fbpx

სოფო ჭყონიას 5 რჩევა მოდის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად


გააზიარე სტატია


ავტორი: Kristin Marquet

 

სოფო ჭყონია Mercedes-Benz Fashion Week თბილისის დამფუძნებელია. ღონისძიება, რომელიც 2015 წელს დაარსდა და 60 %-ით დამფუძნებლის მიერ ფინანსდებოდა, ამ ეტაპზე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის მიერ აუცილებელელ ღონისძიებად მიიჩნევა. სოფო ჭყონიას ინტუიციამ და ჩანაფიქრმა, პოპულარული გაეხადა ქართული მოდა საზღვარგარეთ, საერთაშორისო სტუმრებისა და მყიდველების ტალღა გამოიწვია, და აიძულა მედია, დაინტერესებულიყო როგორც აქაური ტრენდებით, ასევე მომავალი საერთაშორისო ტალანტებით.

ინტერვიუების სერიის ფარგლებში – “5 რამ, რაც თქვენ მოდის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად გჭირდებათ” ჩვენი სოფო ჭყონიას გავესაუბრეთ.

 

დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით! შეგიძლიათ, მოგვითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდით მოდის ინდუსტრიაში?

საქართველოში დავიბადე, კინემატოგრაფიას კი ევროპასა და აშშ-ში ვსწავლობდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერული გზა კინოინდუსტრიას დაუკავშირდებოდა და, მართლაც, შევქმენი დოკუმენტური პროექტი – “ხატები და მუზები”, რომელშიც ისეთი ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: პიერ ბერჟე, მადამ კარვენი, სერჟ ლუტენსი, რიკ ოუენსი. 2010 წელს BENEXT Art და Fashion Foundation დავაფუძნე, რომლის მიზანი ხელოვნების სამყაროს მოდასთან დაკავშირება იყო. ამ დროს ჩემმა კარიერულმა გზამ მკაფიო მიმართულება მიიღო. ძნელი სათქმელია, როგორ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საქართველოში სამყაროსთვის აქამდე უცნობი შემოქმედებითი ნიჭი არსებობდა. ქვეყანას სჭირდებოდა პლატფორმა, სადაც დიზაინერებს შეეძლებოდათ განვითარება და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობის მოპოვება. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, რადგან ბევრმა არც კი იცოდა, თუ სად იყო საქართველო… ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო და დამემტკიცებინა, რომ საქართველოში დიდი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა იყო, თბილისს კი მოდის მთავარ ქალაქებს შორის ადგილის დამკვიდრება შეეძლო. მეამაყება იმის თქმა, რომ შრომისმოყვარეობისა და შესანიშნავი გუნდის წყალობით, უფრო ახლოს ვარ იმ მიზანთან, სადაც მინდა ვიყო.

 

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია, რაც კარიერის განმავლობაში თავს გადაგხდენიათ?

მას შემდეგ, რაც  ეს საქმიანობა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მომენტი იყო, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მოვლენა 2019 წელს მოხდა, როდესაც Business of Fashion-ის იმ 500 ადამიანს შორის დავსახელდი, რომლებიც გლობალური მოდის ინდუსტრიას ქმნიან. ეს იყო აღიარება, იმის დასტური, რომ  სწორ გზაზე ვდგავარ და რომ ქართული მოდა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

 

რა იყო ყველაზე სასაცილო შეცდომა, რომელიც მაშინ მოგივიდათ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდით?  რა გაკვეთილი მიიღეთ ამისგან?

დღემდე ბევრ შეცდომას ვუშვებ; კონკრეტულად არაფერი მახსენდება. ვფიქრობ, შეცდომებმა შესაძლოა, თავი იმედგაცრუებულად, უხერხულად და სულელადაც კი გვაგრძნობინოს;  თუმცა შეცდომა, ჩემი აზრით, ყოველთვის არ არის ცუდი. ეს არა მხოლოდ სწავლის პროცესის ნაწილია, არამედ ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, გვეხმარება ჩვენი პრიორიტეტების გარკვევაში. ვცდილობ, შეცდომები საკუთარი თავის გაუმჯობესების საწყის წერტილად აღვიქვა და ბოლოს შემიძლია ამ ყველაფერზე გავიცინო.

