თბილისის “საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა” – “პერფორმანსის დღეები” და სხვა პროექტები
ავტორი: ანა გაბელაია
2020 წლის ერთ-ერთი ბოლო სახელოვნებო ღონისძიება ფესტივალი “პერფორმანსის დღეები” იყო. ფესტივალის ამ გამოშვების ფოკუსში აუდიო ხელოვნება და ხმოვანი პერფორმანსები მოექცა. პროგრამის ნაწილი ფიზიკურ, ნაწილი კი ონლაინსივრცეში განხორციელდა.
უფრო ვრცლად “პერფორმანსის დღეების” შესახებ მისი ერთ- ერთი კურატორი, ანა ჩორგოლაშვილი გვესაუბრება.
პერფორმანსის დღეები უკვე არაერთი წელია ტარდება. რა გზა გამოიარა ფესტივალმა დღემდე და როგორ შეიცვალა მისი კონცეფცია და სტრუქტურა?
ფესტივალი დაიწყო როგორც ერთი ხელოვანის ინდივიდუალური წამოწყება. კონკრეტულად, ნინო სეხნიაშვილმა, “გალერეა ნექტარის” დამაარსებელმა, შექმნა პრეცენდენტი, რომლითაც უარყო ხელოვნების ფესტივალის ფორმატში წარმოჩენა, უარყო ჩვენებებისადმი კონცეპტუალური მიდგომა, არ შექმნა სპეციალური კონცეფცია და მოიწვია ხელოვანები, რომლებიც აღიარებულები არიან საჯაროდ ან თავად აინტერესებს მათი ხელოვნება. ნინომ განსაზღვრა სახელი – “პერფორმანსის დღეები”, რომელიც საზოგადოებას ხელოვანების პერფორმანსების ინტენსიურ 2-3-დღიან პროგრამას სთავაზობს.
2019 წლიდან ფესტივალს კურატორობას უწევს სახელოვნებო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა”. იდეა იგივე რჩება, ღონისძიებას არ აქვს მკაცრად განსაზღვრული კონცეფცია და არ არის საფესტივალო ხასიათის, თუმცა თავს უყრის სხვადასხვა ხელოვანების მიერ უკვე არსებულ თუ საგანგებოდ ფესტივალისთვის შექმნილ დროისა და სივრცის სპეციფიკურ ნამუშევრებს.
2020 წელს სახელოვნებო ივენთების უდიდესმა ნაწილმა ფიზიკურიდან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. ამან ზოგ შემთხვევაში იმუშავა, ზოგში – არა. ალბათ კიდევ უფრო რთული იქნებოდა “პერფორმანსის დღეების” ონლაინსივრცეში გადატანაზე ფიქრი, რადგან ამ მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს თავისი ხანგრძლივობა აქვთ და თვისება, რომ დასრულებისთანავე ფოტო/ ვიდეოდოკუმენტაციად გადაიქცნენ. მოგვიყევით ამ გამოწვევაზე და როგორ გაუმკლავდით მას?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილი გაიმართა ონლაინსივრცეში. ჩვენ აგრეთვე ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, რომლებზეც ფიზიკური დასწრებაც იყო შესაძლებელი, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფიზიკური პერფორმანსის გამოცდილების ინტენსიური განცდის სხვა მედიაში გადატანა შესაძლებელია, ჩვენ არც გვიცდია ამის გაკეთება. ჩვენ შევეცადეთ ფიზიკური და ონლაინღონისძიებების გამიქსვით ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და შეგვეცვალა მსგავსი ღონისძიებების ხედვის პერსპექტივა.
ვიზუალური მედიის ნაცვლად აქცენტი აუდიო ხელოვნებასა და ხმოვან პერფორმანსებზე გავაკეთეთ, რადგან გვჯერა, რომ რადიო/აუდიო თუ ხმოვანი პერფორმანსის მოსმენა, ვიზუალური პროდუქციის პასიური ყურების საპირწონედ, მსმენელსა და რეპრეზენტირებულ მასალას შორის კავშირის დამყარების უფრო მეტ შესაძლებლობას ბადებს.
მოგვიყევით წლევანდელი ფესტივალის პროგრამაზე უფრო ვრცლად.
როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი პროგრამა ონლაინ და ფიზიკურ ღონისძიებებს აერთიანებდა, მათ შორის იყო რადიო პროგრამა, რომელიც სათემო რადიო თბილისის მიერ იყო ინიცირებული და საერთაშორისო რადიო კოლექტივთან – Common Waves-თან კოლაბორაციაში წარიმართა. მის ფარგლებში წარმოვადგინეთ ინტერვიუების ციკლი ადგილობრივ და უცხოელ პერფორმერ არტისტებთან და ხელოვანებთან, აგრეთვე რადიო პერფორმანსი – მთა და ხმოვანი პერფორმანსების სერია, რომელიც ინსტალაცია SHAKHTA-ში გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა პიერ ქულიბეფის და ზურა ცოფურაშვილის ფილმების ჩვენებები. ამასთანავე პერფორმანსის დღეების ფარგლებში გამოვაცხადეთ ღია კონკურსი პერფორმაციულ ინსტალაციებსა და ობიექტებზე, რომლის შედეგადაც შეიქმნა სამი ნამუშევარი – ზიზი ადამიას, დავით ბროდსკის, სანდრო სულაბერიძის და მარიამ გაბრიჭიძის ავტორობით.
