fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – ქეთი მაჭავარიანი – კინორეჟისორი


გააზიარე სტატია


ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის ინტერვიუების სერიას თანამედროვე ქართულ კინოში მომუშავე ადამიანებთან. 

სერიის დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი.

ნენე კვინიკაძე: რატომაა საინტერესო რეჟისორობა?

 

ქეთი მაჭავარიანი: ალბათ იმიტომ, რომ ქმნი შენ მიერ წარმოდგენილ სამყაროს, რომელსაც მერე მაყურებელს უზიარებ. 

 

ნ. კ. მხატვრული და დოკუმენტური ფილმების თემების შერჩევისას როგორია დიფერენცირების თქვენებური მეთოდი?

 

ქ. მ. თემის შერჩევისას ერთი მეთოდია – რაც ძალიან გეხება, არ გასვენებს, რაც  გულთან ახლოსაა, იმ თემას ვირჩევ. შეიძლება დასაწყისში იდეა ჩემი არ იყოს, მაგრამ მერე, მუშაობის პროცესში, ამბავი ჩემი ხდება – ჩემი გულის ძახილს მიჰყვება.

 

ნ. კ. გაიხსენეთ პირველი კინოგადაღების პირველი დღე.

 

ქ. მ. ჩემი პირველი კინოგადაღების დღე იყო  სტუდენტური ფილმი “ყველაზე ძველი ისტორია“. გადაღების ადგილი – სამოქალაქო ომის დროს დამწვარი სასტუმრო „თბილისი“ (ახლანდელი „მერიოტი“). გადამღები ჯგუფი: ოპერატორი გიორგი შველიძე, როლებში: ნესტან-ნენე კვინიკაძე, გიორგი მასხარაშვილი, სოფო აბაშიძე.

 

 

ნ. კ. რაზეა დამოკიდებული რეჟისორის თვითდაჯერება?

 

ქ. მ. როცა ყველა დეტალი ფილმის გადაღებამდე  გავლილია, ნაგრძნობია, გადასაღებ მოედანზე თვითდაჯერება მოდის  და ეს მთელ გადამღებ ჯგუფზე გადადის. თუ მცირედი ნიუანსი გამოგრჩა ან გამოტოვე, ეს გამადიდებელი შუშის ქვეშ მოხვედრილი ქვიშის მარცვლის მსგავსად იზრდება და ანგრევს ჰარმონიას.

 

ნ. კ. როგორია ქალების გაძლიერების თქვენეული ხედვა კინოს ინსტრუმენტის გამოყენებით?

 

ქ. მ. ქალების გაძლიერების ჩემებური ხედვა? ოდესღაც, როცა ოჯახში რეჟისორობის სურვილი ხმამაღლა გამოვთქვი, მამამ მითხრა, რომ ეს არ არის ქალის პროფესია, თუმცა მერე ყოველთვის გვერდით მედგა ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე. ეს უკვე აღარ არის საქართველოში განხილვის თემა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა: ქალების მიმართ ძალადობის, განათლების დეფიციტის, მოძველებული სტერეოტიპების ბატონობის. კინოს შეუძლია ამაზე ხმამაღლა ილაპარაკოს. ზოგჯერ ერთ სიტყვას შეუძლია ადამიანს განუზომელი დახმარება გაუწიოს.

ნ. კ. ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

 

ქ. მ. ყველაზე მეტად ქართულ კინოს ფული აკლია.

 

ნ. კ. რომელი ქართველი კინორეჟისორის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ქართული კინო?

 

ქ. მ. კოტე მიქაბერიძის, მიხეილ კობახიძის, ოთარ იოსელიანის.

 

ნ. კ. ვინაა ის, ვისი არყოფნაც მსოფლიო კინოს შესამჩნევად დაეტყობოდა?

 

ქ. მ. ჩარლი ჩაპლინი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.