 

თქვენი აზრით, რით გამოირჩევა თქვენი კომპანია? შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამის შესახებ?

ჩვენი გუნდი საკმაოდ პატარაა და იგი ამ მოგზაურობაში დასაწყისიდანვე თან მახლავს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ ადვილია ცვლილებებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირება და კოორდინაცია. როდესაც ეს ყველაფერი დავიწყე, მათ არ ჰქონდათ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იყო ჩემი ხედვა ან რის მიღწევას ვცდილობდი. ვფიქრობ, იმ დროს არავის სჯეროდა, რომ ქართული მოდა შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ისინი მომყვებოდნენ და მენდობოდნენ. სიამაყით შემიძლია იმის თქმა, რომ მშვენიერი გუნდი მყავს და გამიმართლა, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანით ვარ გარშემორტყმული.

 

რას ურჩევდით მოდის ინდუსტრიაში თქვენს კოლეგებს, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა?

ჩემი ერთადერთი რჩევაა:  გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და გწამდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ან რას ფიქრობს ხალხი ამის შესახებ. მიჰყევით თქვენს ოცნებებს და იშრომეთ მიზნის მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. დადებით დამოკიდებულებას თქვენს გუნდში სტრესის შემცირება და საბოლოოდ პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია.

 


როგორ გამოიყენეთ თქვენი წარმატება მსოფლიოში სიკეთის დასათესად?

2014 წლამდე, თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის ოფიციალურად გახსნამდე, საქართველოში მოდა არ არსებობდა. ღონისძიებამ ადგილობრივ ნიჭიერებს საშუალება მისცა ეჩვენებინათ თავიანთი შემოქმედება და აესრულებინათ ოცნება, წარედგინათ თავიანთი კოლექციები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე მსოფლიო ბაზარზე გასვლისას. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ხაზს უსვამდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს სპარსული, ბიზანტიური თუ ოსმალური სტილების უნიკალურ შერწყმას სთავაზობდა. მოხარული ვარ, რომ ამ გრძელვადიანი პროექტის საშუალებით წვლილი შევიტანე იმაში, რომ მსოფლიოს საქართველოს მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობა აღმოეჩინა.

 

ხომ არ გაქვთ საყვარელი გამონათქვამი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო თქვენს ცხოვრებაში?

“არასოდეს თქვა არასოდეს”, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, თუ რა გელოდება მომავალში. ბევრჯერ, როდესაც შედეგის პროგნოზირებას ვცდილობდი, მოულოდნელობისგან გაკვირვებული ვრჩებოდი. ჩვენ, როგორც ადამიანებს, არ გვაქვს კონტროლი ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა მოვლენაზე და, უპირველეს ყოვლისა, არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, თუ ვინ გავხდებით 1.5 ან თუნდაც 10 წელიწადში. გზად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, ვისიამოვნო მოგზაურობით და… არასოდეს ვთქვა, არასოდეს.

 

ხომ არ ხედავთ მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ? შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ბევრი ახალი და ნიჭიერი დიზაინერის პოპულარობას ველოდები, რომლებიც ახალ შემოქმედებით ტალღას გააღვივებენ. დღესდღეობით ახალგაზრდა თაობები ძალიან მგრძნობიარენი არიან  სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული თემების მიმართ და მათი ჩვევები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სოციალური მედია მძლავრი იარაღია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ გარდამავალ პროცესში და დღეს ჩვენ ვხედავთ დიზაინერების ახალ-ახალი თაობების დაბადებას, რომლებსაც ჩვენი საუბრის მომენტშიც კი მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ.