პერფორმანსის დღეების ფარგლებში შეიქმნა ინსტალაცია – ფუნქციური სივრცე “SHAKHTA”, რომელიც ავტორის, დავით ბროდსკის თქმით, “უკავშირდება არაფორმალური, თვითორგანიზებული, ავტონომიური შემოქმედებითი პრაქტიკების განვითარებას.” როგორც ვიცი, ეს სივრცე ფესტივალის მერეც განაგრძობს ფუნქციონირებას…
ინსტალაცია “SHAKHTA” ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. ის მდებარეობს დოდო აბაშიძის 10 ნომერში, “თეცის” კომპლექსის მიმდებარედ და ამ კომპლექსის შემადგენელი ერთ-ერთი დანგრეული შახტის რეაბილიტაციად შეგვიძლია მოვიაზროთ.
თავად ეს კომპლექსი გამოირჩევა არქიტექტურული მრავალფეროვნებით და აერთიანებს სხვადასხვა არქიტექტურულ შრეებს, როგორიც არის მოდერნისტული, კონსტრუქტივისტული თუ სხვა ტიპის არქიტექტურა. ფესტივალის ფარგლებში SHAKHTA-ში შედგა რამდენიმე ხმოვანი პერფორმანსი ბენ ვილერის, BUSF-ის და Hundred Tapes-ის ავტორობით, რომლებიც ფესტივალის რადიო-პროგრამის ნაწილი გახლდათ.
თავად ინსტალაციის ავტორი, დავით ბროდსკი ნამუშევარს ასე ახასიათებს: “SHAKHTA არის ინსტრუმენტი, რომელზეც ადამიანები ადიან და რომელშიც ჩადიან. ის არის ყველასათვის ვისაც სურვილი აქვს სიმბოლური აქტი განახორციელოს, თავისი სათქმელი თავისუფლად გამოხატოს და მიწის ქვეშეთიდან მიწის ზევით გამოუშვას – სიტყვად, ხმად, ბგერად, მუსიკად ან პოეზიად.
ის საზოგადოებრივ სივრცეში დგას და არაფორმალური, არააკადემიური, თვითორგანიზებული, სპონტანური სოციალური შეკრებების და შემთხვევითობების ადგილია, ბარების, რესტორნების, კლუბების და სხვა მსგავსი ადგილების ალტერნატივაა. ნაკვეთზე, რომელზეც SHAKHTA დგას მიწიდან ამოდის ნახევრად დანგრეული ბეტონის ორი ნაგებობა, რომლებიც მიწისქვეშა გვირაბით ძველი თეცის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ საქვაბე სადგურს უკავშირდებიან. გორაკის პატარა ნაწილი, კონკრეტულად ის მიწის ნაკვეთი რაზეც ეს შახტები დგას საჯარო სივრცეს ეკუთვნის. ყოფილი ელექტროსადგურის შენობას და ამ გორაკზე არსებულ ნაგებობებს შორის გადის საზღვრის აღმნიშვნელი წითელი ხაზი რაც
ნამუშევრის კონტექსტის ნაწილია.”
SHAKHTA ჩვენი ორგანიზაციის (“საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა”) ერთ-ერთი პროექტის, “სათემო რადიო თბილისის” ფარგლებში კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას – იქ სხვადასხვა სახის ხმოვანი პერფორმანსები ეწყობა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა რადიოს ონლაინპლატფორმის მეშვეობით (www.common- waves.com / www.soundcloud.com/communityradiotbilisi).
17 იანვარს სწორედ SHAKHTA-ში აღვნიშნავთ ხელოვნების დაბადების დღეს, რომელსაც კანადაში დაფუძნებულ პლატფორმასთან www.artsbirthday.net/-თან ერთად ვაკეთებთ. ღონისძიების დეტალურ პროგრამას მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე publicartplatform.org და გავავრცელებთ სოციალური მედიის საშუალებით.
საინტერესოა პერფორმანსის ხელოვნების არქივი, რომელსაც თქვენს ვებგვერდზე რამდენჯერმე ახსენებთ. გვესაუბრეთ მასზე და სხვა გეგმებზეც, რომელთა განხორციელებას მომავალში აპირებთ.
ქართული პერფორმანსის არქივის შექმნა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც პროექტ – http://www.createtoconnect.eu/-ს ფარგლებში ხორციელდება. სწორედ ამ ინიციატივითა და ლალი პერტენავას ავტორობით მომზადდა ინტერვიუების ციკლი ქართველ
ხელოვანებთან, რომლებიც შეგიძლიათ მოისმინოთ “სათემო რადიო თბილისის” ვებგვერდზე.
ჩვენი სამომავლო გეგმები კვლავ “სათემო რადიო თბილისის” პროგრამასა და ფესტივალის განვითარებას უკავშირდება. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი რადიო ხელოვნების და ინოვაციების ჰაბის სივრცეში გადავიდა, სადაც უკვე დაფუძნებულ რადიო Antena-სთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის არის გეგმა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში დაფუძნებული საერთაშორისო რადიო კოლექტივის – Common Waves-ის განვითარების და შენარჩუნების შესახებ.