორტუგალიელის) შეიძლება გამოდგეს. 

იქამდე კი ყურადღების ცენტრში FA Cup-ის ტურნირი და პრემიერლიგა იქნება, რომელიც წლეულს შარშანდლისგან სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს.  

აღსანიშნავია, რომ საახალწლო „ბოქსინგ დეი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი გუნდებიდან ყველაზე წარმატებული მანჩესტერული გუნდებისთვის გამოდგა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ორივე მატჩი მოიგო, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი, ასევე ორი მატჩის დიდი გაჭირვებით მოგებისა და ერთისაც ფრედ დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილს „ლივერპულთან“ ერთად ჩაუდგა სათავეში. 

თუმცა, ოლე გუნარ სულშერის გუნდს „ლივერპულთან“ შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და აქედან გამომდინარე, გათამაშების პოტენციური ლიდერია. 

თეორიულად „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტიმაც“ ჩამოიტოვა, რადგან ორივე გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში, ამჟამად მე-5 პოზიციაზე მყოფი პეპ გვარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აიწევს. 

ეს კი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვას ნიშნავს, რაც „მანჩესტერ სიტის“ ნამდვილად არ ესწავლება.  

როგორც ვხედავთ, სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე წარმატების ვექტორმა ლივერპულიდან მანჩესტერში გადაინაცვლა, რასაც თვით შარშანდელი ჩემპიონის ყოვლად უნიათო ასპარეზობამაც შეუწყო ხელი.

მაინც რამ განაპირობა „ლივერპულის“ საახალწლო კრიზისი? ნუთუ მისი ძირითადი მიზეზი ერთი მოთამაშე – ვირჯილ ვან დაიკია?

აბა რას უნდა მიეწეროს მერსისაიდელთა მიერ „ბოქსინგ დეის“ სამ მატჩში გატანილი ერთადერთი ბურთი ისეთ გუნდებთან დაპირისპირებებში, რომლებთანაც იურგენ კლოპის გუნდს, წესით და რიგით, სამივე უნდა მოეგო?

ეს ერთადერთი გოლი „ლივერპულმა“ „ვესტ ბრომვიჩს“ გაუტანა, რომელმაც უკანასკნელ ხუთ მატჩში „ასტონ ვილასთან“, „ლიდსთან“ და „არსენალთან“ შინ, შესაბამისად – 0:3, 0:5 და 0:4 წააგო. 

იქამდე კი იგი „ლივერპულის“ მსგავსად, გასვლაზე „მანჩესტერ სიტისაც“ ფრედ 1:1 ეთამაშა, რამაც შეთქმულების თეორიის მომხრეებს ახალი სასაუბრო თემა გაუჩინა.

„ლივერპული“ „ნიუკასლთან“ 0:0-ს დასჯერდა, ხოლო „საუთჰემპტონთან“ კი მეორე წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ, მანე-ფირმინო-სალაჰის კომპანიამ მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი საპასუხო გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონთა ლიგის პაუზის პერიოდში თითოეულ დაკარგულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შორს კი არც „ლაიპციგთან“ მერვედფინალია, რომელიც მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ, კიდევ ერთი ინგლისური გრანდისთვის სავალალოდ დასრულდეს.

წარუმატებელი „ბოქსინგ დეის“ შემდეგ, თითქმის სრული შემადგენლობით წარმოდგენილმა „ლივერპულმა“ FA Cup-ის მესამე რაუნდის შეხვედრაში „ასტონ ვილას“ იუნიორთა გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. 

მაგრამ ამ შეხვედრამაც კი გამოააშკარავა მერსისაიდელთა საკმაო შეუთამაშებლობა დაცვის და ნახევარდაცვის მოთამაშეთა შორის სამოქმედო სივრცეების გადანაწილების დროს. 