 

რა არის “ტოპ 5 საქმე”, რაც, თქვენი აზრით, მოდის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად არის საჭირო? 

  1. მოძრაობა და ეთიკურობა. ეს ნებისმიერი მეწარმისთვის აუცილებელია, ვისაც თავის ბიზნესში წარმატების მიღწევა სურს. მნიშვნელოვანია, არასდროს დაივიწყოთ თქვენი მიზნები და ასევე დარჩეთ თქვენი ზნეობისა და ღირებულებების ერთგული.
  2. დაგეგმვა. მოდის ინდუსტრიაში უეცარი ცვლილებები ძალიან ხშირია. ცვლილებებზე სწრაფი რეაგირებისთვის მრავალჯერადი გეგმის არსებობა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმართულების არჩევაა საჭირო.
  3. პიროვნულობა. თქვენი ხასიათი და დაბრკოლებებზე რეაგირების უნარი წარმატების მიღწევას ან წარუმატებლობას განაპირობებს. მაგალითად, გასულ მაისს პანდემიის გამო მოულოდნელად მოდის კვირეულის გაუქმება მოგვიხდა. ეს არ იყო ადვილი. ყველაფერი უკვე ორგანიზებული გვქონდა, კოლექციები მზად იყო წარსადგენად, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და დარჩენილი დრო პირველი ციფრული მოდის კვირეულის დასაგეგმად გამოვიყენე, რომელიც საბოლოოდ გასული წლის ოქტომბერში თბილისში წარმატებით ჩატარდა. 
  4. იუმორის გრძნობა. იუმორი იერარქიის ყველა საფეხურზე აძლიერებს ურთიერთობებს. მას დაძაბულობის მოსახსნელად და მშვიდი, სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად ვიყენებ.  საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად არ აღვიქვამ და მჯერა, რომ გულიანი სიცილი ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც კი გვეხმარება.
  5. თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობის არსებობა წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოდის, არამედ ყველა ინდუსტრიაში. ეს არის ასპექტი, რომლის განვითარებაც შესაძლებელია დროსთან ერთად. აუცილებელია თქვენი გზავნილი ნათლად და ეფექტურად მიაწოდოთ თქვენს კოლეგებს.

 

ყველა ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ეძებს გაუმჯობესების გზებს. რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოდის ინდუსტრია განვითარდეს? მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?

ვფიქრობ, ეს იმ შემოქმედებითი დიზაინერების მეტი მხარდაჭერით უნდა მოხდეს, ვინც ახლახან დაიწყო საქმიანობა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, სადაც მოდა შედარებით ბოლოდროინდელი მოვლენაა. დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი მოდის რუკაზე, და ხშირად ყველაზე ნიჭიერებისთვის კარი დახურულია, რადგან მათ არ აქვთ დიდი სანაცნობო წრე და კავშირები. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ყველამ ერთმანეთს და ცრურწმენებს ვებრძოლოთ.

 

თქვენ დიდი გავლენის მქონე ადამიანი ხართ. რომ შეგეძლოთ დაიწყოთ მოძრაობა, რომელიც დიდ სიკეთეებს მოუტანდა ხალხის უმეტეს ნაწილს, რას გააკეთებდით?

შევქმნიდი პროგრამას, რომელიც ნაკლებად იღბლიან ადამიანებს მთელ მსოფლიოში სურსათითა და განათლებით უზრუნველყოფდა.  საქართველოში ცხოვრებამ  სიღარიბის გავლენა და შესაძლებლობების არარსებობა დამანახვა. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური განსხვავებები. ჩემი სურვილია, საზოგადოება ღირსეული ცხოვრების მისაღწევად საკმარისი საშუალებებით უზრუნველვყოთ.

 

როგორ მოგძებნოთ სოციალურ ქსელში?

ინსტაგრამი: @sofiatchkonia

 

ძალიან შთამბეჭდავი იყო, დიდი მადლობა!

ორიგინალი: https://medium.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.