პრობლემა ნათლად გამოჩნდა, როდესაც „ასტონ ვილას“ 17 წლის ფორვარდი ლუი ბერი მოედნის ცენტრში მოწყდა მეტოქის ორ მცველს, ბურთიანად გაირბინა 20-ოდე მეტრი და კარიდან წინ გამოსული კელერის მიღმა ეფექტურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

„ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ იუნიორებთან გამარჯვებით ერთგვარად შური იძია ბირმინგემულ კლუბთან შარშან ლიგის თასზე ანგარიშით 0:5 მარცხისთვის, როდესაც თავად გამოიყვანა იუნიორების გუნდი მოედანზე, რომ აღარაფერი ვთქვათ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მასთან 2:7 წაგებაზე…

მაგრამ ამ დონეზე წარმატება „ლივერპულისთვის“ ბევრი არაფრის მომტანია. მით უმეტეს, რომ სათასო ასპარეზობა მისთვის ტრადიციულად პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

მთავარი მატჩი მერსისაიდელებს წინ აქვთ, როდესაც 17 იანვარს „ენფილდზე“ „მანჩესტერ იუნიტედის“  დაპირისპირებისას მოუწევთ თავიანთი ძალის დამტკიცება. 

მიმდინარე სეზონში არათანაბარი ასპარეზობის მიუხედავად, „ლივერპულის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აქვს. 

იურგენ კლოპის გუნდმა „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და დამატებით „ლესტერი“ დაამარცხა, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა.

მისგან განსხვავებით კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან პაექრობაში ყველაზე სუსტი შედეგი აქვს. 

სულშერის გუნდი აქამდე „ჩელსისთან“ უნიათო 0:0-ს და „ლესტერთან“ 2:2-ს დასჯერდა, „მანჩესტერ სიტისთან“ და „არსენალთან“ მან, შესაბამისად – 0:1 და 0:2 წააგო, ხოლო „ტოტენჰემთან“ კი „ოლდ ტრაფორდზე“ ანგარიშით 1:6  სამარცხვინოდ განადგურდა.

ამგვარად, „ენფილდზე“ დაპირისპირებაში, ერთი მხრივ, იურგენ კლოპის გუნდისთვის სამარცხვინო იქნება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში ასეთი სტატისტიკის მქონე გუნდის წინააღმდეგ წარუმატებლობა, მეორე მხრივ კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შერცხვეს პრემიერლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ლიდერთა ჯგუფში ყოფნა ერთ რომელიმე მეტოქესთან მაინც გამარჯვების გარეშე.

„ბოქსინგ დეი“ მობრუნების წერტილად იქცა „არსენალისთვის“, რომელმაც 2 ნოემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ მოგების შემდეგ პირველად და თანაც ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.

„მეთოფეებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „ჩელსისთან“ ანგარიშით 3:1 მოგება აღმოჩნდა. 

საინტერესოა, რომ ამ გუნდებმა როლები გაცვალეს და ამჟამად უკვე ფრენკ ლამპარდის გუნდია მძიმე მდგომარეობაში, რადგან „ბოქსინგ დეის“ უკანასკნელ მატჩში „ჩელსი“ ანალოგიური ანგარიშით „სტემფორდ ბრიჯზე“ „მანჩესტერ სიტისთანაც“ დამარცხდა. 

შედეგად კი, სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩემპიონის ტიტულის მაძიებელი გუნდი, სატურნირო ცხრილში უკვე მე-9 ადგილს იკავებს და სამი ქულითღა უსწრებს ზემოთ ხსენებულ „არსენალს“. 

სამაგიეროდ, დიდ ინტერესს იწვევს „ლესტერის“ მესამე ადგილზე ყოფნა. ბრენდონ როჯერსის გუნდმა მიმდინარე სეზონში „დიდი ექვსეულის“ სამი წარმომადგენელი – „ მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ უკვე დაამარცხა. 

რატომ არ უნდა ველოდოთ „მელიებისგან“ 2016 წლის მსგავს სიურპრიზს, როდესაც მათ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.